Accessibility links

logo-print

კერი და ლავროვი უკრაინის შესახებ ოთხი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, უკრაინის კრიზისის თაობაზე ოთხსაათიანი და, მისი თქმით, გულწრფელი მოლაპარაკება გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან. კერის თქმით, ის და ლავროვი თანხმდებიან, რომ კრიზისის განმუხტვის საუკეთესო გზა დიპლომატიაზე გადის. ამასთან, კერის განცხადებით, უკრაინელების მონაწილეობის გარეშე უკრაინის თაობაზე გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. სახელმწიფო მდივნის თანახმად, მან ლავროვს მკაფიოდ უთხრა, რომ ყირიმში რუსეთის ნაბიჯებს აშშ უკანონოდ და არალეგიტიმურად მიიჩნევს. ამასთან, კერიმ თქვა, რომ ლავროვს აცნობა აშშ-ის „ძლიერი შეშფოთების“ შესახებ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნის თაობაზე, რაც შიშის და ზეწოლის კლიმატს ქმნის. ლავროვმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკრაინა ფედერაციის სახით უნდა იყოს გაერთიანებული, რაც მის რეგიონებს ფართო ავტონომიას მისცემდა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის აღმოსავლეთის საზღვართან რუსეთის ათი ათასობით სამხედრო რჩება დისლოცირებული, ლავროვმა შაბათს განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინაში შეჭრას.
XS
SM
MD
LG