Accessibility links

logo-print

უსუფაშვილი: ხშირად საქართველოს უსაფრთხოება დამოკიდებულია ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე


უკრაინაში შექმნილი ვითარება, საქართველოს დეოკუპაცია და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს დღეს საქართველოს და ბალტიის და სკანდინავიის ქვეყნების პარლამენტის წევრებმა. მრგვალი მაგიდა, თემაზე "ვილნიუსიდან რიგამდე - საქართველოს ვალდებულებები და გამოწვევები" 1 აპრილს თბილისში გაიმართა. უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ დემოკრატიულმა სამყარომ დღეს უნდა მიიღოს უსაფრთხოების უფრო მეტად კონკრეტული ზომები, ვიდრე ეს 2008 წელს, საქართველოს ოკუპაციის საპასუხოდ გააკეთა. უსუფაშვილის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მიტაცება და საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევა 2008 წლის შემდეგ მეორე შემთხვევა და მსოფლიოსთვის კიდევ ერთი მაგალითია. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ განგაშის სიგნალი ჯერ კიდევ 2008 წელს გაუგზავნა დემოკრატიულ სამყაროს, რომელმაც მაშინ მარცხი განიცადა. „დღეს უკვე ორი მაგალითი გვაქვს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპირების და ალბათ, ეს იქნება საკმარისი გაკვეთილი, რათა სამყაროს უკეთესი და უსაფრთხო მომავალი დავგეგმოთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო საკმარისად ბრძნულად მოიქცევა, რათა აგრესორს ახალი ქმედებებისთვის პატარა მიზეზიც კი არ მისცეს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად საქართველოს უსაფრთხოება დამოკიდებულია ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილებებზე, ამიტომ უდიდესი მინიშვნელობა აქვს თუ რამდენად მზად არიან ისინი გადაწყვეტილებების მისაღებად და უკეთესი მომავლისთვის საქართველოს დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG