Accessibility links

logo-print
ორშაბათს, 24 მარტს, ევროპული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა საფრანგეთი და იქ ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე ულტრამემარჯვენე პარტიის, ეროვნული ფრონტის მიერ მიღწეული წარმატება. პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროცენტამდე ხმები დააგროვა. ზოგიერთი ჟურნალისტი წერდა, რომ ეს შედეგი მთავრობისთვის სილის გაწვნას უდრის, სხვები კი აცხადებდნენ, რომ პარტიისა და მისი ლიდერის, მარინ ლე პენის მიერ პროვინციებში მიღწეული წარმატება არ უნდა გავაზვიადოთ. საფრანგეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „ფიგარო“ 24 მარტის ნომერში წერდა: „ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ განწყობა, რომელიც 36,000 მუნიციპალიტეტში სუფევდა, დაიცავდა სოციალისტებს იმედგაცრუებისა და სიბრაზის იმ ტალღისგან, რომელიც მთელ ქვეყანასაა მოდებული. გვეუბნებოდნენ, რომ მემარჯვენე ორიენტაციის ამომრჩეველი ლიდერებს შორის ბრძოლით განიხიბლა და შინ დარჩენას ამჯობინებს. ... ეს მოსაზრებები უნდა გადაიხედოს. ვარდისფერი სათვალიდან მომზირალი წინასწარმეტყველები კიდევ ერთხელ მძიმედ შეცდნენ.... ესაა მკაცრი სასჯელი და მმართველი უმრავლესობის მკაფიო უარყოფა“.

მიმდინარე კვირაში ევროპული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა „დიდ რვიანში“ შემავალი ქვეყნების გადაწყვეტილება რუსეთს, ყირიმის ანექსირების გამო, წევრობა შეუჩერონ. ამასთან, გაუქმდა „დიდი რვიანის“ სამიტი, რომელიც ივნისში სოჭში უნდა ჩატარებულიყო. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ეს ადეკვატური რეაქციაა მოსკოვის აგრესიაზე, თუმცა იქვე გამოდიოდნენ გაფრთხილებით, რომ მოსკოვი გადაჭარბებულ იზოლაციაში არ უნდა მოექცეს. გერმანიაში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური ორიენტაციის „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ 25 მარტის ნომერში წერდა: „ბოლო კვირებში სწრაფად გავრცელდა ამბავი, რომ ბრიტანეთი ხურავს ვიზების გაცემის რამდენიმე ცენტრს. ეს ნაბიჯი მაშინვე დაუკავშირეს სანქციებს - მანამ, სანამ ბრიტანეთის საელჩო განმარტავდა, რომ ამ ამოცანას, უბრალოდ, სხვა სააგენტოს ავალებს. ...

რუსეთში ძლიერია ევროპიდან გარიყვის შიში. სახელმწიფო მედია კეთილსინდისიერად არ აშუქებს დასავლეთის პოზიციას და ამიტომ ჩვენ მკაფიო და ცხადი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ვიზების გაცემა უნდა გაიოლდეს, უნივერსიტეტებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ რუსეთიდან სტუდენტებისა და მკვლევრების მისაზიდად. ... განათლებულ, შემოქმედებით, ამბიციურ, ცნობისმოყვარე და დამოუკიდებელ მოაზროვნეებს, რომლებსაც რუსეთში საერთოდ ეჭვის თვალით უყურებენ, დასავლეთმა კარი უნდა გაუხსნას და, თუ საჭიროა, დაეხმაროს იმაში, რომ მათ პუტინს გაუძლონ. სხვა შემთხვევაში დასავლეთი რუსეთს მეორე ჯერზეც დაკარგავს“.

დასავლეთის პრესა აქტიურად აშუქებდა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ვიზიტს ბრიუსელში. ჰოლანდიაში გამომავალი ქრისტიანულ-სოციალური ორიენტაციის გამოცემა „ტრაუ“ 26 მარტის ნომერში წერდა: „როცა დახმარება გჭირდება, შენს ნამდვილ მეგობრებს მოუხმობ - მაშინაც კი, თუკი ერთმანეთი უკვე წლებია არ გინახავთ. ... ცივი ომის დასრულებისა და აღმოსავლეთით ევროკავშირის პროგრესული და მშვიდობიანი გაფართოების შემდეგ, აშშ და ევროკავშირი სხვადასხვა გზას დაადგნენ. ობამას ისეთ წინამორბედებს, როგორიც, მაგალითად, უმცროსი ჯორჯ ბუში იყო, მზერა მსოფლიოს სხვა, ცხელი წერტილებისკენ ჰქონდათ მიმართული - უწინარესად კი, საშინაო საქმეებისკენ. ეკონომიკური მოსაზრებებით, ყველა აზიას შეჰყურებდა. აშშ ამ თვალსაზრისითაც კარგავდა თავისი თვალსაწიერიდან სირთულეების მქონე ევროკავშირს. ... მაგრამ შემდეგ დაიწყო უკრაინის კრიზისი, რამაც ცივი ომის პერიოდის სამხედრო კავშირების აღდგენა გამოიწვია“.

ობამას ევროპაში ვიზიტი დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში კვირის ბოლომდე დარჩა. ბელგიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „სუარი“ 27 მარტის ნომერში დადებითად გამოეხმაურა სიტყვას, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი ბრიუსელში გამოვიდა. „ოთხშაბათ საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა დიდებული სიტყვა წარმოთქვა - ობამას გამოსვლებს შორის საუკეთესო. მან, უწინარესად, ისაუბრა ისტორიაზე, ბრძოლასა და ღირებულებებზე, რომლებიც ატლანტის ორივე მხარეს შეიქმნა და ახლა უნივერსალურ ხასიათს ატარებს. და ეს არ ყოფილა მხოლოდ ემოციური გამოსვლა. ობამამ ისაუბრა ადამიანურ ღირსებაზე, განსხვავებების პატივისცემაზე, ღიად ახსენა მიგრანტებისა და ჰომოსექსუალების ბედი, რომლებიც, როგორც ვიცით, ხშირად ხდებიან სტიგმატიზაციის მსხვერპლნი. ეს იყო ღიაობის ბრწყინვალე გაკვეთილი - მაშინ როცა ევროპაში პოპულისტები, ნაციონალისტები და ექსტრემისტები არჩევნებში პოზიციების გასამყარებლად ემზადებიან“.
XS
SM
MD
LG