Accessibility links

logo-print
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, თუმცა ცხინვალში დომენტი ყულუმბეგოვს უკვე უწოდეს ახალი ძველი პრემიერი. მთავრობის ხელმძღვანელად მის დანიშვნას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ხელი 2 აპრილს მოაწერა. მანამდე ყულუმბეგოვი 2 თვის განმავლობაში ისედაც მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა - მას შემდეგ, რაც თიბილოვმა იანვარში მთავრობა დაითხოვა. ამ ორი თვის განმავლობაში ცხინვალში მუდმივად მიდიოდა საუბარი ახალი მთავრობისა და პრემიერის კანდიდატურებზე. ერთ-ერთი ვერსიით, კრემლი ცხინვალში საკუთარი კანდიდატურის გამოშვებას აპირებდა, მაგრამ ადგილობრივი ეგრეთ წოდებული სახელისუფლებო ელიტა და თვითონ თიბილოვი ყულუმბეგოვს უჭერდა მხარს. საბოლოო გადაწყვეტილება მაინც კრემლში მიიღეს და ეს ცოტა ხნის წინ მოსკოვში გამართული სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში სამთავრობათშორისი კომისიის სხდომის შემდეგ მოხდა, როცა თიბილოვი და ყულუმბეგოვი კრემლის მაღალჩინოსნების სერგეი ივანოვის, ვლადისლავ სურკოვის და ალექსანდრ ხლოპონინის წინაშე წარდგნენ.

მოსკოველი პოლიტოლოგი ალექსანდრ კარავაევი ჩვენს რადიოსთან საუბარში ეჭვს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ ყულუმბეგოვის კანდიდატურის გაყვანა ოსური სახელისუფლებო ელიტის გამარჯვება იყოს, რადგან კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი.

წინა წლების მსგავსად, ფინანსური ნაკადების გაკონტროლებას ამჟამინდელი პრემიერი უკვე ვეღარ შეძლებს, რადგან კრემლმა და მისმა კურატორმა ცხინვალში, ვლადისლავ სურკოვმა, დაფინანსების მექანიზმი მთლიანად შეცვალა. ცხინვალელი ექსპერტი ალან ჯუსოევი მიიჩნევს, რომ ახლა მთავარი აქცენტი რესპუბლიკის აღდგენის პროცესზე კი არა, მმართველობის ახალი სისტემის შექმნაზე კეთდება.

„პოლიტიკური მოღვაწეობის იმიტაცია“ - ასე უწოდებს დე ფაქტო მთავრობაში მიმდინარე პროცესებს ოსი ჟურნალისტი თემურ ცხურბათი. მას არ ესმის, რა საჭირო იყო ორთვიანი ლოდინი იმისთვის, რომ ხელისუფლებაში იგივე ადამიანები დარჩენილიყვნენ, რომლებიც იანვრამდე მუშაობდნენ. ცხურბათის აზრით, ყულუმბეგოვი არასოდეს იღებდა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს - შესაბამისად, ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ლიდერად და ამიტომაა ადგილობრივი პოლიტიკური ელიტისთვის მისაღები კანდიდატურა.

ექსპერტების აზრით, დომენტი ყულუმბეგოვმა, პირველ რიგში, კრემლის კურატორების ნდობა უნდა გაამართლოს. გარდა ამისა, მოსკოვმა ცხინვალში საკუთარი კაცის არდანიშვნით პასუხისმგებლობა მთლიანად თიბილოვის მთავრობას დააკისრა. დე ფაქტო რესპუბლიკაში თუ კიდევ ერთხელ ჩავარდა აღდგენითი სამუშაოები, ეს ჯერ თიბილოვის და ყულუმბეგოვის, შემდეგ კი მათი კურატორის, ვლადისლავ სურკოვის, პირდაპირი პასუხისმგებლობა იქნება.
XS
SM
MD
LG