Accessibility links

„კოალიციის წევრები სიებს ისე ვადგენთ, რომ გაერთიანების დაშლას არ გამოიწვევს“ - ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან, რესპუბლიკური პარტიის წევრ ლევან ბერძენიშვილთან გაზეთ „ვერსია“-ში წაიკითხავთ. ინტერვიუს თანახმად, კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესში პრობლემები არ არსებობს, ხოლო თუ ვინმე ხელისუფლებაზე კრიტიკულად საუბრობს, მათ შორის, გუბაზ სანიკიძე, ნორმალურია. კითხვაზე კი, თუ პარტიების ლიდერები სხვადასხვა პოზიციებზე არიან, რა აერთიანებთ კოალიციაში, ლევან ბერძენიშვილი პასუხობს:“ჩვენ საერთო პროგრამა გვაქვს, რომელსაც ხელი ერთობლივად მოვაწერეთ და დეკლარირებული ამოცანებით არჩევნებზე ერთად გავდივართ. თვითმმართველობის არჩევნებში კი აუცილებლად გავიმარჯვებთ, ამას გამოკითხვებიც მოწმობს“. ლევან ბერძენიშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციას ურჩევს წინასაარჩევნოდ გაერთიანდეს და არჩევნებში საერთო კანდიდატი დაასახელონ. „ეს ნაბიჯი მათ „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ადგილიდან ჩამოგდების შესაძლებლობას მისცემდა, მაგრამ ფაქტია, პარტიებს გაერთიანება უჭირთ“, -უთხრა ლევან ბერძენიშვილმა გაზეთ „ვერსიას.“

„პოლიტპატიმრები მანანა კობახიძის გადადგომას მოითხოვენ და მობილიზაციას აცხადებენ“ - პოლიტპატიმართა მოთხოვნებსა და პრეტენზიებზე კი „ალია“ მიხეილ ცილიკიშვილს ესაუბრა. „დარწმუნებული ვარ პარლამენტარები ნანობენ ჩვენს პოლიტპატიმრებად ქცევას, იმიტომ, რომ დიდი ჭირი აიკიდეს ჩვენი სახით...ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი გაპოლიტპატიმრება მიზანმიმართული თემა იყო, რათა ევროპისთვის დაენახვებინათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ეს იყო რეჟიმი და რომ ამ რეჟიმს 200-მდე პოლიტპატიმარი ჰყავდა. ეს ახალ ხელისუფლებას პოლიტიკური ქულებისთვის სჭირდებოდა და ჩვენ გამოგვიყენა ამ თამაშში“, - უთხრა მიხეილ ცილიკიშვილმა „ალიას“. ინტერვიუში აღნიშნულია, რომ პოლიტპატიმრების საპროტესტო აქციები მათი საქმეების გადახედვისა და საქმეების გამყალბებელი პროკურორების, მოსამართლეებისა და გამომძიებლების უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით გაგრძელდება.

„ცხინვალმა ადგილობრივ არასამთავრობოებსაც მავთულხლართი გაუვლო“ - გაზეთ „რეზონანსის“ თანახმად, ცხინვალი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოელი დონორების მიერ ფინანსდებიან, ცალკე რეესტრს სთავაზობს და განსაკუთრებულ წესებსაც უქმნის. კერძოდ, “ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, უფრო მეტ ანგარიშს წარადგენენ, ვიდრე სხვა არასამთავრობოები. გარდა ამისა, ორგანიზაცია, რომელიც უცხოელი აგენტის ფუნქციებს ასრულებს, ვალდებულია თავისი საბანკო მოქმედებები სამხრეთ ოსეთის საბანკო დაწესებულებებიდან განახორციელოს“, - აღნიშნულია კანონპროექტში, რომლის ახალი რედაქცია დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე უკვე მიიღეს. თბილისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-ოსური ფორუმის“ წარმომადგენელი თემურ არბოლიშვილი „რეზონანსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს კანონპროექტი სამხრეთ ოსეთში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მკვეთრად დაბლოკავს. მისი აზრით, ზოგადად ამ კანონის მიღება მოსალოდნელი იყო იმიტომ, რომ მსგავსი კანონი მიღებულია რუსეთში. რუსეთიდან კი, მისი თქმით, ყველაფრის კალკირება ხდება ცხინვალში, სადაც სურთ მეტი კონტროლი დაუწესონ სამოქალაქო აქტივისტებს და იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ქართულ-ოსურ დიალოგებში.

„გოგონათა გასხვისება ცხოველების სანაცვლოდ - 16 წლის გოგო 45 წლის კაცზე 10 ძროხად გაათხოვეს“ - წაიკითხავთ გაზეთ „ ახალ თაობაში“ სტატიას, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოამზადა. სტატიის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე განათლების მიღება 7 367-მა გოგონამ შეწყვიტა. სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გოგონათა მიერ სკოლის მიტოვების ძირითადი მიზეზი გათხოვებაა. „ახალ თაობაში“ წაიკითხავთ, რომ განათლების შეწყვეტის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქვემო ქართლის რეგიონში, ასევე კახეთში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლებში - კაბალში, ყარაჯალასა და იორმუღანლოში.
XS
SM
MD
LG