Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელოვნება (არ) მართავს


1982 წელს XX საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა ხელოვანმა, იოზეფ ბოისმა წარადგინა თავისი ბოლო დიდი პროექტი, რომელიც შვიდი ათასი მუხის ნერგის დარგვას ითვალისწინებდა. ამ არტპროექტის ადგილად შეირჩა გერმანიის ქალაქი კასელი, სადაც 1955 წლიდან თავად ბოისის თანამონაწილეობით დაარსებული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტფესტივალი „დოკუმენტა“ ტარდება. ბოისმა თავის ამ გიგანტურ პროექტს Stadtverwaldung statt Stadtverwaltung დაარქვა, რაც ქართულად რომ ვთარგმნოთ, „ქალაქის გატყევება ქალაქის მართვის ნაცვლად“ გამოვა. Stadtverwaldung ბოისის გამოგონილი სიტყვაა, რომელიც სიტყვის თამაშითაა ნაწარმოები არსებულ ტერმინ Stadtverwaltung-ისგან, რაც ქალაქის მმართველობას ნიშნავს. ბოისის განმარტებით, ეს უნდა ყოფილიყო ხელოვნების მეშვეობით ბუნების ინტერვენცია ქალაქში, რაც მიზნად ურბანული სივრცის თვისებრივ გარდაქმნას ისახავდა. ამისათვის ხელოვნება უნდა შეჭრილიყო პოლიტიკურ სივრცეში და მმართველობა „გატყევებით“ შეეცვალა. ხელოვნების სუბვერსიულობა, მისი დამამხობელი ბუნება სწორედ ამ სახის ჩანაცვლებაში მჟღავნდება: ძალაუფლებისა და მართვის უსულო მექანიზმების ადგილს ცოცხალი ორგანიზმი, ვეგეტაცია იკავებს.

ხელოვნება არ მართავს. ხელოვნების დანიშნულება არაა მართვა-გამგეობა და ხელმძღვანელობა. ხელოვნება მმართველთათვის და სამართავად არ იქმნება. იქ, სადაც მართავენ და იმართებიან, ხელოვნებას არაფერი ესაქმება, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვნებას მხოლოდ განსაზღვრული სივრცე და ტერიტორია ჰქონდეს, საიდანაც მას გასვლის უფლება არ ექნებოდა. პირიქით, ის იმდენად არის სუვერენული, რამდენადაც ტერიტორიებისგან დამოუკიდებლად არსებობს და ერთ რომელიმე კულტურულ, პოლიტიკურ, ეთნიკურ თუ სოციალურ სივრცეზე არაა მიბმული; ის ყველგანაა და, ამავე დროს, არსად. თუ ხელოვნება ერთ სივრცეში შესახლდა და დამკვიდრდა, ის კარგავს თავის სიცოცხლისუნარიანობას და, უკეთეს შემთხვევაში, უსულო სამომხმარებლო საგნად გადაიქცევა, რომელსაც მმართველები შეიძენენ და საკუთარ სამმართველოებს მორთავენ საკუთარი ძალაუფლების და ყოვლისშემძლეობის ნიშნად; უარეს შემთხვევაში კი თავად გადაიქცევა მართვის და მანიპულაციის იარაღად.

ხელოვნების „ძალაუფლება“ ძალაუფლების არქონა და მისი არსაჭიროებაა. ძალაუფლება ძალაზე, ძალის გამოყენებაზე, ძალადობაზე ლეგიტიმური უფლებაა. ესაა უფლება, მართო სხვები და მათ სამართავად გამოიყენო ძალა, რომელიც მმართველს სხვების მართვით ეძლევა, როდესაც რაღაც, რაც მას საკუთარი უნარებითა თუ გამბედაობით არ გააჩნია, სხვებზე ძალის გამოყენების უფლებით იღებს. ამდენად, მმართველის ძალა სხვისი ძალაა, იმათი, ვინც მას ამ ძალას ანიჭებს მათზე ძალადობის უფლებით. შესაბამისად, ძალაუფლება „დამიწებულია“ და მისი გავრცელების რადიუსი შემოსაზღვრული. ის მამრ ცხოველს ჰგავს, რომელიც, როდესაც ჯოგის მეთაური ხდება, თავის სამფლობელოს, საკუთარი პირველობის გავრცელების არეალს მოშარდვით მონიშნავს და შემდეგ თავისი შარდის სუნით შემოსაზღვრულ სივრცეს იცავს, რათა მასზე დაქვემდებარებული ჯოგის სხვა წევრებზე ძალადობაში არავინ შეეცილოს. შარდის სუნი მმართველობის პირველსახეა, მისი მატერიალური დასტური და რამდენი სუნამოთი თუ ნელსაცხებლითაც უნდა აპატიოსნო, ძალაუფლების და მართვის პრინციპი უცვლელი დარჩება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დემოკრატიულ მმართველობაში ადამიანები თავად ირჩევენ შარდის სუნს.

მართვა-გამგეობისგან განსხვავებით, რომელიც თავისი გავრცელების არეალითაა შემოსაზღვრული და სამართავ ობიექტებზე დამოკიდებული, ხელოვნება თავად ირჩევს სივრცეებს, სადაც ის დაუპატიჟებლად შეიჭრება და თუნდაც მცირე დროით ძალაუფლების არეალი, მთელი თავისი მმართველობითი წესრიგით, წყობიდან გამოჰყავს. ხელოვნების ძალა მისი სუვერენულობაა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ანუ ისაა აღმატებული ყველა ლეგიტიმურ ძალაზე, რომლებიც იმდენად არიან ლეგიტიმური, ანუ კანონიერი, რამდენადაც მათ ძალის უფლება სხვა ინსტანციისაგან, - იქნება ეს ღმერთი, ხალხი თუ კანონმდებლობა, - აქვთ დროებით მინიჭებული. ხელოვნების ძალა კი ავტონომიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საკუთარ ძალას თავადვე წარმოქმნის და არცერთ გარე ენერგომატარებელზე არაა დამოკიდებული. მისი ძალის სუვერენულობა, ანუ აღმატებულება ყველა სხვა ძალაზე, ხელოვნების იმ უნარში ვლინდება, რომლითაც მას სამყაროში მოცემული ყველა არსებული კონვენციური ნიშნის შეცვლა, დამკვიდრებული წესრიგის ყირაზე დაყენება შეუძლია, თანაც ძალის, ძალადობის გამოყენების გარეშე; ხელოვნების უნარია, შეიჭრას სხვის ტერიტორიაზე, გაარღვიოს ძალაუფლების შარდით მარკირებული ხაზი და თავად მმართველებიც საკუთარ თამაშში ჩაითრიოს, თუნდაც რამდენიმე წუთით ხელოვნების ნიმუშებად აქციოს.

ამგვარი უნარების განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით გამორჩეულია XX საუკუნის 60-იან წლებში გაჩენილი აქციონისტური ხელოვნება, რომლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები უკვე ხსენებულ იოზეფ ბოისთან ერთად, ამერიკელი პოეტი ალენ გინზბერგი, ვიდეოარტის გამომგონებელი ნამ ჯუნ პაიკი, „ვენის აქციონიზმის“ შემქმნელი ჰერმან ნიჩი თუ ნიუ-იორკში მცხოვრები სერბი მარინა აბრამოვიჩი არიან. აქციონისტურ ხელოვნებას არც რამე განსაზღვრული ფუნქცია და ჩარჩოები არ გააჩნია და ცალკეულ აქციონისტ ხელოვანთა მიზნები და ინტერესებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეიძლება იყოს. თუ, მაგალითად, ალენ გიზბერგს 1967 წელს ვაშინგტონში ჩატარებული ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო მანიფესტაციით, როგორც თვითონ თქვა, პენტაგონიდან დემონების განდევნა უნდოდა, ჰერმან ნიჩი სისხლიანი მსხვერპლშეწირვის რიტუალების ინსცენირებებით ადამიანის სულის სიღრმეში ჩამალული ძალადობისა და სისხლისღვრის არქეტიპების გაგებას ცდილობს. აქციონისტური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და პოლიტიკურად სკანდალური ნიმუშია რუსული პანკჯგუფის, Pussy Riot-ის „პანკური ლოცვა“ მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში 2012 წელს, როდესაც ამბიონზე შემომდგარმა ხუთმა შენიღბულმა გოგონამ შეასრულა რუსული საგალობლის, „ღვთისმშობელო, ქალწულოს“ გადაკეთებული ვერსია, რომელშიც ისინი ღვთისმშობელს პრეზიდენტ პუტინის განდევნის თხოვნით მიმართავდნენ. ამით Pussy Riot-მა მოახერხა რუსეთის ძალაუფლების საკრალურ ინსტრუმენტს თავს დასხმოდა და ის, ლიტურგიის იმიტაციით, ძალაუფლების წინააღმდეგვე მიემართა.

აქციონისტური ხელოვნების პოლიტიკური ქმედითუნარიანობა მის პროვოკაციულ ბუნებაშიცაა, რომელიც, პირველ რიგში, მმართველობის, ძალაუფლების პროვოცირებისკენაა მიმართული. უტერიტორიო ხელოვნება იჭრება იქ, სადაც მას ყველაზე ნაკლებად ელიან და, თუნდაც რამდენიმე წამით, მოკლე ჩართვას იწვევს, მმართველებს ხელოვნების ობიექტებად გარდაქმნის და სანახაობის ნაწილად აქცევს. ასეთი აქციონისტური ხელოვნების ყველაზე წარმატებული ქართული ნიმუში 2014 წლის 25 მარტს ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გათამაშდა, როდესაც პოეტი და აქციონისტი ხელოვანი გიორგი ხასაია კომიტეტის მიმდინარე სხდომაზე შეიპარა და შუა დისკუსიის დროს ჩართულ მიკროფონში ზურაბ ქარუმიძის რომანის „მელია-ტულეფია Foxtrot“-ის კითხვას შეუდგა. რამდენიმე წამით უმაღლესი საკანონმდებლო ინსტანციის ყველაზე მეტად კანონმცოდნეთა კომიტეტი სახელოვნებო სივრცედ გადაიქცა, კანონმდებლობას ხელოვნება ჩაენაცვლა. ხელოვნება ვირუსივით შეიჭრა მმართველობის ტერიტორიაზე და ძალაუფლების სერიოზულობა ყირაზე დააყენა, ხოლო ძალაუფლების რეპრეზენტანტებს წაართვა მათი მმართველობითი ფუნქცია და ხელოვნების ობიექტებად გარდაქმნა. თუ ამ აქციის ჩანაწერს დავაკვირდებით, ყველაზე შთამბეჭდავი კანონმდებელთა შეცბუნებული სახეებია, რომლებიც, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, როგორც ლუის ბუნუელის ფილმში („ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი“), თეატრალურ სცენაზე აღმოჩნდნენ და იმ როლების შესრულებას შეუდგნენ, რომელიც მათ გიორგი ხასაიამ მისცა.

რაც შეეხება გიორგი ხასაიას აქციის კონკრეტულ პოლიტიკურ შინაარსს, ის იყო რეაქცია მწერალ ზურაბ ქარუმიძის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიაზე, რომელიც გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ წამოიწყო და მას მმართველი კოალიციის დეპუტატ სოსო ჯაჯვლიანის ქარუმიძისადმი შეურაცხმყოფელი განცხადება მოჰყვა. ამისი საბაბი კი ზურაბ ქარუმიძის დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად ნომინირება იყო. ქარუმიძის საწინააღმდეგო მთავარი არგუმენტი კი აღმოჩნდა მისივე რომანი „მელია-ტულეფია Foxtrot“-ი, რომლის ავტორსაც გაზეთმა და დეპუტატმა გარყვნილებაში დასდეს ბრალი. დეპუტატი წინააღმდეგია მწერლის ელჩად დანიშვნისა იმ მიზეზით, რომ არ მოსწონს მისი რომანი. საკანონმდებლო ძალაუფლების წარმომადგენელი საკუთარ კომპეტენციად მიიჩნევს ხელოვნების შეფასებას და მას პოლიტიკური გადაწყვეტილების არგუმენტადვე იყენებს. დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი, რომლის ინტელექტისათვისაც თანაბრად უცხოა როგორც მხატვრული ლიტერატურა, ასევე კანონმდებლობა, ძალაუფლების პირველყოფილ, შეულამაზებელ ვარიანტს განასახიერებს: მას მინიჭებული აქვს უფლება ძალაზე და ისიც ევოლუციის საკუთარი საფეხურიდან დემონსტრირებს თავის ძალაუფლებას. სახელისუფლებო პარტია „ქართულ ოცნებასთან“ მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი გაზეთი „ასავალ-დასავალი“, რომელიც ქართულ მედიაში გარდა ობსკურანტიზმის, ცილისმწამებლობისა და ყოველგვარ ეთიკას მოკლებულობის ნიმუშისა, ყველა სახის პერვერსიული და პათოლოგიური ფანტაზიების თაიგულიცაა, მთავარ მორალურ ინსტანციად წარმოადგენს თავს. თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური რეალობა, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯაჭვლიანი და „ასავალ-დასავალი“ წარმოადგენენ, იმდენად პერვერსიულია, ისე შორსაა გადახრილი ყოველგვარი ჯანსაღი ფსიქიკიდან და კეთილგონიერებიდან, რომ დღეს საქართველოში არცერთ მწერალსა თუ ხელოვანს ფანტაზია არ ეყოფოდა ისეთი გარყვნილების მოსაფიქრებლად, რომელიც ამ რეალობის ტოლფასი იქნებოდა. პერვერსიულ ფანტაზიათა შეთხზვასა და რეპროდუქციაში თანამედროვე ქართული მწერლობა და ვიზუალური ხელოვნება უძლურია, კონკურენცია გაუწიოს თანამედროვე საქართველოში ძალაუფლების სამ მთავარ შტოს, – პოლიტიკურ ფუნქციონერებს, მედიას და ეკლესიას, – რომლებიც შანსს არ უშვებენ ხელიდან, რათა მათთვის უკანასკნელ არაკონტროლირებად სფეროში, ხელოვნებაში სცადონ შეჭრა და ნორმატივების დაწესება.

ძალაუფლების ამ ტრიადას ერთი სუსტი წერტილი აქვს: რამდენადაც ისინი მუდამ შეტევაზე იმყოფებიან და მხოლოდ აგრესიით შეუძლიათ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება, დაუცველი რჩებათ საკუთარი სივრცე, აი ისეთი, ცხოველთა ჯოგში ყოჩ მამრ ცხოველს რომ აქვს საკუთარი შარდით მონიშნული. გიორგი ხასაიამ სწორედ ეს სუსტი ადგილი უპოვა და თავისი სრულიად მშვიდი და უმანკო ჟესტით ძალაუფლების სივრცეში მოკლე ჩართვა გამოიწვია.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG