Accessibility links

logo-print

ტუვალუმ უარი თქვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე


საქართველომ და ტუვალუმ დაამყარეს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები. ოქმს ხელი მოაწერა ტუვალუს გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა, შრომის და ვაჭრობის მინისტრმა ტაუკელინა ფინიკასომ, ხოლო საქართველოს მხრიდან - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

საქართველომ და ტუვალუმ დაამყარეს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები. ოქმს ხელი მოაწერა ტუვალუს გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა, შრომის და ვაჭრობის მინისტრმა ტაუკელინა ფინიკასომ, ხოლო საქართველოს მხრიდან - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

ტუვალუს ახალმა მთავრობამ უკან წაიღო წინამორბედის მიერ 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების თაობაზე. შედეგად, რუსეთის თანამოაზრედ ამ საქმეში რჩება მხოლოდ 3 ქვეყანა: ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. რის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები, რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული ქვეყნის პოზიცია საქართველოსთვის და რამდენად იმედისმომცემია შექმნილი სიტუაცია?

საქართველოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების ოქმს ტუვალუს მთავრობის სახელით ხელი მოაწერა გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა, შრომისა და ვაჭრობის მინისტრმა ტაუკელინა ფინიკასომ. 31 მარტს თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ტუვალუელმა მინისტრმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის თვალში საქართველოს საზღვრები უცვლელია:

”ტუვალუს მთავრობა სრულად აღიარებს საქართველოს საზღვრებს, რაც საერთაშორისო დონეზეა დადასტურებული, და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ასევე მოიცავს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს”.

იმ ფაქტს, რომ ტუვალუს ხელისუფლებამ შეცვალა მიდგომა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის სტატუსის მიმართ, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის გამოხატულებად მიიჩნევს საგარეო საქმეთა სამინისტრო. როგორც მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა 31 მარტს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, მოვლენები კანონზომიერად ვითარდება:

”დღევანდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ძალადობრივი თუ სხვა უკანონო გზით, არის მხოლოდ და მხოლოდ დროებითი მოვლენა. საბოლოო ჯამში, საერთაშორისო სამართალი და არსებული წესრიგი იმდენად მყარია, რომ შესაბამის გარემო პირობებში სამართლიანობასა და მშვიდობას აქვს ხელახალი თვითდამკვიდრების უნარი”.
ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი პოზიციის გასამყარებლად კიდევ ერთი პოზიციაშეცვლილი ქვეყანა არის მნიშვნელოვანი. საერთაშორისო სამართალში არანაირი განსხვავება არ არის, ქვეყანას 10 ათასი მოსახლე ჰყავს თუ 100 მილიონი...

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება ტუვალუმ მას შემდეგ შეცვალა, რაც სიდიდით მსოფლიოს მეოთხე ყველაზე პატარა სახელმწიფოში (წყნარი ოკეანის ამ ერთი ბეწო ქვეყნის ფართობი 26 კმ²-ს არ აღემატება, ხოლო მოსახლეობას, სხვადასხვა წყაროს ცნობით, მაქსიმუმ 13 ათასი ადამიანი შეადგენს) ხელისუფლება შეიცვალა. რუსეთის თანამოაზრეთა ბანაკიდან ტუვალუს გამოთიშვას ქართული დიპლომატიის წარმატებად მიიჩნევს საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე სერგი კაპანაძე. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სასიხარულო ფაქტია, როდესაც საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით წამოწყებულ საქმეში რუსეთის თანამოაზრეთა რიცხვი მცირდება:

”ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი პოზიციის გასამყარებლად კიდევ ერთი პოზიციაშეცვლილი ქვეყანა არის მნიშვნელოვანი. საერთაშორისო სამართალში არანაირი განსხვავება არ არის, ქვეყანას 10 ათასი მოსახლე ჰყავს თუ 100 მილიონი. ბუნებრივია, თავისი გავლენით თუ წონით ეს ქვეყანა შესაძლოა არ იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დონის ქვეყანა, მაგრამ ეს ქვეყანა მნიშვნელოვანია თავის რეგიონში და ეს არის ქვეყანა, რომლის პოზიცია, როგორც საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი სუბიექტისა, არის ძალიან მნიშვნელოვანი”.

რუსეთის ბანაკს ტუვალუმდე წყნარი ოკეანის კიდევ ერთი სახელმწიფო - ვანუატუ - გამოაკლდა. მართალია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერები ამბობდნენ, ვანუატუს, რომელმაც რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია აღიარების საკითხთან მიმართებით, ჩვენთვის არაფერი შეუტყობინებიაო, მაგრამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის 12 ივლისს ნიუ-იორკში ხელი მოეწერა ოქმს საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე, სადაც არის ჩანაწერი, რომ ვანუატუ პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

საქართველოს ორი რეგიონი დამოუკიდებელ ქვეყნებად რუსეთმა აღიარა 2008 წლის 26 აგვისტოს - საქართველოსთან ომისა და ამ რეგიონების ოკუპაციის შემდეგ. ბანაკში, სადაც რუსეთის პოზიციას იზიარებენ, ამ ეტაპზე მხოლოდ სამი სახელმწიფო რჩება: ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ამ სახელმწიფოებმა აღიარება-არაღიარების თემა სარგებლის მისაღებად გამოიყენეს. ასე მაგალითად: ვენესუელაში, აღიარების შემდეგ, რუსეთმა ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო ნაურუმ და ნიკარაგუამ გვარიანი სარგებელი - მრავალმილიონიანი დახმარება - მიიღეს.

ვაჭრობს თუ არა და რა სახით ვაჭრობს ამ თემით ტუვალუ? ამ შეკითხვებზე ღია და ზუსტი პასუხი, ცხადია, არ არსებობს, თუმცა 31 მარტს გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა, შრომისა და ვაჭრობის მინისტრმა ტაუკელინა ფინიკასომ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი მემორანდუმი გულისხმობს პროექტების განხორციელებას ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებებით და რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა შედგება სფეროებში, რომლებშიც ტუვალუ, როგორც სახელმწიფო, საქართველოსთან თანამშრომლობას მოინდომებს.
XS
SM
MD
LG