Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტზე


საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს. ნუგზარ წიკლაურმა, რომელსაც სახესა და სხეულზე ტრავმები აქვს, დღეს ჟურნალისტებს უამბო, რომ ღამის სამი საათისთვის სახლთან სამი ავტომანქანით დახვდა შვიდი-რვა ადამიანი. დეპუტატის ცნობითვე, თავდამსხმელებთან, რომელთა ამოცანა იყო ავტომანქანაში მისი ძალით ჩასმა, ფიზიკური დაპირისპირება დაახლოებით ორ წუთს გაგრძელდა და მას შემდეგ, რაც მიზანს ვერ მაიღწიეს, ორჯერ ელექტროშოკი გამოიყენეს. ნუგზარ წუკლაურზე თავდასხმის გამო გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში ნაციონალური მოძრაობა აღნიშნავს, რომ რვა თავდამსხმელი
მოქმედებდა დისციპლინირებულად და თავდასხმის ადგილი ორგანიზებულად დატოვა, რაც პარტიის შეფასებითვე მიუთითებს, რომ „უდიდესი ალბათობით, ისინი იყვნენ სპეცსამსახურის თანამშრომლები და დავალებას ასრულებდნენ.“ ყოფილი მმართველი პარტია მის წევრზე თავდასხმას იმით ხსნის, რომ ნუგზარ წიკლაური საქართველოს დღევანდელ მთავრობას მწვავედ აკრიტიკებს. თავდასხმის გამო ნაციონალურმა მოძრაობამ პასუხისმგებლობა დააკისრა მთავრობას და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც დე ფაქტო მმართველად მიიჩნევს. თბილისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ხელისუფლებას მიმართა, ნუ შეეცდება ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმა რაიმე კონფლიქტს დაუკავშიროს, რადგან მსგავსი არაფერი მომხდარა. ბაქრაძის განცხადებითვე, „როგორც ჩანს, ოპოზიციასთან ბრძოლა გადადის ახალ ეტაპზე, როცა კრიტიკული აზრის გამოთქმა უკავშირდება ფიზიკური არსებობის რისკს.“ უმცირესობის ლიდერმა ხელისუფლებას მოუწოდა საქმე უსწრაფესად გამოიძიოს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, გამოძიება პირადად გააკონტროლოს.
XS
SM
MD
LG