Accessibility links

logo-print
ჩვენს პოლიტიკაში უცნაური და უგერგილო სტილი დამკვიდრდა: ყოფილი მმართველები ჭორაობის ვნებას ჰყავთ ატანილი.

ჯერ იყო და, ყოფილმა პრემიერმა გაჭორა მოქმედი პრეზიდენტი, ახლა კი ყოფილმა პრეზიდენტმა “არ დატოვა არაფერი წმინდა”. თან რა რაინდად გამოიყვანა თავი - მე მეგობარს ვტიროდი და მისი ქვრივი კი ფულს მძალავდაო. კარგი ნათქვამია, ვერაფერს იტყვი.

ამ დროს, უკრაინისა და კრემლის კონტექსტში, თითქოს მიგვავიწყდა კიდეც, რა იყო “ქართული სააკაშვილი”.

რაღაც კარგად ჩანდა აქედან, როგორ ედგა გვერდში უკრაინელებს და რა დამაჯერებლად ამხელდა კრემლის პოლიტიკას უცხოურ ტელეარხებზე, მაგრამ რად გინდა, ორიოდე დღის წინ სრული სისავსით გაგვახსენა, რატომ ვიყავით მისით ასე დაღლილები.

ღმერთო, ნეტა ეს გამაგებინა, რა ემართება “ქართულ აუდიტორიასთან შეხვედრის დროს?” “საშინაო” ორეული ხომ არ ჰყავს? თუ თავადაა “საშინაო” და საგარეოდ სხვა ჰყავს მივლენილი? რამდენადაც მარჯვე და მეტნაკლებად დახვეწილია “გარესამყაროსთან” კონტაქტის დროს, იმდენადვე გამაწითლებელი, ბანალური და ასოციალურია, როცა “მოდერნიზაციის გზიდან ამცდარი” საქართველოსთვის იწყებს გულის გადაშლას.

მგონი, ქართველ მმართველებს ჩვენი კომპლექსი აქვთ - ისინი გაუთავებლად გვიმტკიცებენ თავიანთ “სიმაგრეს”, მაგრამ მაინცდამაინც ამ დიადი შებერტყილობისა და მაგრობის დამტკიცების დროს გამოიყურებიან ყველაზე საწყლად და ტრაგი-კომიკურად.

რატომ იჭაჭებიან ჩვენთვის ასე? რატომ “ვარდებიან უსაქციელობაში”?

დამშვიდდით, თავს მიხედეთ, ვიცით, რომ უნიკალურები და განსაკუთრებული ხართ, ნუ ნერვიულობთ. ზედმეტი ხომ არაფერი ვარგა.

აგერ, გაიჭაჭენ პროკურატურაშიც და ერთდროულად ათ საქმეზე დაიბარეს ექს-პრეზიდენტი (თუ მისი საგარეო ორეული), მაგრამ მოხვდათ ცხვირში და ახლა ლამისაა სატელეფონო მესიჯებით ჩაუტარონ დაკითხვა: “გაფიცებ, გვითხარი, სად მალავ მილიონებს”.

აი, ასე ხდება, როცა პრიმიტიულად (არ მინდა ვთქვა, პრიმიტიული ინსტინქტებით) მოქმედებ.

არ შეიძლებოდა, ცოტათი მოგვეცადა და ზედმეტი ეჭვებისა და შეკითხვებისთვის აგვერიდებინა თავი? რა უფრო მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე (ხომ არსებობს პრიორიტეტები - დღეს ასე მოქცევა სჯობს, ხვალ ისე): “სამართლიანობის აღდგენა” ერთი კონკრეტული პირის მიმართ (ვგულისხმობ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს) თუ, მინიმუმ, ორასწლიანი ისტორიული სამართლიანობის აღდგნის შესაძლებლობის გაჩენა ზოგადად საქართველოსთვის?

თუ დავუფიქრდებით, ეს არაა მთლად რიტირიკული შეკითხვა.

განა იმას ვფიქრობ, ვინმე კანონზე მაღლა უნდა დადგეს-მეთქი (მძაგს ეს გაცვეთილი ფრაზა, მაგრამ ყველა ამბობს და ბარემ მეც გავიმეორებ), მაგრამ რაღა მაინცდამაინც ახლა?

ჰო, რა ვქნათ, რაც არ უნდა ნერვებს გვიშლიდეს და დამნაშავედ მიგვაჩნდეს ვინმე, ჩვენნაირი საეჭვო რეპუტაციის მქონე (დემოკრატიის მხრივ) ქვეყნების მიმართ ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ შურისძიება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმართლის დადგენა. ამიტომ, სანამ ათ საქმეზე დავიბარებდეთ ყოფილ პრეზიდენტებს, ჩვენი ისტორიის, აწმყოს, პერსპექტივისა და კონტექსტის გათვალისწინებით, ათჯერ უნდა დავფიქრდეთ და მხოლოდ მერეღა გადავდგათ თუნდაც ერთი და მოზომილი ნაბიჯი, რადგან ახლა ძალიან მცირე შეცდომის დაშვების უფლებაც არა გვაქვს.

სხვა რა ვთქვა - კიდევ კარგი, Skype არსებობს.
XS
SM
MD
LG