Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო არ ჩქარობს „სანიმუშო ქვეყნის“ თავის რიგებში მიღებას


მაია ფანჯიკიძე, ანდერს ფოგ რასმუსენი
მაია ფანჯიკიძე, ანდერს ფოგ რასმუსენი
ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს „რეგიონში სანიმუშო ქვეყნის პერსპექტივა უწინასწარმეტყველა“, ქვეყნისა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ავრცელებს და გამორჩეულია „რეალური რეფორმების თანმიმდევრული“ განხორციელებით.

„საქართველოს შეუძლია გახდეს სანიმუშო ქვეყანა რეგიონში - ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ახორციელებს ნამდვილ რეფორმებს, რასაც რეალური შედეგები მოსდევს. საქართველოს სწორი გეზი აქვს აღებული, რათა განახორციელოს თავისუფალი არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ნატო-საქართველოს 2 აპრილის კომისიაზე საქართველომ ალიანსის ხელმძღვანელობისგან შექება დაიმსახურა როგორც „უსაფრთხოების ექსპორტიორმა“ ქვეყანამ და ნატოს არაწევრმა უმსხვილესმა კონტრიბუტორმა ავღანეთის მისიაში. „თქვენ ვალდებულება იკისრეთ წვლილი შეიტანოთ ნატოს მიერ ავღანეთისათვის შემუშავებულ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“(Resolute Support Mission) და ჩვენ მივესალმებით თქვენს გადაწყვეტილებას მონაწილეობა მიიღოთ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში“, - ასე მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შესავალ სიტყვაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.

მაგრამ მაია ფანჯიკიძემ ამჯერადაც ისე დატოვა ნატო-საქართველოს ალიანსის შტაბბინა, რომ ვერ მიიღო კონკრეტული პასუხი შეკითხვაზე, თუ როდის მიიღებს სანიმუშო ქვეყანა ნატოში გაწევრიანების სანუკვარ სამოქმედო პროგრამას (MAP). თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა მაია ფანჯიკიძემ, კომისიის სხდომაზე 2 აპრილს ნატოელი კოლეგებისაგან მან ძალიან საინტერესო „მინიშნებები მოისმინა“.

„იყო საკმაოდ კონკრეტული მინიშნებებიც დღეს. განსხვავებულია ქვეყნების პოზიციები, განსხვავებული იყო, ასე ვთქვათ, მათი განცხადებები. მაგრამ ერთ რამეში ყველა იყო ერთიანი, რომ საქართველომ ძალიან დიდ პროგესს მიაღწია და რომ ეს პროგრესი ადეკვატურად უნდა იყოს ასახული შემდგომი სამიტის გადაწყვეტილებებში და ყველა არის დარწმუნებული, რომ ეს ასეც მოხდება“, - იმედოვნებს მაია ფანჯიკიძე.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა „ნატოს განსაკუთრებულ პარტნიორად“ მიიჩნევს საქართველოს, რომელიც ალიანსში გაწევრიანებას ესწრაფვის და რომელთანაც ნატოს ბლოკს პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თნამშრომლობა აკავშირებს.

ნატოს 1-2 აპრილის მინისტერიალზე, რომლის მთავარი საკითხი რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ინტერვენცია და ანექსია იყო, ანდერს ფოგ რასმუსენს, ბუნებრივია, საქართველო-ნატოს კომისიაზეც არ აუვლია გვერდი რუსეთის მიერ ნატოს სამეზობლოში გამოწვეული კრიზისისათვის. „დღეს,როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ დაუშვებელია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ქვეყნებს აქვთ უფლება თავადვე გააკეთონ არჩევანი და ამ არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივი“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა და ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორული მთლიანობის მხარდაჭერას:

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და განვაგრძობთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას“.

ნატოს გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ, შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ივნისში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს მოწიფული დემოკრატიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გახსნის დროს ანდერს ფოგ რასმუსენმა „ღირსშესანიშნავად“ მოიხსენია საქართველოს პროგრესი დემოკრატიისა და თავდაცვის ”ამბიციური რეფორმების“ პროცესში და ხაზი გაუსვა „ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელების“ აუცილებლობას.

ჩვენს შეკითხვაზე, წამოჭრა თუ არა ოპოზიციასთან დიალოგის კონტექსტში ნატოს რომელიმე წევრი სახელმწიფოს ლიდერმა კომისიის სხდომის დროს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პროკურატურაში მოწმედ დაბარების საკითხი, მაია ფანჯიკიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ეს თემა საერთოდ არ ყოფილა და ყოფილი პრეზიდენტი არავის უხსენებია“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG