Accessibility links

logo-print

რა ეჭვებს იწვევს საიდუმლო საბანკო ინფორმაციის დაცვა


პარლამენტის სხდომათა დარბაზი

პარლამენტის სხდომათა დარბაზი

საპარლამენტო ოპოზიცია საბანკო ანგარიშებზე ”ტოტალური კონტროლის” დაწესების საფრთხეს ხედავს კანონპროექტში, რომელიც 4 აპრილს პირველი მოსმენით (70 ხმით 2-ის წინააღმდეგ) დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. ”საუბარია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში და მის თანმდევ კანონებში შესატან ცვლილებებზე, რაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარებას გულისხმობს. არასამთავრობო სექტორში აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ფინანსური მონიტორინგის სამსახური - ძველი ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთებსაც ასრულებდა.

სადავო კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომლის ძირითად ფუნქციასაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კონტროლი წარმოადგენს, პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადადის და სწორედ ამაში ხედავს საპარლამენტო უმცირესობა განგაშის საფუძველს. ამგვარ პერსპექტივას 4 აპრილის სხდომაზე ”ნაციონალური მოძრაობის” არაერთი წარმომადგენელი გამოეხმაურა. ისინი მიიჩნევენ, რომ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის მექანიზმს, რითაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურია აღჭურვილი, აუცილებლად ბოროტად გამოიყენებს აღმასრულებელი ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრის თაოსნობით, და რომ ეს დააფრთხობს ინვესტორებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. დეპუტატი გიორგი ვაშაძე ტოტალური კონტროლის საფრთხეზე ლაპარაკობს:
ჩვენ სხვა ქვეყანას ვაშენებთ და ვთვლით, რომ ეს სამსახური სრულად უნდა ემორჩილებოდეს პრემიერ-მინისტრს. ის არც ერთ სხვა ინსტიტუტთან არ იქნება...

”ეს გულისხმობს, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქის ანგარიში, ყველა ბიზნესორგანიზაციის ანგარიში გაკონტროლდება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან; ეს გულისხმობს, რომ მათ არ დასჭირდებათ არც სასამართლო გადაწყვეტილება და არც რაიმე შეთანხმება რომელიმე სხვა უწყებასთან იმისთვის, რომ გააკონტროლონ ვინ ვის რა თანხა გადაურიცხა; მათ არ დასჭირდებათ არანაირი სასამართლო გადაწყვეტილება იმისთვის, რომ პირდაპირ ჰქონდეთ წვდომა კომერციულ საიდუმლოებასთან”.

”ნუ აშინებთ მოსახლეობას... არავის ანგარიში არ გაკონტროლდება, თუ ის არ ეხება ფულის გათეთრებას ან ტერორიზმის დაფინანსებას... ჩვენ სხვა ქვეყანას ვაშენებთ და ვთვლით, რომ ეს სამსახური სრულად უნდა ემორჩილებოდეს პრემიერ-მინისტრს. ის არც ერთ სხვა ინსტიტუტთან არ იქნება”, - მიმართა პოლიტიკურ ოპონენტებს კანონპროექტის თანაავტორმა და მომხსენებელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა დავით ონოფრიშვილმა. მან თქვა, რომ დამოუკიდებელი სტრუქტურების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მიერ აპრობირებულ პრაქტიკას წარმოადგენდა:

”როცა თქვენ გინდოდათ, ეროვნული ბანკი, რომელიც სრულიად აპოლიტიკური ორგანიზაციაა, აუდიტის სამსახური ჩართეთ და სწორედ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოიყენეთ. და ყველაზე დიდი დარტყმა თქვენ მიაყენეთ, როდესაც დაიწყეთ ”ქართუ ბანკის” გაკოტრება, ჩვენი მხარდამჭერების ქონების წართმევა და ასე შემდეგ... ეს იყო თქვენი რეალური სახე, რაც თქვენ გააკეთეთ. ხოლო ჩვენ რასაც ვაპირებთ და ვაკეთებთ, ეს არის ევროპული გზა. და ასეა ევროკავშირის 99 % ქვეყანაში”.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სწორედ პროკურატურიდან ხდებოდა სახელებისა და გვარების მიწოდება და შემდეგ მათი ფინანსური ოპერაციების შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახური აწვდიდა პროკურატურას ინფორმაციას...

ეს სამსახური რეალისტურად აპოლიტიკური და დამოუკიდებელი არასოდეს ყოფილა, აცხადებს ჩვენთან საუბარში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე. ის შესწავლილ ფაქტებზე აპელირებს და დარწმუნებით ამბობს, რომ 2003 წელს შექმნილი ფინანსური მონიტორინგის სამსახური წინა ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდა:

”მაგალითად, იგივე კალაძის საქმე, როდესაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გადაუგზავნა პროკურატურას ინფორმაცია მისი საბანკო ოპერაციების შესახებ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სწორედ პროკურატურიდან ხდებოდა სახელებისა და გვარების მიწოდება და შემდეგ მათი ფინანსური ოპერაციების შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახური აწვდიდა პროკურატურას ინფორმაციას”.

ნოდარ ჭიჭინაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნულ ბანკს ჩამოშორდება და პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადავა. ის თვლის, რომ თუკი ვინმე კანონს დაარღვევს, ის უნდა დაისაჯოს და წინასწარ შეუძლებელია იმის თქმა, დაარღვევენ თუ არა კანონს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
თეორიულად მას შეუძლია ყველა ტრანსაქცია შეამოწმოს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში არის სუსტი ურთიერთკონტროლის მექანიზმები ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის, ამგვარი თავისუფლება არ უნდა ჰქონდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას...

აუცილებლად ბოროტად გამოიყენებს თუ არა მთავრობა წვდომას საიდუმლო საბანკო ინფორმაციაზე, ამის ზუსტად თქმა, ცხადია, არც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელ მიხეილ კუკავას შეუძლია. მაგრამ როგორც ის აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაქვემდებარებით აღმასრულებელ ხელისუფლებას ამის ბერკეტი უჩნდება:

”თეორიულად მას შეუძლია ყველა ტრანსაქცია შეამოწმოს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში არის სუსტი ურთიერთკონტროლის მექანიზმები ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის, ამგვარი თავისუფლება არ უნდა ჰქონდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას. ჩვენ ასევე შევისწავლეთ საერთაშორისო გამოცდილება და იქ ვნახეთ, რომ, მართალია, არსებობს არაერთი შემთხვევა, როდესაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური აღმასრულებელ ხელისუფლებასთან არსებობს, მაგრამ იმ ქვეყნებში ძლიერია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ურთიერთკონტროლის მექანიზმები. საქართველოში ეს სუსტია. ხოლო ერთი შემთხვევაც კი ვერ ვიპოვნეთ, როდესაც ცენტრალურ ბანკთან არსებობდა ფინანსური მონიტორინგის უწყება და გადაეცა აღმასრულებელ ხელისუფლებას”.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი მიხეილ კუკავა შიშობს, რომ კანონპროექტში არ დევს საგარანტიო მექანიზმები იმისთვის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არ აჰყვეს ცდუნებას და ბოროტად არ გამოიყენოს ხელმისაწვდომი საბანკო საიდუმლოება.
XS
SM
MD
LG