Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: ამომრჩევლის ნებას პატივი უნდა ვცეთ


თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი ქვეყანაში მიმდინარე ადგილობრივი არჩევნების ფონზე გამოვიდა განცხადებით, რომ ამომრჩევლის ნება დაცული უნდა იყოს. ამ კენჭისყრას მიიჩნევენ ერთგვარ ტესტად, რომელმაც ერდოანის სამართლისა და განვითარების პარტიის პოპულარობა უნდა გამოავლინოს. რეგისტრირებულია 52 მილიონამდე ამომრჩეველი, კენჭს იყრიდა ექვსი მსხვილი პარტია. კენჭისყრას თან ახლდა ძალადობის შემთხვევები - მეტოქე პარტიების მხარდამჭერებს შორის შეტაკებებს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. მათგან ოთხი ადამიანის სიკვდილის ცნობა გავრცელდა ძირითადად ქურთებით დასახლებული სამხრეთ-აღმოსავლეთის ერთ-ერთი სოფლიდან, ორი ადამიანი კი სირიასთან საზღვრის ახლოს მდებარე პროვინციაში დაიღუპა. ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს ცენტრისტული რესპუბლიკური პარტია, რომელიც ერდოანის კონსერვატიულ პარტიას ძლიერ მეტოქეობას უწევს ანკარასა და სტამბოლში. ერდოანის პარტია ბოლო ხანებში კორუფციასთან დაკავშირებულ სკანდალებში გაეხვა. მედიაში გაჟონილი აუდიოჩანაწერები მიუთითებს მთავრობის რიგებში ელიტური კორუფციისა და ავტორიტარიზმის არსებობაზე. გასულ კვირაში მთავრობამ ინტერნეტის მუშაობა შეზღუდა - დაბლოკა იუტუბი და ტვიტერი - რასაც მწვავე საერთაშორისო კრიტიკა მოყვა.
XS
SM
MD
LG