Accessibility links

logo-print
„მწვანე კედელი“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ქარსაცავი ზოლების აღდგენას ითვალისწინებს. პროექტი, რომელსაც ფინანსურად „ნიდერლანდების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ დაუჭირა მხარი, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა მიერ მომზადდა. აქციაში გორის, ქუთაისისა და თელავის დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულებმა მიიღეს მონაწილეობა. წინასწარ დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში, მათ არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საჯარო სკოლების, უნივერსიტეტების, საბავშვო ბაღების, ბიზნესსექტორის, სამინისტროებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეუერთდნენ. რამდენიმე ასეული ადამიანი კარალეთ-ძევერისა და ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გავიდა. დაახლოებით ერთ საათში აკაციისა და ჭადრის 700-მდე ნერგი დაირგო. აქციის მონაწილეებთან გორი-ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) მივიდა. მისი აზრით, ხის დარგვა ნებისმიერი ადამიანის ბუნებრივი სურვილი უნდა იყოს.

საქართველოში ქარსაცავი ზოლების 70 პროცენტი გაჩეხილია, რაც, პირველ რიგში, ზიანს სოფლის მეურნეობას აყენებს და პრობლემებს ქმნის ეკოლოგიური თვალსაზრისით. ეკოლოგიის სპეციალისტი თამარ ბაგრატია მიიჩნევს, რომ „მწვანე კედლის“ მაგალითი საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც მისაბაძი უნდა გახდეს.

აქციის მსვლელობის დროს განსაკუთრებით ახალგაზრდები აქტიურობდნენ - ხალისით რგავდნენ ნერგებს და ადგილობრივ მოსახლეობას მომავალში მათ მორწყვას სთხოვდნენ.

ქარსაცავი ზოლების აღდგენა და მოვლა-პატრონობის ხელშეწყობის ადვოკატირება - ეს იყო პროექტის მთავარი მიზანი. ნიმდის ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია მზად არის მომავალში მსგავს პროექტებს მხარი დაუჭიროს.

ხეების დარგვის აქციამდე, პროექტის ფარგლებში, გორში არაერთი ღონისძიება ჩატარდა. მოხდა საჯარო განხილვები, შეხვედრები მოსახლეობასთან, თემის ექსპერტებთან, სამინისტროების წარმომადგენლებთან. შეიქმნა სპეციალური კომისია და აღიწერა დაზიანებული ქარსაცავი ზოლები. 700 ნერგი არასაკმარისი აღმოჩნდა ქარსაცავი ზოლების სრულად აღდგენისთვის, ამიტომ დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულები მომავალშიც აპირებენ ამ მიმართულებით მუშაობას.
XS
SM
MD
LG