Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ადგილობრივ არჩევნებზე ძალადობის შემთხვევები იყო


თურქეთში მიმდინარე ადგილობრივ არჩევნებზე მეტოქე პარტიების მომხრეებს შორის შეტაკებები მოხდა, რასაც სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. მათგან ოთხი ადამიანის სიკვდილის ცნობა გავრცელდა ძირითადად ქურთებით დასახლებული სამხრეთ-აღმოსავლეთის ერთ-ერთი სოფლიდან. ორი ადამიანი კი სირიასთან საზღვრის ახლოს მდებარე პროვინციაში დაიღუპა. ადგილობრივ არჩევნებს მიიჩნევენ ერთგვარ ტესტად პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის სამართლისა და განვითარების პარტიის პოპულარობის გამოსავლენად. რეგისტრირებულია 52 მილიონამდე ამომრჩეველი, კენჭს იყრის ექვსი მსხვილი პარტია. ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს ცენტრისტული რესპუბლიკური პარტია, რომელიც ერდოანის კონსერვატიულ პარტიას ძლიერ მეტოქეობას უწევს ანკარასა და სტამბოლში. ერდოანის პარტია ბოლო ხანებში კორუფციასთან დაკავშირებულ სკანდალებში გაეხვა. მედიაში გაჟონილი აუდიოჩანაწერები მიუთითებს მთავრობის რიგებში ელიტური კორუფციისა და ავტორიტარიზმის არსებობაზე. გასულ კვირაში მთავრობამ ინტერნეტის მუშაობა შეზღუდა - დაბლოკა იუტუბი და ტვიტერი - რასაც მწვავე საერთაშორისო კრიტიკა მოყვა.
XS
SM
MD
LG