Accessibility links

logo-print
„რეზონანსი“ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას აშუქებს სტატიაში, სათაურით „“მაპ“-ის საკითხი ივნისში ნატოს მინისტერიალზე გადაწყდება“. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მრავალი საქებარი სიტყვა მოისმინა, თუმცა გადაწყვეტილება ნატოსთან საქართველოს დაახლოების შემდგომ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, უკეთეს შემთხვევაში, ივნისში იქნება მიღებულიო“, წერს „რეზონანსის“ავტორი. ამავე გაზეთში დღეს ქვეყნდება ინტერვიუ დიდი ბრიტანეთის მინისტრთან ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონთან. ის აცხადებს: „ბრიტანეთი ძალიან მტკიცედ ემხრობა იმ პოზიციას, რაც ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. ეს ახლა მოხდება, მაპ-ით იქნება თუ შემდეგ სხვა ფორმატით, ეს მალე გამოჩნდება“.

დღევანდელ გაზეთებში დაწვრილებით შუქდება 2 აპრილს მთავარი პროკურატურის მიერ გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. „ალიას“ ვრცელი სტატია რედაქციისავე კითხვებით სრულდება: „კი მაგრამ, რატომ არაფერს ამბობს პროკურატურა, რატომ გადაადგილდება ქალაქში ასე თავისუფლად დაცვის პროგრამაში ჩასმული მოწმე და სად არის ამ დროს საგანგებოდ მიჩენილი დაცვა პროკურატურას საგანგებო განცხადებაში გაკვრითაც არ უხსენებია, რომ ის მოწმეთა დაცვის პროგრამიდან ამოიღეს და დაცვა მოეხსნა. თუ დაცვა იმიტომ მოუხსნეს თათუხაშვილს, რომ მასზე ფარული თვალთვალი მიმდინარეობდა, მაშინ სად იყვნენ ფარული მეთველყურეები და რატომ ვერ ამბობს პროკურატურა სად, როდის და რა ვითარებაში მიიღო ის დაზიანებები თათუხაშვილმა, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა?“

შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე ლაპარაკობს „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი: „ყველაზე მყარი მტკიცებულება იქნებოდა ექსპერტიზა და იქნება ის ექსპერტიზა, რომელიც ხელისუფლებამ დანიშნა და რომელიც, სამწუხაროდ, არ დანიშნა ოჯახმა. თუ ექსპერტიც დაადასტურებდა, რომ ეს არის ფიზიკური ზემოქმედების კვალი, ეს სერიოზული მტკიცებულება იქნებოდა სასამართლოზე. ზოგიერთ ფოტოზე, მართლაც, აშკარად ჩანს სისხლჩაქცევები, ჩალურჯებები და ეს, სავარაუდოდ, უნდა იყოს დაზიანებების კვალი და, მით უმეტეს, აქედან გამომდინარე უნდა დაენიშნა ოჯახს“, - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე.

გაზეთ „პრემიერში“ ქვეყნდება მოსაზრება, რომელსაც იმპულსი შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებამ მისცა. ავტორი ადრინდელ გახმაურებულ მკვლელობებს იხსენებს და წერს: „მე მოვკალი სანდრო და სხვები! რატომ? იმიტომ, რომ მაშინ, იმ დროს ყველამ პირი შეკრა და... ყველა ხედავდა მხოლოდ, რომ „თბილისი სინათლის ქალაქი“ იყო; ხედავდა „განახლებულ სიღნაღს“; ხედავდა ავტობანის უპირატესობას; ხედავდა მშვენიერ ბათუმს, ზუგდიდს, რუსთავს... ქრთამი - არა, წყალი და დენი - კი, სხვანაირი პოლიციელი, სხვანაირი მოხელე. და, განა, მეტი უნდა „პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეს“?. არა!“

ამავე გაზეთში დღეს სტატიაა, სათაურითი „ბიძინას ჰობი“. ტექსტი ასე იწყება: „მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს სხვადასხვა ჰობი აქვთ. აი, მაგალითად, ზოგი ცხოველთა უფლებების დაცვის საზოგადოებას ქმნის, ზოგიც მილიონებს ჭიანჭველებში უშვილობის პრობლემების დაძლევაში ხარჯავს. ბიძინასთვის კი ჰობი ადამიანებით თამაშია“. სტატიის ავტორი სულ უსახელო „წყაროს“ იშველიებს, რომელიც ხან საპარლამენტო „უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერია“, ხან „სამთავრობო წყაროები“. ჰოდა, ერთ-ერთ „წყაროს“ ბიძინა ივანიშვილზე უთქვამს: „რა, ვერ ატყობთ, რომ საქართველო საკუთარ შპს-დ გადააქცია და იმას აკეთებს, რაც მოუნდება? მოკლედ, ბიძინა თვლის, რომ ღმერთიც თვითონ არის და კონსტიტუციაც და ვაი მას, ვინც არ დაემორჩილება“. გაზეთ „პრემიერის“ ამ სტატიაში დიდი ადგილი ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის უთანხმოების თემას ეთმობა.
XS
SM
MD
LG