Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: ინკოგნიტო

გამვლელო, შეჩერდი... შემომხედე... შენი ცხოვრების რამდენიმე წუთი დამითმე. მინდა რომ ბავშვობაში დაბრუნდე. აწმყო დაივიწყო და აზრებით, ფიქრებით, მოგონებებით წარსული გააცოცხლო. მინდა ვიცოდე რას აღმოაჩენ. გამიზიარე რას გრძნობდი, რა გაბედნიერებდა. ოცნება გქონდა? მჯერა, რომ გქონდა. გაიხსენებ? ალბათ ღიმილი მოგეგვრება ან სევდა შეგიპყრობს. რავიცი იქნებ იყოს ცრემლისმაგვარიც . კოსმონავტობა? მომღერლობა? პრეზიდენტობა? იქნებ დედობა ან მამობა? რას განიცდიდი ისიც მაინტერესებს. რაზე ტიროდი... რა გტკიოდა... ვინ იცის იქნებ სკოლაში გქონდა პრობლემები? ცალმხრივადაც ხომ არ ყოფილხარ შეყვარებული? გარდატეხის ასაკში მშობლებთან უსიამოვნებები? დედა ან მამა სახლში ადრე მისვლას მოითხოვდნენ შენგან? დალევას გიშლიდნენ? იქნებ ჩაცმას ისე როგორც მოგესურვებოდა? სავარაუდოდ ბევრი პრობლემა გქონდა. ალბათ მეგობრებთანაც გიკამათია. შეიძლება ბევრი მათგანი დაგიკარგავს, ბევრიც შეგიძენია. არ ვიცი არა. მინდა რომ შეჩერდე... შემომხედო... და მომიყვე... რას ნიშნავს გქონდეს ბავშვობა?

მითხარი როცა ცხოვრებისგან იღლები რატომ იკლებ წლებს და რატომ შენატრი მას? ახლა დიდი ხარ, საქმიანი და რამე?.. ჰაჰ, ამხელა კაცი და ამხელა გოგო ხარ და ისეთივე სიამოვნებით შეგიძლია უყურო ტომსა და ჯერის, ურჩხულსა და ლამაზმანს ან დისნეის ნებისმიერ სხვა შემოქმედებას როგორც მაშინ, პატარაობისას. შეგიძლია როცა წვიმს და ნაცრისფერი ამინდია ბავშვივით გაეხვე პლედში, წვიმიან ფანჯარას მიუჯდე და წიგნი წაიკითხო. თოვლიან ამინდში გუნდები აკეთო, მზიანში მნათობ ობიექტს მიეფიცხო და ასე დაუსრულებლად. ხომ შეგიძლია არა? მიუხედავად იმისა გაქვს თუ არა ფული,კეთილდღეობა და მაგ თემის ამბები, მაინც გრჩება უფასო ოცნება რომლითაც ბუნება და ბავშვობის მოგონებები გაჯილდოებენ.

აი ჩემი ოცნება კი ფასიანია. ისე ორივენი პარადოქსულობის ზღვარზე ვართ. შენ დიდი ხარ მაგრამ შეგიძლია იყო პატარაც, მე კი მომეცი პრობლემა და ვიქნები ბედნიერი. მოგიყვე? კარგი, მეც შევეცდები უფასოდ ვიოცნებო.
მაგალითად: წარმოვიდგინო როგორ მიბურღავს დედა ტვინს ტელეფონზე რეკვით და როგორ მელოდება სახლში, როგორ ნერვიულობს და უნდა რომ ადრე მივიდე. ჰაჰ ღმერთო ჩემო სასაცილოა არა? ან კიდევ რომ წარმოვიდგინო რომ მშობლებს ჩემი დახეული ჯინსი არ ეხამუშებათ. არა, მართლა ღიმილისმომგვრელია. და ორგანზმში ალკოჰოლის შემცველობის კონტროლი? ხოოო, ეს სრულებით სამართლიანი და ნორმალურია. გამოცდილი კონტროლიორის სიტყვას ვფიცავ აქ გასაცხარებელი არაფერია. გაკვეთილების მეცადინეობა და მერხზე მორჩილად ჯდომა? კარგი, ვაღიარებ, მოსაწყენია,მაგრამ ისე რომ აღმოჩნდეს რომ ჩემ გვერდით ვიღაც იჯდეს? იქნებ დავმეგობრდეთ? ის განხსვავებული მეგობარი იქნება. მასთან წებოს კი არა წიგნს გავიზიარებ. და ის მარგალიტები როგორაა? ყველა სკოლაგამოვლილი რომ ღადაობთ? დავალება სახლში დამრჩა... თავი რატომ არ დაგრჩა... ჰააჰაა.. აა მოიცა ეს არ გამომადგება. სად მაქვს სახლი...

განა გეუბნები რომ არ აფასებდი და რამე,უბრალოდ მეც რომ მქონდეს ასეთი ბავშვობა მერე დიდობაში შენსავით მოგონებებით შემიკედლებდა ხოლმე.

მოიცა დავთვალო. 10, 20 ,30... აი ხომ ხედავ? მე ოცნებაშიც ფულს ვაკეთებ. ისე ეს ცოტაა. მოიცა ცოტა ხანს. წავალ ვინმეს გადავუდგები, ცხვირწინ შევეფეთები. აბა ისე რას შემამჩნევს. თავი ლამის ჰარი პოტერი მგონია თავისი უჩინმაჩინის მოსასხამით.ერთი ჯადოსნური ჯოხიც მქონდეს...
ასე ჯობია.. ისე გოგოებს უფრო ეშინიათ ხოლმე. ინაზებიან და რამე. არ შევაფურთხო, არ დავსვარო, არ ჩამოვეკონწიალო. ზოგი კილომეტრში გარბის ხოლმე . ჰაჰაა. არა ისე როდესმე თუ უფიქრიათ ჩვეულებრივ რომ გამცენ პასუხი ზიზღის და შიშის გარეშე მაშინ როგორ მოვიქცევი? თავს დავდებ არა. ისე არც მაწყობს ეგ. მერე აღმოაჩენენ რომ თურმე გაბურძგნული, ჭუჭყიანი ბუა კი არა ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. "ტოლნი, სწორნი" უშიშრად ჩამივლიან. ჩემ ჯიბეს კალორიები მოაკლდება. ჯანდაბას ეშინოდეთ. აი ბიჭებს უფრო ზიზღნარევი გრძნობა აქვთ. აბა ეგენიც არიან რაა. ცოტა ტვინი რომ გაანძრიონ განა რამე მოუვათ. შენო ციგანოო, ქურთოო, ქუჩის ბავშვოო და ეგეთოო. იმდენს კი ვერ ხვდებიან რომ როგორც მათ ასწავლეს მშობლებმა რომ ციგანი და ეგეთი ვარ, ისე მე მასწავლეს რომ ქუჩაში აგრესია გამოვხატო. აბაა, ქუჩასაც თვისი კაპიტალიზმი აქვს. მაღაზიაში ლამაზი გოგოები რომ სულ იღიმიან რა სულელები ან სულ ბედნიერები არიან? მასე ავალებენ რაა. არ იზამ და ხელფასი არ გექნება. ეგ მაფიაა ქუჩაშიც. ისე საიდუმლოდ კი გეტყვი რომ ჯობია ფულის ნაცვლად საჭმელი მიყიდო ხოლმე. რამე შოკოლადი ან სასუსნავი. ამ ფულს ხან ვისუნთქავ და უმეტესად უფროსები მართმევენ, ჩემი კუჭი კი შიმშილობს. ტანსაცმელი? სახლში კი გამომადგება და ისე რავიცი, მაინც მომიწევს გახდა. ხო უნდა შეგეცოდო კაცს რომ დამეხმარო. კარგი, აღარ დაგაყოვნებ. გასწი აბაა. ხანდახან გამიხსენე ხოლმე. თუ არ დაგეზარება ზოგჯერ ჩემ სახელმწიფოსაც შეახსენე რომ აგერ ქუჩაში შვილები დაავიწყდა. არ ვიცი მოგვაგნებს თუ არა მაგრამ იქნებ ძებნა დაიწყოს.
ჰო კიდე , ისე ბავშვობა მაინც ვერ გავიგე რა არის და სახელს მაინც ნუ წამართმევ კარგი? ბავშვი დამიძახე უბრალოდ ბავშვი... რა საჭიროა ქუჩა? მე ხო არ გეძახი სახლის ბავშვს? შეხვედრამდე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG