Accessibility links

მიხეილ სააკაშვილის კატეგორიული უარი როგორც პროკურატურაში მისვლაზე, ისე სკაიპით ჩვენების მიცემაზე 28 მარტს, გვიან საღამოს, შეიცვალა: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, განაცხადა, სააკაშვილი დათანხმდა პასუხი გასცეს კითხვებს, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო პროცესზე, კონკრეტული საქმის არსებითი განხილვისასო. ეს 28 მარტს მოხდა. მანამდე კი, გასული სამუშაო კვირის დასაწყისში, როცა ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტი მიმდინარეობდა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებიც ესწრებოდნენ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გავრცელდა. 23 მარტს დეპარტამენტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უერთგულოს თებერვალში ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებებს, რასთან შეუსაბამოდაც მიიჩნევს სახელმწიფო დეპარტამენტი ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარ პროკურატურაში დასაკითხად დაბარებას. სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ამის გამო და იქვე შეშფოთების საფუძველზეც მიუთითებს:

„არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ გამოძიების ერთბაშად რამდენიმე საქმეზე დაწყება, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი ფიგურირებს, წარმოშობს ლეგიტიმურ შეშფოთებას პოლიტიკური ანგარიშსწორების თაობაზე - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იურიდიული და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ ისევ მყიფეა".

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის ”რჩევად” განიხილავს საქართველოს ხელისუფლება. როგორც 24 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ უთხრა ჟურნალისტებს, ვაშინგტონი საქართველოს სიფრთხილეს ურჩევს:

”აქცენტი არის სწორედ იმაზე, რომ ყველაფერი უნდა წარიმართოს სამართლიანად, გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის ფარგლებში. და სწორედ ეს არის ის, რისი გარანტიაც უნდა მივცეთ და ვაძლევთ კიდეც ჩვენ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. მთავარია, როგორ წარიმართება პროცესი, თორემ არავინ არ უარყოფს იმას, რომ კითხვებზე პასუხი უნდა იყოს გაცემული”.
მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით პროკურატურაში დაბარებას საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მიაწერენ და მიიჩნევენ, რომ ეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის საზიანოა. ექსპერტთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ უკრაინაში განვითარებული პროცესების ფონზე დასავლეთი საქართველოს მიხეილ სააკაშვილის დასაკითხად დაბარების გამო განსაკუთრებულ პრობლემებს არ შეუქმნის და ევროპული თუ რუსული არჩევანის დილემის წინაშე არ დააყენებს.
ამ პროცესების მთავარ მიზანს წარმოადგენს წინასაარჩევნოდ მაქსიმალური პოლიტიკური დაძაბულობის შექმნა და, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ შეხსენება საზოგადოებისათვის იმ პოლიტიკური შეცდომების, არაპოპულარული ქმედებების შესახებ...

10 საქმის გამო პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე 27 მარტს დაბარებული ყოფილი პრეზიდენტი პროკურატურაში არ გამოცხადდა და მიუსვლელობის მიზეზები მანადე „რუსთავი 2“-ის ეთერიდან განმარტა - თქვა, ეს ახლა რუსეთის ინტერესებშიაო. სამაგიეროდ, 27 მარტს პროკურატურის შენობასთან მივიდნენ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგეები, რომელთა შორის მომხდარი დაპირისპირება რამდენიმე აქტივისტის დაკავებით დასრულდა. დღის ბოლოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა ტექნიკური საშუალებებით დისტანციური დაკითხვა, სამშობლოში დაბრუნების გარეშე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ პროკურატურა მთავრობის პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებს. ამგვარი ეჭვების გაფანტვის აუცილებლობის შესახებ საუბრობენ მესამე სექტორის აქტიური წარმომადგენლებიც, რომელთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროკურატურამ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას, თუ რატომ წარმოიშვა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა მაინცდამაინც ახლა და როგორ მოხდა, რომ რამდენიმე საქმეზე მისი დაკითხვა ერთსა და იმავე დროს გახდა საჭირო.

ამ განცხადების ერთ-ერთი ავტორის, ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“დამფუძნებლის, იურისტ გიორგი მშვენიერაძის ვარაუდით, მიმდინარე პროცესს არაფერი აქვს საერთო სამართლის განხორციელებასთან:

„ამ პროცესების მთავარ მიზანს წარმოადგენს წინასაარჩევნოდ მაქსიმალური პოლიტიკური დაძაბულობის შექმნა და, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ შეხსენება საზოგადოებისათვის იმ პოლიტიკური შეცდომების, არაპოპულარული ქმედებების შესახებ და იმის კიდევ ერთხელ გახსენება, თუ რას აფუჭებდა წინა ხელისუფლება“.
მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა აქცია პროკურატურასთან

მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა აქცია პროკურატურასთან

ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, არგუმენტი, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, სუსტია, ვინაიდან საქართველოში ყოველი წელი საარჩევნოა, საქმეთა რაოდენობას კი რაც შეეხება, - 10 საქმეზეა საუბარი, -ხელისუფლებას ესეც ეცოტავება.

თავად მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში ჩამოუსვლელად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დაკითხვაზე უარის მიზეზი 27 მარტს უკრაინის დედაქალაქიდან კიდევ ერთხელ განმარტა და თქვა, რომ არ ენდობა გარედან მართულ პროკურატურასა და მთავრობას და არანაირი ფორმით არ აპირებს გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას. ოპონენტებს მან უკრაინისა და იულია ტიმოშენკოს მაგალითი შეახსენა:

„უკრაინისა და ქალბატონ ტიმოშენკოს მაგალითი მაინც გაითვალისწინონ. ცნობილია, რითიც მთავრდება ასეთი კამპანიები და პროკურატურის ამ სახით გამოყენება. ცუდად მთავრდება, ცუდად, ეს ჩემი რჩევაა... მით უმეტეს, იმ პროკურატურისათვის, რომელსაც მართავს კაცის კაცი, ანუ ფარცხალაძე, რომელიც ჩვეულებრივი ყაჩაღია, და მთავრობისთვის, რომელსაც ასევე მართავს კაცის კაცი... კაცის კაცი კი რა უნდა იყოს? რეალურად ქვეყანას მართავს სხვა და მთავრობის ხელმძღვანელი ჰქვია სხვას. ასე რომ, ამ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა“.
რაც შეეხება ჩემი და სააკაშვილის შეხვედრებს, ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ყველა მათგანის შინაარსი იყო ერთი და იგივე. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით გამოძიებაზე. მე შემიძლია შევაჯამო ეს შეხვედრები მიშას სიტყვებით: მიშამ მითხრა, მთხოვე, რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებეთ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე უარის თქმით საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენს, სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლები კი დასძენენ, რომ ასეთი ქცევით ის, ამავე დროს, სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაციას ეწევა:
„ის, უბრალოდ, გაურბის საგამოძიებო ორგანოს მიერ დასმულ მძიმე კითხვებს, რითაც უფრო აძლიერებს ჩვენსა და საზოგადოების ეჭვებს. მინდა დავამშვიდო შეშინებული ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ჩვენ გვესმის კარგად, რომ მას ძალიან ეშინია და ის გაურბის ამ კითხვებს, მაგრამ მე მინდა დავარწმუნო იგი და მთლიანად საზოგადოება, რომ მას, დღეს თუ ხვალ, მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა“.

გასულ კვირას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სახელი დაკავშირებული იყო კიდევ ერთ საქმესთან - ეს გახლავთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას, საქმე. 25 მარტს ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა ჟვანიას ოჯახთან ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზად დაასახელა ის, რომ გარდაცვლილი პრემიერის მეუღლე ნინო ქადაგიძე მისგან ფულს ითხოვდა. 26 მარტს ჟვანიას ოჯახის წევრებმა - მეუღლემ, დედამ და ძმამ - ყველას მოსთხოვეს გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ თემის გარშემო აჟიოტაჟის შექმნისა და პოლიტიკური სპეკულაციებისგან. ნინო ქადაგიძემ ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრების შინაარსიც განმარტა:
ნინო ქადაგიძე

ნინო ქადაგიძე

„რაც შეეხება ჩემი და სააკაშვილის შეხვედრებს, ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ყველა მათგანის შინაარსი იყო ერთი და იგივე. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით გამოძიებაზე. მე შემიძლია შევაჯამო ეს შეხვედრები მიშას სიტყვებით: მიშამ მითხრა, მთხოვე, რაც გინდა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებეთ. ეს არის მისი სიტყვები. რაც შეეხება თანხას, ერთადერთი შემთხვევა, როცა მე თანხაზე მქონდა ლაპარაკი, იყო მხოლოდ იმ კონტექსტში, როცა მე ვცდილობდი, რომ სხვა ვერსიებზეც მელაპარაკა. ერთ-ერთი ვერსია ჩემი იყო, რომ იქნებ, რადგან დაცვის უფროსმა ამოიღო ჯიბიდან გასაღები და გახსნა მისი ორივე სეიფი, იქნებ აქ იყო ადამიანური ანგარების მომენტიც. შეიძლება ეს მკვლელობა მოხდა იმის გამოც, რომ ამ ადამიანმა იქიდან რაღაცა მოიპარა. შეიძლება თანხაც ყოფილიყო. მე ვიცოდი, რომ ჩემი პირადი ნივთები, რომლებიც იყო სეიფში, იყო დაკარგული. ეს იყო სულ, თანხაზე რაც იყო ლაპარაკი“.
ძალიან სამწუხარო ინიციატივაა და იმედია, რომ მას შედეგი არ მოჰყვება. ანტიდისკრიმინაციული კანონის მოტანა ამ თემასთან აბსოლუტურად არ არის ლოგიკური...

გასული კვირის ბოლოს მწვავე და დაუყოვნებლივი კრიტიკა მოჰყვა სამოქალაქო სექტორის მხრიდან პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვის პარალელურად, კონსტიტუციაში გაიწეროს ისედაც კანონის დონეზე არსებული განმარტება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა სრულიად უადგილოდ ეჩვენა ნათია გვიანიშვილს, ”ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” პროგრამის დირექტორს. მისი თქმით, ერთი და იმავე სქესის ადამიანების დაქორწინების დაშვება საერთოდ არ დგას არავის -მათ შორის, არც ლგბტ თემის წარმომადგენელთა - დღის წესრიგში:

”ძალიან სამწუხარო ინიციატივაა და იმედია, რომ მას შედეგი არ მოჰყვება. ანტიდისკრიმინაციული კანონის მოტანა ამ თემასთან აბსოლუტურად არ არის ლოგიკური, რადგანაც კანონში ცხადად წერია, რომ ის არ წარმოშობს ახალ უფლებებს არავისთვის და საქართველოს კანონმდებლობა ისევე განსაზღვრავს ქორწინებას ისე, როგორც განსაზღვრავს. ანუ ჩვენ, ფაქტობრივად, ამით საზოგადოებაში განვითარებისთვის და აზრის ცვლილებისთვის წინასწარ ვკეტავთ გზას”.

”ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენლის თამთა მიქელაძის თქმით კი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა - საკონსტიტუციო დონეზე დადასტურდეს, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობა შეიძლება იყოს, არის ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის გულის მოგების კიდევ ერთ მცდელობა.

გასულ კვირაში საქართველოს შინაგანი ჯარების ყოფილმა სარდალმა გენერალმა გოგი თათუხაშვილმა შვილის გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და მთავარ პროკურატურას დააკისრა. ლაპარაკია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე შალვა თათუხაშვილზე, რომელიც 2014 წლის 24 თებერვალს თბილისის პროკურატურაში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის მტკიცებით, მძიმედ დაავადებული შალვა თათუხაშვილი გატაცებული ჰყავდათ რამდენიმე დღის განმავლობაში და მასზე მძიმე ფიზიკურ-ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეღლე ანი ნადარეიშვილი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG