Accessibility links

logo-print

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური შემადგენელი


საერთაშორისო კონფერენცია: "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები"

საერთაშორისო კონფერენცია: "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები"

მიმდინარე კვირაში, 27-28 მარტს, თბილისში გაიმართა კონფერენცია ”ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები”. მისი გაცხადებული მიზანი იყო, მთავრობებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ევროკავშირთან დასაახლოებლად საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და ეკონომიკური პოლიტიკის გაცნობა.

თბილისში, საგამოფენო ცენტრ ”ექსპო ჯორჯიაში”, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით, ორდღიანი კონფერენცია და ბიზნესფორუმი ჩატარდა იმ მიზნით, რომ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ბიზნესგარემოს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებინათ და ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული წარმატებული რეფორმების გამოცდილება გაეზიარებინათ პარტნიორი სახელმწიფოებისთვის.

კონფერენციის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის განახორციელოს საჭირო რეფორმები:

”მიუხედავად იმისა, რომ არ იქნება ადვილი ევროკავშირში მოქმედი რეგულაციების საქართველოში დანერგვა, აღნიშნული პროცესი იმ სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციისათვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომლებიც სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში არიან ჩართული. ეტაპობრივად უნდა მოხდეს მათი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, რაც ხელს შეუწყობს უფრო პროგნოზირებადი ეკონომიკური და ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას”.
ეს არის, რა თქმა უნდა, უდიდესი შესაძლებლობები საქართველოს ეკონომიკისთვის, ვინაიდან ხსნის გზას ნებისმიერი ინვესტორისთვის, რომ აწარმოოს საქართველოში პროდუქცია, ასევე სერვისები და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში მიაწოდოს ევროპულ ბაზარს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე იქნება სირთულეები...

პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია რომელ რეგულაციებსა და სტანდარტებზეა საუბარი, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისას ხელისუფლების წარმომადგენლებს ასეთ რეგულაციებად ხშირად დაუსახელებიათ სურსათის უვნებლობის ან ანტიმონოპოლიური სამსახურის, ასევე შრომის კანონმდებლობის ცვლილებები. სხვადასხვა ექსპერტული შეფასებით, ახალი რეგულაციების დაწესებით ეკონომიკური ზრდის ტემპი სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე მოსალოდნელ სირთულეებზე საუბრობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც:

”ეს არის, რა თქმა უნდა, უდიდესი შესაძლებლობები საქართველოს ეკონომიკისთვის, ვინაიდან ხსნის გზას ნებისმიერი ინვესტორისთვის, რომ აწარმოოს საქართველოში პროდუქცია, ასევე სერვისები და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში მიაწოდოს ევროპულ ბაზარს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე იქნება სირთულეები, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, რა თქმა უნდა, იქნება ეკონომიკისთვის დანახარჯები მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მოუტანს უდიდეს მოგებას საქართველოს ეკონომიკას და სარგებელს”.

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ აღნიშნული სირთულეების შესახებ ნაკლებად ლაპარაკობენ მთავრობის წარმომადგენლები. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ძირითად აქცენტს ცუდსა და უკეთესს შორის არჩევანზე აკეთებს:

”ჩვენი ქვეყანა დღეს დგას მნიშვნელოვან გზაგასაყარზე. დღეს უნდა ავირჩიოთ ან ევროპული სტანდარტები, ან ჩამორჩენილი ეკონომიკა. მე მგონი, არჩევანი არ გვაქვს”.
რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ეს ევროკავშირს არასდროს არ მოუთხოვია. ესენი წავიდნენ იმ გზით, რომ იყვნენ უფრო მეტი კათოლიკეები, ვიდრე რომის პაპია, როგორც იტყვიან ხოლმე. ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს ეს პროცესი, როდესაც ჩვენ ვცდილობთ გავასწროთ მსოფლიოში ყველას რეგულირებების მიხედვით...

ამგვარი პოზიციიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებები ხორციელდება, რომლებიც, ექსპერტული შეფასებით, სულაც არ არის ევროკავშირის მოთხოვნა, ან შეიძლება ბრიუსელის ჩინოვნიკებთან დისკუსიის საგანს წარმოადგენდეს - მაგალითად, შრომის კოდექსის ზოგიერთი მუხლი, რომელთა მიღებისას ერთი წლის წინ პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა თამარ კოვზირიძემ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველომ ცვლილებები გააზრებულად უნდა მიიღოს:

”შრომის კოდექსში არის რამდენიმე ცვლილება, რომელიც არასდროს არ ყოფილა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის ნაწილი, არც საქართველოს არ ჰქონია აღებული არანაირი ვალდებულება, რომ ამ ტიპის ცვლილებები გააკეთოს შრომის კოდექსში. თუ ჩვენ იმაზე მეტს გავაკეთებთ და უჭკუოდ გავაკეთებთ, ვიდრე გვთხოვენ, და ისეთ რეგულაციებს შემოვიღებთ, რომლებიც არ გვჭირდება ჩვენი განვითარების ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება კარგი და გვაქვს ამის მაგალითებიც, როდესაც ამან განვითარებას ხელი არ შეუწყო - პირიქით, ხელი შეუშალა“.

თამარ კოვზირიძესთან ერთად ევროკავშირთან დაახლოების პროცესში საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს აკრიტიკებს კიდევ ერთი ეკონომისტი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი:

”რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ეს ევროკავშირს არასდროს არ მოუთხოვია. ესენი წავიდნენ იმ გზით, რომ იყვნენ უფრო მეტი კათოლიკეები, ვიდრე რომის პაპია, როგორც იტყვიან ხოლმე. ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს ეს პროცესი, როდესაც ჩვენ ვცდილობთ გავასწროთ მსოფლიოში ყველას რეგულირებების მიხედვით. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში არსებობს ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპაზე უკეთესი დემოკრატია სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად დავარეგულიროთ ეკონომიკა და ბიზნესი”.

გია ჯანდიერი და კიდევ სხვა ეკონომისტები ყურადღებას ამახვილებენ განხორციელებული ან განსახორციელებელი ცვლილებების მოსალოდნელი შედეგების გაანგარიშების აუცილებლობაზე.
XS
SM
MD
LG