Accessibility links

logo-print
დღეს ხმის ჩამწერი სტუდია „Chess Records“-ის ჭუპრში დაფრთიანებულ კიდევ ერთ მუსიკოსზე მოგახსენებთ. როგორც წინა სიუჟეტში აღვნიშნე, 1955 წელს ლეიბლზე მოღვაწე მუსიკოსების მარაქაში ყველასთვის უცნობი ჩაკ ბერი გამოერია. ძმები ჩესები მასთან თანამშრომლობის დაწყებას არ აპირებდნენ. იცოდნენ, რომ შეიარაღებული ყაჩაღობისათვის სამწლიანი სასჯელი მოეხადა და 29 წლის სენტ-ლუისელის კრიმინალური ვნებების შიშით, ეჭვის თვალით უყურებდნენ. საბოლოოდ, მადი უოტერსის რეკომენდაციამ გაჭრა. ჩაკ ბერი ჭკუასთან აფრაკად რომ ბრძანდებოდა, მისისიპელმაც მშვენივრად უწყოდა, მაგრამ ახალგაზრდა კაცის დაკრულ-ნამღერიც მოსმენილი ჰქონდა და ბლუზისა და ქანთრის უჩვეულო სინთეზით აღფრთოვანებული გახლდათ. ჩესები უოტერსს უსიტყვოდ ენდობოდნენ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ჩანაწერების წარმოდგენა მოითხოვეს.

ჩაკ ბერის საკონცერტო გამოსვლების საკმაო გამოცდილება ჰქონდა. ასრულებდა ყველაფერს, რაც კი კლუბური აუდიტორიის სმენას აამებდა - დაწყებული ნეტ კინგ კოულის რეპერტუარით, ჰარი ბელაფონტეს კარიბული მოტივებით დამთავრებული, თუმცა არც ერთი ჩანაწერი არ ეგულებოდა. ჰოდა, სენტ-ლუისში დაბრუნებული სახლის პირობებში მუშაობას შეუდგა. სულ რაღაც ერთ კვირაში 4 თხზულება გამოაცხო და უბრალოდ მაგნიტოფონზე ჩაწერა: სამტაეპიანი ლირიკით გაჯერებული 12-ტაქტიანი წყნარი ბლუზი: „Wee Wee Hours“ და სამი ელექტრო-ქანთრიც: „You Can't Catch Me“, "Thirty Days" და "Ida Red“. ამ უკანასკნელმა ლეონარდ ჩესის დიდი მოწონება დაიმსახურა და, სახელწოდებით „Maybellene“, სინგლის სახით გამოსცა. შედეგი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა - ის მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა, ხოლო „ბილბორდის“ რიტმენბლუზურ ჰიტაღლუმში პირველ ადგილზე გავიდა. თუმცა, ფინანსური შემადგენელის გარდა, „Maybellene“ ისტორიული მნიშვნელობის ნაწარმოებიც გამოდგა, რადგან ერთ-ერთი პირველი თხზულება იყო, შავი და თეთრი მსმენელის ერთმანეთისგან გამიჯნული მუსიკალური გემოვნება რომ გააერთიანა, მათ შორის გავლებული საზღვრები მოარღვია და სუფთა ამერიკული ფენომენი შვა - მოვლენა, რომელიც ლეგენდარულმა რადიოწამყვანმა ალან ფრიდმა მოგვიანებით „როკენროლად“ მონათლა.



„როკენროლს რომ სახელი ჰქონდეს, მას ჩაკ ბერი უნდა ერქვასო“ - ჯონ ლენონი ამგვარად აფასებდა სენტ-ლუისელის ღვაწლს როკმუსიკის განვითარების საქმეში და „როკენროლის პოეტად“ მოიხსენიებდა. ლივერპულელი არ აჭარბებდა: „Chess Records“-ში გატარებული 7 წლის მანძილზე ჩაკ ბერიმ მსოფლიოს ეპოქალური მნიშვნელობის ისეთი თხზულებები აჩუქა, როგორებიცაა: „Thirty Days“, „Roll Over Beethoven“, „Brown Eyed Handsome Man“, „Rock and Roll Music“, „Sweet Little Sixteen“ და, რა თქმა უნდა, „Johnny B. Goode“. ეს უკანასკნელი საერთოდ გასცდა პლანეტარულ მასშტაბებს, თანაც, პირდაპირი მნიშვნელობით: 1977 წელს ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) "Johnny B. Goode", როგორც კაცობრიობის მუსიკალური კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვარი, კოსმოსში გაგზავნა ბახის “ბრანდერბურგის კონცერტსა” და მოცარტის „ჯადოსნურ ფლეიტასთან“ ერთად.



რაც შეეხება თავად „Chess Records“-ს, 60-იანების შუაწლებამდე აგრძელებდა საკუთარი პირმშოს - „ჩიკაგური ბლუზის“ - ვირუსივით გავრცელებას, რომელიც მალე ევროპასაც მოედო და იქაური ახალგაზრდა მუსიკოსები „დაასნეულა“. ორ მათგანზე კი ლეგენდაც დაიბადა: თუ როგორ გადაეყარნენ ერთმანეთს ლონდონის ტრამვაის ვაგონში და, „Chess Records“-ის ფირფიტებით ხელდამშვენებულებმა, ჯგუფის შექმნა გადაწყვიტეს, რომელსაც, ლეიბლზე ჩაწერილი მადი უოტერსის შედევრის მსგავსად, „როლინგ სთოუნსი“ დაარქვეს.

XS
SM
MD
LG