Accessibility links

logo-print

მწყობრიდან გამოსული საგზაო ინფრასტრუქტურა კახეთში


ლაგოდეხის ერთ-ერთი ქუჩა

ლაგოდეხის ერთ-ერთი ქუჩა

ძლიერი ყინვების შედეგად, ლაგოდეხის თითქმის ყველა ქუჩაზე ასფალტის საფარი დაზიანდა, რამაც ავტომობილის მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილების პრობლემა შეუქმნა. ასფალტის საფარი დაზიანებულია ადმინისტრაციულ შენობებთან მისასვლელ გზებზეც. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, "ლაგოდეხში ბოლო 2 წლის განმავლობაში, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა". ისინი თვითმმართველობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

„არის ისეთი ადგილები, რომ მანქანით გავლაც შეუძლებელია“.

„ბევრი ორმოულებია, უნდა გაკეთდეს, აბა რა!“

„მხოლოდ ქალაქში კი არა, გზები არც სოფლებში ვარგა. ყველაფერი განადგურებულია. არაფერს არ აკეთებს ჩვენი მთავრობა!“


როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიორგი ბიჭიაშვილმა განაცხადა, დაზიანებული შიდა გზების მოწესრიგების საკითხს გამგეობა მას შემდეგ განიხილავს, რაც ქალაქში სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდება, პროექტის დაწყებას კი წყალმომარაგების კომპანია ზაფხულში გეგმავს:

„ახლა პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც უნდა გამოიცვალოს წყლის ცენტრალური მაგისტრალები. როდესაც სამუშაოები დაიწყება, ასფალტის საფარის აყრა იქნება საჭირო, ამიტომ ჯერ თავს ვიკავებთ გზის დაგებისგან, რადგან ახლად დაგებული ასფალტი რომ აიყაროს, ეს ხომ უფრო ცუდია?! მილების შეცვლის სამუშაოები ზაფხულში დაიწყება და გზებზე ამის შემდეგ ვიზრუნებთ“.
შემოდგომა-ზამთარში გზები მწყობრიდან გამოვიდა. ასფალტი ისეთ პერიოდში დააგეს, როცა ზოგჯერ უამინდობა დაემთხვა. ორმოები არ გაჩენილა, თუმცა ქვიშა არის ამოყრილი...
ძლიერმა ყინვებმა დააზიანა ახლად დაგებული ასფალტის საფარი დედოფლისწყაროშიც. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი, პროფესიით ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ბოლო ორი წლის განმავლობაში რაიონში გზების მოწესრიგების მხრივ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, თუმცა ყინვებმა ასფალტის საფარი თითქმის ყველა ქუჩაზე დააზიანა. მათ დაჰპირდნენ, რომ ხარვეზები მალე გამოსწორდება:

„შემოდგომა-ზამთარში გზები მწყობრიდან გამოვიდა. ასფალტი ისეთ პერიოდში დააგეს, როცა ზოგჯერ უამინდობა დაემთხვა. ორმოები არ გაჩენილა, თუმცა ქვიშა არის ამოყრილი. ეს ხდება მასობრივად. დაგვპირდნენ, რომ ხელახალ ფენებს გადააგებენ“.

რაიონებთან შედარებით, უფრო რთული მდგომარეობაა კახეთის სოფლებში. ქალაქში თუ ასფალტის საფარია დაზიანებული, ბევრ სოფელში ასფალტი საერთოდ არ არის დაგებული. ასეა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის ნაწილშიც:

"ექვსი სოფლის მოსახლეობას გზა არ გვაქვს. გზის მონაკვეთი სოფელ ყიტაანის ტერიტორიაზე გასაკეთებელია, ასევე მოსახრეშია სასაფლაომდე მისასვლილი გზა“.

„პირველ რიგში ეს გზა უნდა გაკეთდეს, რადგან ავარიულია“.

„ახალი მანქანაც კი მთლად დაზიანებული მოდის".


მიმდინარე წელს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კახეთის რეგიონში 95 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს. როგორც კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, სხვადასხვა პროექტებთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც იგეგმება:
„აქ არის როგორც წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ის გადაუდებელი აუცილებელი პროექტები, რაც რაიონებისა და მოსახლეობისთვის არის საჭირო“.

ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც 2013 წელს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა, კახეთში გზების გაუმართაობა ერთ-ერთ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. რეგიონში გზების 31 % ასფალტიანია, ხოლო 33% - გრუნტსაფარიანი.
XS
SM
MD
LG