Accessibility links

logo-print

იუსტიციის მინისტრს საპარლამენტო კომიტეტში კრიტიკულად მოუსმინეს


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტში იუსტიციის მინისტრს მოუსმინეს. თეა წულუკიანმა პარლამენტს წარუდგინა ანგარიში, რომელშიც ასახულია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უწყების მიერ გაკეთებული საქმეები. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებსა და რეფორმის ფარგლებში განსაზღვრულ გეგმებზე. თეა წულუკიანის გამოსვლა საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის ფონზე წარიმართა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სიტყვით გამოსვლა თავიდანვე დასახულ ამოცანაზე საუბრით დაიწყო და თქვა, განზრახული მქონდა ისეთი ინსტიტუცია და სისტემა შემექმნა, რომ ჩემი შემცვლელი უკმაყოფილო არ დარჩენილიყო და ჩემთან სასაყვედურო არაფერი ჰქონოდაო.
თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა რამდენიმე რეფორმას, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაციას და განაცხადა, რომ დღეს საბჭო, პოლიტიკოსების ნაცვლად, აკადემიური წრეების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.

მინისტრმა ისაუბრა სასამართლო სისტემაზე, მოსამართლეთა არჩევის უფრო დემოკრატიულ პრინციპზე, თქვა, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე ყველას ჰქონდა კანდიდატურის დასახელების უფლება, განსხვავებით წინა წლებისაგან, როდესაც მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეეძლო კანდიდატები დაესახელებინა. შესაბამისად, თეა წულუკიანის თქმით, სისტემა გათავისუფლდა გარეშე ჩარევისგან:
რადგან დღეს ისევ გრძლედება ძველი პრაქტიკა, როდესაც მოსამართლე კონკრეტულ სისხლის სამართლის თუ სხვა საქმეზე თავს მოვალედ თვლის საკუთარ სასამართლოს თავმჯდომარეს შეუთანხმოს გადაწყვეტილება. ეს არ არის სწორი...

„და ეს აისახა გადაწყვეტილებებზეც. ჩვენ გვახსოვს, რომ... აბსოლუტურად სამართლიანად ვსაყვედურობდით ხოლმე წინა ხელისუფლებას, რომ ძალიან დაბალი იყო გამამართლებელი განაჩენების რიცხვი და პრაქტიკულად არარსებული იყო პროკურორის პატიმრობის შესახებ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის მაგალითები. დღეს ეს არის შეცვლილი, იმიტომ რომ მოსამართლემ იგრძნო, რომ ის არის მთლიანად თავისუფალი ჩემგან, როგორც იუსტიციის მინისტრისგან. ეს ასე ადრე არ იყო“.

მართლმსაჯულების სისტემაში მომდევნო ტალღა, თეა წულუკიანის სიტყვებით, იქნება ისეთი შეფასებითი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც გადაწყვეტს, „თუ ვინ არის ღირსი ატაროს მოსამართლის მანტია“ და, ამ თვალსაზრისით, გამოირიცხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გავლენა მოსამართლეებზე, რაც დღესდღეობით კიდევ გრძელდება - ხელმძღვანელობა ისევ ახერხებს ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლეზე.

„რადგან დღეს ისევ გრძლედება ძველი პრაქტიკა, როდესაც მოსამართლე კონკრეტულ სისხლის სამართლის თუ სხვა საქმეზე თავს მოვალედ თვლის საკუთარ სასამართლოს თავმჯდომარეს შეუთანხმოს გადაწყვეტილება. ეს არ არის სწორი, ეს არ არის დამოუკიდებელი სასამართლოს პრინციპის დაცვა. ამიტომ ჩვენ გვინდა თქვენი დახმარებით საკანონმდებლო მექანიზმი შევქმნათ, იმისათვის რომ მოსამართლე გაძლიერდეს, რომ მას არ ჰქონდეს ვალდებულება ჰკითხოს, თუნდაც პრაქტიკაში, რა გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე თავის თავმჯდომარეს. მის წინაშე არიან მხარეები, საქმეში უდევს მტკიცებულებები და მან დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს საქმის ბედი“.
თქვენი პრეზენტაციიდან და ასევე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თქვენ სრულიად ხართ მოწყვეტილი რეალობას, იმ რეალობას, რომელშიც გარდაიცვალა ბატონი შოთა თათუხაშვილი, იმ რეალობას, რომელსაც შეეწირნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ქურდულ გარჩევებს თუ ადმინისტრაციის მხრიდან წამებას პატიმრები...

მოგვიანებით თეა წულუკიანმა კომიტეტის წევრებს უჩვენა სოციალური კლიპი, რომელშიც ასახული იყო ის სამუშაო, რასაც სამინისტრო ეწევა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული ყოფილი პატიმრების დასაქმების კუთხით. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის სიტყვებით, ეს არის ზღვაში წვეთი - დასაქმება კარგია, მაგრამ როცა ქვეყანაში უმუშევრობის უპრეცედენტოდ მაღალი პროცენტია, რამდენიმე დასაქმებული ყოფილი პატიმრის მაგალითი მოსატანი არ არისო.

თეა წულუკიანისა და მისი ანგარიშის მიმართ კრიტიკული იყო უმცირესობის წარმომადგენლის, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის დამოკიდებულება. მან იუსტიციის მინისტრი „რეალობისგან აბსოლუტურად მოწყვეტილად“ მიიჩნია და რამდენიმე საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვა:

„თქვენი პრეზენტაციიდან და ასევე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თქვენ სრულიად ხართ მოწყვეტილი რეალობას, იმ რეალობას, რომელშიც გარდაიცვალა ბატონი შოთა თათუხაშვილი, იმ რეალობას, რომელსაც შეეწირნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ქურდულ გარჩევებს თუ ადმინისტრაციის მხრიდან წამებას პატიმრები: კორტავა, ძველაია, ფერტენაძე, მაისურაძე. ეს სწორედ ის გვარებია, რომლებიც ბოლო ერთ წლის განმავლობაში შეეწირნენ იმ სისტემას, რომლის სათავეშიც დგახართ თქვენ და გაკისრიათ სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

სანან ჩიორა თაქთაქიშვილი პროტესტის ნიშნად შეხვედრას დატოვებდა, მანამდე მას თეა წულუკიანმა წარსული შეახსენა და სიტყვა ასე შეაწყვეტინა:
„კმარა, ქალბატონო ჩიორა, კმარა! მე თქვენ რომ გისმენთ, ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ არც კანონი იცით, არც კონსტიტუცია წაგიკითხავთ და არც ის იცით, რომ მინისტრები კანონებს არ წერენ, კანონებს წერთ თქვენ“.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს პროკურატურა არ შემოდის თქვენი უშუალო გამგებლობის სფეროში, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ადამიანების საქმიანობაზე გეკისრებათ თქვენ...

შემდეგ თეა წულუკიანმა განმარტა, რომ, კანონის თანახმად, მას არ ევალება დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა,რომ ეს არის პროკურატურის სფერო და რომ შესაბამისი კითხვების დასმის საშუალება დეპუტატებს მომდევნო კვირებში ექნებათ, როცა პარლამენტში მიწვეული იქნება მთავარი პროკურორი.

საკმაოდ ხანგრძლივი დებატები გაიმართა კომიტეტის სხდომაზე თბილისის იუსტიციის სახლის დაზიანებულ სახურავთან დაკავშირებით, რის გამოც იუსტიციის სახლი რამდენიმე ხნის განმავლობაში დახურული იყო და მომავალ კვირაში უნდა გაიხსნას. თეა წულუკიანმა კომიტეტის სხდომაზე ექსპერტული დასკვნა მოიშველია იმის საილუსტრაციოდ, თუ რატომ იყო დახურული აქამდე იუსტიციის სახლი. შემდეგ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა იუსტიციის მინისტრს შეახსენა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წარდგენის ამბავიც:

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს პროკურატურა არ შემოდის თქვენი უშუალო გამგებლობის სფეროში, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ადამიანების საქმიანობაზე გეკისრებათ თქვენ და აგებთ თუ არა თქვენ პასუხს ამ ადამიანების საქმიანობაზე, იღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას?“
თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ის, მართლაც, არ იცნობდა ოთარ ფარცხალაძეს მთავარი პროკურორის პოსტზე დასამტკიცებლად მისი კანდიდატურის წარდგენისას, მაგრამ, სამაგიეროდ, მას იცნობდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც ის, თეა წულუკიანი, ენდობოდა და ენდობა დღესაც.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მსგავს შეხვედრებზე დეპუტატები მომავალში სხვა მინისტრებსაც მოუსმენენ, როგორც ამის თაობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. ისინი ანგარიშის წარდგენასთან ერთად ისაუბრებენ იმაზეც, თუ როგორი იყო მათი უწყებების რეაგირება სახალხო დამცველის „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2012 წლის ანგარიშის“ საფუძველზე გაცემულ რეკომენდაციებზე.
XS
SM
MD
LG