Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლიჩკო საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს პოროშენკოს დაუჭერს


უკრაინელი პოლიტიკოსი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ გადაწყვიტა არ მიიღოს მონაწილეობა მაისში დანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. თავისი პარტიის, „უდარის“ ყრილობაზე გამოსვლისას, პოლიტიკოსად ქცეულმა ცნობილმა მოკრივემ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს პეტრო პოროშენკოს კანდიდატურას. ამ მილიარდერმა ბიზნესმენმა საარჩევნო კომისიაში განაცხადი შაბათს შეიტანა. კლიჩკოს თქმით, პოროშენკო საზოგადოებისგან „ყველაზე მაღალი მხარდაჭერით“ სარგებლობს. ამასთან, კლიჩკომ თავის თანაპარტიელებს აცნობა, რომ კიევის მერის პოსტზე აპირებს კენჭი იყაროს. უკრაინის პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს დანიშნა. მანამდე პარლამენტმა ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენებას დაუჭირა მხარი, სამი თვის განმავლობაში მიმდინარე ანტი-სამთავრობო გამოსვლების შემდეგ. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იულია ტიმოშენკომ - რომელიც იანუკოვიჩის მთავარი პოლიტიკური მეტოქე იყო - განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. კანდიდატებს რეგისტრირებისთვის ვადა 4 აპრილამდე აქვთ.
XS
SM
MD
LG