Accessibility links

logo-print
„რეზონანსის“ პირველ გვერდზე სათაურია - „“მაპ“-ის მიღების შემთხვევაში, რუსეთისგან მეტი საფრთხე გველის“. სტატიის შესავალში ავტორი „პოლიტოლოგებზე“ დაყრდნობით წერს, რომ „მაპ“-ის მიღების შემთხვევაში საქართველო რუსეთის მხრიდან უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, ვიდრე ახლაა და რომ დასავლეთი საქართველოს გამო რუსეთს არც უელსის სამიტზე დაუპირისპირდება. „რეზონანსისთვის“ სოსო ცისკარიშვილს უთქვამს:

„პუტინს წინსწრებით სანერვიულო არაფერი აქვს, რადგან ისინი იმ შედეგის გათვალისწინებით იმოქმედებენ, რაც ნატოში საქართველოს მიღების ან არმიღების შემთხვევაში შეიძლება დადგეს. ხოლო „მაპ“-ის მიღების შემთხვევაში, რასაკვირველია, საქართველოს რუსეთისგან მეტი საფრთხე მოელის“. ამავე სტატიაში ირაკლი მენაღარიშვილის მოსაზრებასაც გაეცნობით. ის ამბობს: „საქართველოსთვის საფრთხის შემცველი ჩვენი არჩევანი კი არა, ჩვენ შიდა ერთიანობის რღვევა და დასუსტება იქნება. ასევე, საერთაშორისო არენაზე არათანმიმდევრული პოლიტიკა“.

„რეზონანსშივე“ ეკონომიკაზეც არაერთ სტატიას წაიკითხავთ. გაზეთი წერს, რომ მიმდინარე წლის პირველი ორი თვის განმავლობაში ბოლო სამ წელიწადში უპრეცედენტო სისწრაფით გაიზარდა საქართველოს შიდა და საგარეო ვალები. „ეს არის მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. კიდევ რა უნდა მოხდეს - არის ინფლაცია, ფასების ზრდა, შიდა და საგარეო ვალის ზრდა, შეუსრულებელი ბიუჯეტი“, - უთხრა „რეზონანსს“ ეკონომიკის ექსპერტმა პაატა შეშელიძემ.

ქვეყნის საგარეო ვალის შესახებ წერს დღეს „ალიაც“, რომელმაც აზრი დემურ გიორხელიძეს ჰკითხა: „რა თქმა უნდა, ვალი საკმარისად დიდია, თუმცა ფორმალურად შიდა პროდუქტთან მიმართებაში და მთლიანობაში, ალბათ, 80%-ს აღწევს და ეს, მართალია, მთლად კატასტროფა არ არის, მაგრამ საკმარისად საშიში ტენდენციაა ბიუჯეტისთვის. თუ ეკონომიკა წელში არ გასწორდა, ნელ-ნელა გადახდების მოცულობა ვალის მომსახურებაზე გაიზრდება და, ამდენად, პრობლემებიც მოსალოდნელია გაჩნდეს“, - ამბობს დემურ გიორხელიძე.

სხვა თემებს რაც შეეხება, „ალიაში“ დღეს ქვეყნდება ინტერვიუ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან, რომელიც აღშფოთებას გამოხატავს მისი სატელეფონო საუბრების მოსმენის გამო: „დადგინდა, რომ მისმენენ და ეს გამოჩნდა ადვოკატ გოგა ონიანთან სატელეფონო ლაპარაკის შემთხვევაში“. ადვოკატთა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვის გარდა, ზაზა ხატიაშვილი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს: „ამათ გადავაყოლებ ამ მოსმენებსო“, აცხადებს ადვოკატთა ასოციაციიის თავმჯდომარე.

„ალია“ „პროკურატურიდან სანდო წყაროზე“ დაყრდნობით დღეს წერს, რომ ორი კვირის განმავლობაში გიგი უგულავას დააპატიმრებენ.

დღევანდელი პრესის ერთ-ერთი თემა დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტია. არაერთ ინტერვიუსა თუ სტატიაში წააწყდებით ეჭვს, რომ წიკლაურის ცემა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ფარსი იყო. ასეთსავე ვერსიაზე ლაპარაკობს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში: „ეს არის ფარსი. მე ვფიქრობ, ეს იმ განცხადებების წინაპირობაა, რასაც ეკა ხერხეულიძე სოციალურ გვერდზე წერდა, როდესაც სააკაშვილის დაკითხვაზე იყო საუბარი - ელოდეთ ქართულ მაიდანს თბილისში და ასე შემდეგ. ანუ ყველანაირად ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ სიტუაცია დაძაბოს, გაამწვავოს ვითარება და შემდეგ შეუდგეს იმ გეგმის განხორციელებას, რაც ტვინში უტრიალებთ - ვითომ ახალი მაიდნის მოწყობა საქართველოში“.

„საქართველოს რესპუბლიკის“ პირველი გვერდი ამართლებს დღევანდელ თარიღს - 1 აპრილს და მკითხველს სთავაზობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „დეპეშა-წერილს“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისადმი. ტექსტში წაიკითხავთ: „ჩემიანების - დედაჩემ გიული ალასანიას, მეუღლე სანდრა რულოვსის, მზია ბებიას და ბიძაჩემ თემურ ალასანიას რჩევით მივედი იმ აზრამდე, რომ უარი მეთქვა ჩემს ადრინდელ გადაწყვეტილებაზე და, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, აუცილებლად ჩამოვსულიყავი საქართველოში, რათა ხმამაღლა, მსოფლიო საზოგადოების გასაგონად დავამტკიცო, თუ რაოდენ ცილისმწამებლურია ამჟამინდელი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება პირადად როგორც ჩემ, ისე საერთოდ ნაციონალების მიმართ“. ამავე ტექსტის მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტი თითქოს გიორგი მარგველაშვილისგან მის დაკითხვაზე დასწრებას კატეგორიულად მოითხოვს. „ჩამოსვლის თარიღს დამატებით შეგატყობინებთო“, ასე სრულდება 1 აპრილის „საქართველოს რესპუბლიკის“ პირველ გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი, რომელიც თითქოს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის და ადრესატი კი გიორგი მარგველაშვილია.
XS
SM
MD
LG