Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბატკივშჩინამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად ტიმოშენკო დაასახელა


უკრაინის პარტია „ბატკივშჩინამ“ 25 მაისს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატად დაასახელა პარტიის ლიდერი, იულია ტიმოშენკო. კიევში შაბათს გამართულ პარტიის ყრილობაზე ტიმოშენკომ დელეგატებს უთხრა, გაპრეზიდენტების შემთხვევაში იმის გარანტი გავხდები, რომ ჭეშმარიტი უფლებები და მთავრობაზე რეალური გავლენა მოგეცეთო. „ვიცი, რომ თუკი ხალხს არ მივცემთ მთავრობის და პოლიტიკის ყოველდღიური კონტროლისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ვქმნით იგივე გზით სიარულის საფრთხეს - რაც საბოლოოდ მორიგი რევოლუციის საჭიროებას შექმნის. მე ვარ თქვენი გარანტი, რომ მოგეცემათ რეალური უფლებები, მთავრობაზე რეალური გავლენა, ქვეყანაში მოქმედი ყველა სტრატეგიის ფორმირებაში მონაწილეობის საშუალება - გამონაკლისის გარეშე“ - განაცხადა ტიმოშენკომ. მან მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი - განაცხადა, მას უკრაინელების დასჯა თავისუფლებისთვის ჩვენი ბრძოლის გამო სურსო. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია პოზიცია, თითქოს უკრაინამ ყირიმი დაკარგა. „ყირიმი უკრაინააო“ - განაცხადა მან. ყირიმის ნახევარკუნძულზე კონტროლი პრო-მოსკოვურად განწყობილმა ძალებმა დაამყარეს მას შემდეგ, რაც საპროტესტო გამოსვლების შედეგად დაემხო პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება. რამდენიმე კვირაში ყირიმში რეფერენდუმი ჩატარდა, რომელზეც ამომრჩეველმა უკრაინისგან გამოყოფას და რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი. ეს ნაბიჯი დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ.
XS
SM
MD
LG