Accessibility links

აზარტული თამაშების ტყვეობაში (ნაწილი 1)


ავტორი: კონსტანტინე ჯოჯუა

აზარტული თამაშების ისტორია კაცობრიობის დასაბამიდან მოდის. უბრალო ნიძლავიც მათ რიცხვს ეკუთვნის. დროთა განმავლობაში აზარტული თამაშების სახეობანი დაიხვეწა და უფრო მრავალფეროვანი გახდა. მეცნიერებისა და ტექნიკის წინსვლის შედეგად, მან მიიღო დროის შესაბამისი ფორმები: დოღი, ჯვარი და ნული, ბანქო, რულეტკა, ცალხელა ავტომატი, ტოტალიზატორი და ა. შ. დღეს ინტერნეტის საშუალებით, ონლაინტოტალიზატორი და კაზინო ნებისმიერი ადამიანისათვის სახლიდან გაუსვლელად არის ხელმისაწვდომი.
ადამიანთა დიდი უმეტესობა აზარტულ ნატურას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი აზარტული თამაშებისადმი ინტერესს გარეგნულად არ გამოხატავს. სხვანაირად რითი აიხსნება ის ფაქტი, რომ მოთამაშეთა რიცხვი მსოფლიოში გეომეტრიული პროგრესიით მატულობს. საქართველოშიც ამ სენმა ეროვნულ კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია. აზარტული მოთამაშე ემსგავსება ნარკომანს, რომელიც დეპრესიაშია ჩავარდნილი, კარგავს ფულს, ოჯახს და სიცოცხლესაც კი.
თამაშისადმი დამოკიდებულ ადამიანებს განკურნებას მედიცინის თუ ექსტრასენსების დახმარებით სთავაზობენ. სინამდვილეში, თუ განიკურნება ერთი, იმავდროულად ავადდება ათი ადამიანი. რას ფიქრობენ ამ ფენომენის შესახებ მსოფლიოში განთქმული ფსიქოთერაპევტები? ამერიკელი დოქტორები ბერნი, ლოიდი, ბრილი და სახელგანთქმული ფროიდი. ორიოდე სიტყვით: „ადამიანს, ისევე, როგორც ნებისმიერ ენერგეტიკულ სისტემას, აქვს დიდი პრობლემა - მონახოს უმოკლესი გზა დაძაბულობის მოსახსნელად. ადამიანი ამისათვის ხარჯავს წლებს, და გარდა ამისა, მას გააჩნია თვისება კვლავ დააგროვოს და შეინახოს ენერგია...
„ნევროტიკული საქციელი ახასიათებს ადამიანთა მთელ მოდგმას და ეხმარება განიტვირთოს შენიღბული ფორმით მასში არსებული ძალზედ ენერგიული სურვილებისაგან. ნევროტიკული საქციელისას ენერგია იხარჯება და იფლანგება უაზროდ, რათა დაკმაყოფილდეს ძველი, შენიღბული დაძაბულობანი. ამის მაგალითებია აზარტული თამაშები, თამბაქოს მოხმარება, ნარკომანია, ლოთობა და სხვა.“ მეცნიერული თვალსაზრისიდან გამომდინარე, გამოდის, აზარტული თამაშების „მარწუხებიდან“ თავის დაღწევა თვით მოთამაშეზეა დამოკიდებული, მისი ნებისყოფის ძალაზე. დამეთანხმებით, რთული პრობლემაა.
აზარტულ თამაშებში წარმატების მისაღწევად უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. ადამიანმა ვერ მიაგნო გზებს, როგორ მიაღწიოს ამ სფეროში საწადელს, თუმცა გამალებით ეძებს და დროდადრო უმართლებს კიდეც. საბოლოოდ, სათამაშო ბიზნესთან „ჭიდილში“ ძალიან ცოტა ვინმეს თუ გაუღიმებს ფორტუნა, მაშინ როდესაც, ამ ბიზნესმა მსოფლიო დაიპყრო და იგი ფანტასტიური შემოსავლის წყაროდ იქცა. „აზარტული თამაშები - თამაში, რომელშიც მოგება მთლიანად ან მეტწილად დამოკიდებულია არა მოთამაშის ხელოვნებაზე, არამედ შემთხვევითობაზე“ (ვიკიპედია). მივედით ფორტუნის, იღბლის მცნებასთან, რომლის მნიშვნელობას ასე გამოხატავს განთქმული რომაელი ფილოსოფოსი სენეკა: „თავი აარიდეთ ყველაფერს, რაც უყვარს ბრბოს, რაც გადმოგიგდოთ შემთხვევამ! ეჭვითა და შიშით შეჩერდით ყოველგვარი შემთხვევითი კეთილდღეობის წინაშე! ცხოველებსა და თევზებს ხომ იჭერენ იმედის ტკბილ სატყუარაზე! თქვენ ფიქრობთ, ეს ფორტუნას საჩუქარია? არა, ეს მისი მზაკვრობაა...ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ თითქოს ნადავლია ჩვენი და თვითონვე ვხვდებით მსხვერპლნი. ფორტუნას დევნა უფსკრულამდე მიგვიყვანს... იგი გზას კი არ აგვიბნევს - გადაგვაყირავებს და კლდეებს მიგვანარცხებს!“
ზემოთ შევეხეთ აზარტული თამაშებით გატაცების მეცნიერულ ხედვას, თვალსაზრისს. ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ფიზიკური, მატერიალისტური სამყაროს კანონებს ექვემდებარებიან, არ იციან უხილავი სამყაროს კანონები, სულიერი შემადგენელი, და ამიტომაც, მათ შორის, შეცდომებს უშვებენ. ეს „სამყაროები“ კი ისეთ მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რომ შესაძლოა, ერთმა სიტყვამ, ერთმა თითქოს უმნიშვნელო მოქმედებამ დიდი წარმატება ან პირიქით, დიდი კატასტროფა გამოიწვიოს. ეზოთერიკული თვალსაზრისით, ადამიანის დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ ისეთივე რთული და ამოუცნობია, როგორც დროის განსაზღვრა. მართლაც, რა არის დრო? თითქოს ყველამ იცის ეს, მაგრამ სინამდვილეში არავინ იცის. დრო „შექმნა“ ღმერთმა და გასაკვირი არ არის, რომ კაცობრიობა ვერ ხსნის ამ მოვლენას, მაგრამ აზარტული თამაშები შექმნეს ადამიანებმა და გაკვირვებას იწვევს, რომ თვითონვე ვერ ხსნიან მას.
არსებობენ შედარებით იღბლიანი და უიღბლო ადამიანები. ყოველი მოთამაშისათვის არსებობს დრო, როდესაც მას გაუმართლებს და მოიგებს. ეს დროის მონაკვეთი არის ძალზედ მცირედი, ან ზოგჯერ შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი. ბიბლიიდან მეფე სოლომონის სიტყვები რომ მოვიხმოთ: „ყველაფერს თავისი დრო აქვს“. აზარტული თამაშების დაწყება, ცხადია, გულისხმობს მოქმედების დაწყებას, საერთოდ მოქმედებას. და აი, აქ შემოდის უძველესი მეცნიერება, ასტროლოგია, რომლის ძირითადი პრინციპია მოქმედებისათვის საჭირო დროის შერჩევა. აქვე შეიძლება გავიხსენოთ გენიალური ნიკოლო მაკიაველის სიტყვები: „მე ისიც მგონია, რომ ბედნიერია ის, ვისი მოქმედებაც დროის თავისებურებას ეთანხმება და ესადაგება, და ზუსტად ასევე, უბედურია ის, ვისი მოქმედებაც დროს არ შეესაბამება“.
ჩვენი მოკრძალებული მიზანია, შევეცადოთ გავერკვეთ, აქვს თუ არა ადამიანს შანსი დარჩეს საბოლოოდ გამარჯვებული აზარტულ თამაშებთან „ჭიდილში“. თუმცა, გასაგებია, რომ პასუხი უარყოფითია, და ადამიანთა დიდი უმრავლესობა ასეც იტყვის, ისევე, როგორც იტყვიან, რომ სიგარეტის მოწევა და ნარკოტიკები არის მიუღებელი ან დამღუპველი.
მიუხედავად ამისა, მაინც იბადება კითხვა: რატომ არ აქვს ადამიანს შანსი დადებითი ბალანსი ჰქონდეს აზარტულ თამაშებთან? თუ არ ჩავთვლით ძალზედ იშვიათ გამონაკლისებს, მაგალითად, დიდი ჯეკ-პოტის მოხსნას.

(იხ. გაგრძელება)

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG