Accessibility links

logo-print

საქართველოს ევროპული მხარდაჭერა, რუსეთის აგრესიის ფონზე


დისკუსია - ”ვილნიუსიდან რიგამდე - საქართველოს ვალდებულებები და გამოწვევები”

დისკუსია - ”ვილნიუსიდან რიგამდე - საქართველოს ვალდებულებები და გამოწვევები”

”ვილნიუსიდან რიგამდე - საქართველოს ვალდებულებები და გამოწვევები” – ამ სახელწოდების დისკუსიას, სკანდინავიისა და ბალტიისპირა სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოთა წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში, 1 აპრილს თბილისში სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“ მასპინძლობდა. დისკუსიის მონაწილეები თანხმდებიან, რომ შეუქცევადია საქართველოს სვლა ევროპული ოჯახისკენ და რომ რუსეთის მხრიდან გამოვლენილი მორიგი აგრესიის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა.

თქვენი აქ ყოფნით, ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს, - მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დისკუსიის მონაწილეებს - სტუმრებს ლიტვიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ფინეთიდან, შვეციიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან და ისლანდიიდან. ქართველ კოლეგებთან და დიპლომატებთან ერთად, რეგიონალური თანამშრომლობის ჯგუფში შემავალი 8 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოთა წარმომადგენლებმა განიხილეს ქვეყნის უსაფრთხოების, ევროპული ინტეგრაციის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ - იმპლიმენტაციის ეტაპზე გადასადგმელი ნაბიჯები.

ეს ის თემებია, რომელთა განხილვისას შეუძლებელია გვერდი აუარო რუსეთის ფაქტორს, მით უმეტეს უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე და ასე მოხდა 1 აპრილის დისკუსიაზეც. დავით უსუფაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, ”ახლა, როდესაც ორი მაგალითი გვაქვს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპირებისა, ალბათ ეს იქნება საკმარისი გაკვეთილი, რათა დავგეგმოთ უკეთესი სამყარო სამომავლოდ. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ უზრუნველვყოთ საქართველოს უსაფრთხოება, არამედ ჩვენ გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ უსაფრთხო სამყაროს შექმნაში”.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დისკუსიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ სოლვიტა აბოლტინამაც მიმართა. ხაზი გაესვა რისკებსა და საფრთხეს, რომელიც ისევ და ისევ რუსეთიდან მოდის:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ სოლვიტა აბოლტინამ მრგვალი მაგიდის დისკუსია გახსნეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ სოლვიტა აბოლტინამ მრგვალი მაგიდის დისკუსია გახსნეს

”არასოდეს უნდა ვიფიქროთ, რომ დემოკრატია და თავისუფლება თავისით მოდის. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა. რუსეთი ძირს უთხრის უსაფრთხოებას მსოფლიოში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ გულახდილად და უნდა ვიყოთ პროაქტიურები, არ შეგვიძლია ვიყოთ პასიურები. შეშფოთებული ვარ, რადგან რუსეთმა დემონსტრირება გააკეთა, რომ რეგიონში მას აქვს სერიოზული სოციალურ-პოლიტიკური ინტერესები და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ევროკაშირთან დაახლოება არის ერთადერთი სწორი გამოსავალი“.

რეგიონში შექმნილ ვითარებას, რომელიც 1 აპრილს დისკუსიის ფარგლებში განიხილებოდა, ”ორმაგად საგანგაშოს” უწოდებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი. დეპუტატის თქმით, საფრთხეები საგარეო და შიდა ფაქტორებს უკავშირდება:
ხაზი გავუსვი საქართველოში შექმნილ ვითარებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მოსახლეობის ძირითადი, დიდი ნაწილის მისწრაფებას - უმოკლეს დროში გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა...

”ერთი, რაც ხდება უკრაინის ირგვლივ და რუსეთმა კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საერთაშორისო სამართალი... მეორე, რაც ხდება თვითონ საქართველოში, როდესაც ხელისუფლება აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას”.

1 აპრილს გამართული დისკუსიის მონაწილეებს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმაც მიმართა. ძირითადი აქცენტები ოკუპაციასა და ევროპული არჩევანის სიმტკიცესთან დაკავშირებით დაისვა:

”ხაზი გავუსვი საქართველოში შექმნილ ვითარებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მოსახლეობის ძირითადი, დიდი ნაწილის მისწრაფებას - უმოკლეს დროში გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა. გვაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაჩქარდეს უვიზო მიმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება”.

ვილნიუსის სამიტზე პარაფირების შემდეგ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ივნისში ხელმოწერის მომლოდინე საქართველომ, 1 აპრილს გამართული დისკუსიის ფარგლებში, სასარგებლო რჩევები მიიღო ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ჩვენი მეგობრები ხედავენ, რომ საქართველოს დღეს განსაკუთრებით სჭირდება სოლიდარობა და თანადგომა.
XS
SM
MD
LG