Accessibility links

logo-print
ლეიბორისტულმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად მსახიობი ასმათ ტყაბლაძე დაასახელა. რამდენიმე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტია 15 ივნისს დანიშნული ადგილობრივი თავითმმართველობის არჩევნებისთვის კოალიციის შექმნას აპირებს. როგორ აფასებენ პარტიები ხელისუფლებისა და თავიანთი კანდიდატების შესაძლებლობებს არჩევნებამდე ორი თვით ადრე?

ლეიბორისტული პარტია პირველი არასაპარლამენტო პარტიაა, რომელმაც დედაქალაქის მერობის კანდიდატი დაასახელა. პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, მსახიობი და ბიზნესმენი ასმათ ტყაბლაძე დედაქალაქის ნამდვილი დიასახლისი იქნება:

„ქალბატონ ასმათ ტყაბლაძის მერობისას თბილისი იქნება არა სამთავრობო საჯირითო ზონა, არამედ გადაიქცევა ჭეშმარიტ სახალხო დედაქალაქად, სადაც თითოეული თბილისელი მივა ყოველგვარი საშვის გარეშე თავის დიასახლისთან, ქალაქზე პასუხისმგებელ და მასზე უსაზღვროდ შეყვარებულ ადამიანთან“.

თავად ასმათ ტყაბლაძის სიტყვებით, მისი მთავარი პრიორიტეტი სოციალური საკითხების მოგვარება იქნება, მათ შორის, ტარიფების შემცირება და ცენტრალური გათბობის სისტემის აღდგენა:
ასმათ ტყაბლაძე

ასმათ ტყაბლაძე

„მე არ მიყვარს ღალატი, მე არ მიყვარს მოღალატეები და მე მიყვარს ადამიანი, რომელსაც არ ეშლება. მე არ მეშლება და ვარ ბატონი შალვას გვერდით“.

ამ დრომდე საზოგადოებისთვის ცნობილი იყო სხვა ორი პოლიტიკური ძალის - კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ - თბილისის მერობის კანდიდატთა ვინაობა: დავით ნარმანია და ნიკა მელია.

ამასთან, როგორც დღეს პარლამენტის სხდომაზე მწვანეთა პარტიის თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ამ დრომდე ვერც ერთ მედიასაშუალებას ვერ ათქმევინა, რომ მის პარტიასაც ჰყავს დასახელებული მერობის კანდიდატი. ჯერჯერობით არასაპარლამენტო ოპოზიცია კონსულტაციების რეჟიმშია კოალიციის შექმნის თაობაზე. როგორც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი, ამბობს, კარი სხვა მსურველებისთვის ჯერ ისევ ღიაა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ კოალიციის სახით გაერთიანებული არიან „დემოკრატიული მოძრაობა“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „მემარცხენე ალიანსი“ და „ქართული დასი“.

„ჩვენ უკვე ვართ ერთად და, შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღებასაც, მიმართულებების განსაზღვრასაც, დაგეგმვასაც, საარჩევნო კამპანიის წარმოებასაც, მერობის კანდიდატის შერჩევასაც როგორც თბილისში, ისე ყველა თვითმმართველ ქალაქშიც და გამგებლების კანდიდატების შერჩევასაც ვაკეთებთ ერთი გუნდის პრონციპით, სამუშაო რეჟიმში“, - ამბობს გიორგი ახვლედიანი.

იმას, რომ აუცილებლად კოალიციის სახით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ადასტურებს „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძეც, თუმცა ჯერჯერობით არც ალიანსის წევრთა შემადგენლობას ასახელებს და არც მერობისა და გამგებლების კანდიდატურებს:

„კოალიციურად, ანუ პარტიათა გაერთიანების, ბლოკის ფორმატში, მივიღებთ მონაწილეობას. ამ ბლოკის შესახებ გაცხადდება აუცილებლად მომავალ კვირაში. რაც შეეხება კონკრეტულ სუბიექტებს, ამწუთას ჯერ კიდევ მუშაობა მიდის და მე რომ თქვენ ეს დღეს გითხრათ, განცხადება საერთოდ აზრს დაკარგავდა“.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ, კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა სხვა პოლიტიკური ძალა მხოლოდ თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზეა ორიენტირებული და, აქედან გამომდინარე, მათი გაერთიანება ძნელად წარმოსადგენია...

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნია მიიჩნევს, რომ თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების უალტერნატივო შანსი სწორედ მისი კოალიციის კანდიდატს, დავით ნარმანიას, აქვს და საზოგადოებას ურჩევს ყური არ ათხოვოს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოხმობილი, ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც, არჩევნების მეორე ტური გარდაუვალი იქნება, ვინაიდან დავით ნარმანიას 50%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ ექნება. ზაზა გაბუნია არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ კოალიციის შექმნის შემთხვევაში არსებულ შანსებზეც გამოთქვამს აზრს:

„ბატონ ნარმანიას არ აქვს არავითარი პრობლემა ბარიერის გადალახვის. მეტსაც გეტვით, ის არის უდავო ლიდერი, IRI-ს ამ კონკრეტული გამოკითხვის შედეგების მიხედვით და, ზოგადად, დედაქალაქში არსებული საზოგადოებრივი განწყობის მიხედვით. არასაპარლამენტო ოპოზიციას შესწევს ძალა გააძევოს საპატიო მეორე ადგილოსნობიდან „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამას ეპოტინება“.

როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები განმარტავენ, მათი მთავარი ამოცანა იქნება ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლა. თუმცა არაერთგვაროვანი პოლიტიკური პლატფორმისა და ნაკლები ფინანსური რესურსების მქონე ოპოზიციური პოლიტიკური ძალის თუნდაც მეორე ადგილზე გასვლის ნაკლები იმედი აქვს ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში კონსტანტინე კანდელაკს, მით უფრო, თუ მთელი არასაპარლამენტო ოპოზიციური სპექტრი ვერ შეძლებს გაერთიანებას:

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ, კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა სხვა პოლიტიკური ძალა მხოლოდ თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზეა ორიენტირებული და, აქედან გამომდინარე, მათი გაერთიანება ძნელად წარმოსადგენია“.

ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ძალზე პროგნოზირებადი არჩევნების სცენარის შეცვლა რეალურად მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციას შეუძლია. სხვა სცენარით, პირველ ადგილზეა კოალიცია „ქართული ოცნება“, მეორეზე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
XS
SM
MD
LG