Accessibility links

„იპოვე, წაიკითხე, მონიშნე, დადე – დაიმგზავრე წიგნები!“ -ეს არის მთავარი გზავნილი იდეისა, რომელსაც „მოხეტიალე წიგნები“ ჰქვია და რომელიც რამდენიმე დღის წინ მწერალ ჯაბა ზარქუას გაუჩნდა. მისი თქმით, ეს წამოწყება მიზნად ისახავს პოლიტიზებული ქუჩების, უბნების, ქალაქების და მთლიანად ქვეყნის კულტურულ ბლოკადას. ამ ე.წ. თამაშს თავისი წესები აქვს. თამაში, რომელიც თბილისში დაიწყო, მალევე მოედო ქუთაისს, ზუგდიდს, რუსთავს, გორს და სხვა არაერთ ქალაქს.

წიგნი სკამზე, წიგნი მეტროში, წიგნი სადარბაზოში, წიგნი კაფეში, მაგიდაზე, წიგნი ავტობუსში, წიგნი მიწისქვეშა გადასასვლელში, წიგნი ავტომობილის საქარე მინაზე...წიგნებმა ფეხი აიდგეს და ქუჩებში შეთქმულებივით დაიწყეს ხეტიალი. მოხეტიალე წიგნებმა წალეკეს სოციალური ქსელი, დაიპყრეს ელექტრონული მედია. წიგნების ვირუსი. წიგნების რევოლუცია. წიგნების ბუმი. ფეხადგმულ წიგნებს ეძებენ მკითხველები. ფეხადგმული წიგნები ეძებენ მკითხველებს. ვკითხულობთ მოხეტიალე წიგნებს:

„მე მოხეტიალე წიგნი ვარ და თუკი ეს წიგნი შენს ხელთაა, იცოდე, რომ ჩემი სულის ნაწილს გჩუქნი“.
„მე მოხეტიალე წიგნი ვარ და ჩემმა პატრონმა აქ დამტოვა, შენ რომ გეპოვნე“.„დღეიდან მე უკვე მოხეტიალე წიგნი ვარ“.
„გამარჯობა, მე მოხეტიალე წიგნი ვარ, ჩემმა პატრონმა სახეტიალოდ გამომიშვა“.
„გამარჯობა, ჩემმა პატრონმა ჯერჯერობით მარტო მე გამომიმეტა სახეტიალოდ“.
„გამარჯობა, მე მოხეტიალე წიგნი ვარ. იცით, რომ პოლკოვნიკმა აურელიანო ბუენდიამ ოცდათორმეტი აჯანყება მოაწყო?“
„როცა მიპოვი, გადამშალე, ხოლო როცა წამიკითხავ, კვლავ გამიშვი სამოგზაუროდ“.


საქმე ძალიან მარტივად არის. აი, მაგალითად, შენ ხარ 19 წლის შავთმიანი გოგო, ან 26 წლის საშუალო სიმაღლის ბიჭი. ან, სულაც, შესაძლოა, შენ ხარ 34 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სამსახურში აგვიანდება - ცალი ხელით ჩაის სვამს, ცალი ხელით ჯინსებს იკრავს, თმის დავარცხნას ვეღარ ასწრებს, ქურთუკს გზადაგზა იცვამს, ჩანთას მხარზე იგდებს და თავქუდმოგლეჯილი გარბის სახლიდან. დგება ავტობუსის გაჩერებაზე. მისი ავტობუსი 9 წუთზე ადრე ვერ მოვა. სულ ტყუილად ირბინა. ისაა, სკამზე უნდა ჩამოჯდეს, რომ წიგნს ამჩნევს. ჯერ ფიქრობს, აიღოს თუ არა. მერე უფრო ახლოს მიდის წიგნთან. იხედება აქეთ-იქით. წიგნის პატრონი არ ჩანს. იღებს წიგნს, შლის პირველ გვერდს და აღმოაჩენს, რომ წიგნი, სახელწოდებით, მაგალითად, „ელემენტარული ნაწილაკები“, ან „ცხოველების ფერმა“, ან „გასაბერი ანგელოზი“, ან „გოგონა დრაკონის ტატუთი“, ან „ჯინსების თაობა“, ან „მკითხველი უნდა მოკვდეს“ და ა.შ., მოხეტიალე წიგნად ქცეულა და 9 წუთი 9 წამში გადის და ქალი, წიგნით ხელში, ყვითელ ავტობუსში ადის.
ყოველ წუთს, ყოველ წამს შემოდის ახალ-ახალი გზავნილები, წიგნების ფოტოები. საოცარი აქტიურობაა, წარმოუდგენელი, და ეს ყველაფერი ისეთი სახალისოა, ისეთი საინტერესო. უამრავი ადამიანი გვიხდის მადლობას ამ წამოწყებისთვის. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ჩვენ სადმე რაიმე ტიპის რეკლამა გავუშვით...


ეს ყველაფერი ჯაბა ზარქუას ბრალია. ის მწერალია. ამ სამი-ოთხი დღის წინ აღმოაჩინა, რომ მისი რომანი „მკითხველი უნდა მოკვდეს“ ისე არ იყიდება, როგორც მას უნდა, რომ იყიდებოდეს და ერთი იდეა მოუვიდა თავში. თუმცა მე რატომ ვყვები მის ამბავს, ადგეს და თავად მოყვეს: „იდეა იყო ძალიან მარტივი. იღებ წიგნს, აწერ პირველ გვერდზე: გამარჯობა, მე ვარ მოხეტიალე წიგნი, დამიმგზავრე და ჩამომსვი სადმე. შემდეგ ამ წიგნს პოულობს ვინმე, კითხულობს ან არ კითხულობს და მიანდობს სხვა მკითხველს და ასე იწყებენ წიგნები მოგზაურობას. და ძალიან საინტერესოა, წლების მერე თუ წააწყდება ვინმე მის მიერ სამოგზაუროდ გაშვებულ წიგნს“, - ამბობს ჯაბა ზარქუა.

ჯაბა ზარქუას მოხეტიალე წიგნის იდეა საკუთარი რომანის მკითხველამდე მიტანის სურვილმა გაუჩინა, თუმცა სოციალურ ქსელში დაწერილ მის ამ იდეას სულ რამდენიმე წუთში ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომელსაც, ალბათ, არც ჯაბა და, საერთოდ, არც არავინ ელოდა. იმავე საღამოს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შეიქმნა გვერდი, სახელწოდებით „მოხეტიალე წიგნები“, რომელსაც, აი, ახლა ამწუთას, ამ სიუჟეტის ტექსტს რომ ვწერ, 31 ათასზე მეტი მოწონება აქვს და სადაც უკვე ასეულობით მოხეტიალე წიგნის ფოტო თუ წიგნზე მინაწერია ატვირთული. გვერდს ყოველ წუთს ემატება ახალი და ახალი მოხეტიალე წიგნები. უკვე გამოჩნდნენ იღბლიანი მკითხველებიც, რომლებსაც გაუმართლათ და მოხეტიალე წიგნებს გადააწყდნენ ქუჩაში „მოხეტიალე წიგნების“ ფეისბუქ-გვერდის ხუთ ადმინისტრატორს საქმე არ ელევა. ერთ-ერთია ფსიქოლოგი მარიამ ყაჯრიშვილი. ფაქტობრივად, 24 საათიანი გრაფიკით გვიწევს მუშაობა, მეუბნება ის: „ყოველ წუთს, ყოველ წამს შემოდის ახალ-ახალი გზავნილები, წიგნების ფოტოები. საოცარი აქტიურობაა, წარმოუდგენელი, და ეს ყველაფერი ისეთი სახალისოა, ისეთი საინტერესო. უამრავი ადამიანი გვიხდის მადლობას ამ წამოწყებისთვის. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ჩვენ სადმე რაიმე ტიპის რეკლამა გავუშვით. ეს ყველაფერი თავისით, სპონტანურად მოხდა და ეს იყო ჩვენთვის ასეთი შოკის მომგვრელი“, - ამბობს მარიამი.

„მოხეტიალე წიგნის“ პირველმა მპოვნელმა დიდხანს არ ალოდინა ინტერესში ჩავარდნილი საზოგადოება. პირველი მპოვნელი აქციის დაწყებიდან მეორე დილასვე გამოჩნდა. ნატუკა გიგაური სტუდენტია. სწავლის პარალელურად ის ტექნიკის მაღაზიაში მუშაობს. ამელი ნოტომის „შეყვარებულის ამხედრება“, სამსახურში მისულმა, სამუშაო მერხზე აღმოაჩინა. მან „მოხეტიალე წიგნების“ შესახებ არაფერი იცოდა. გადაშალა წიგნი და წაიკითხა: „მე მოხეტიალე წიგნი ვარ და დღეს ვიწყებ მოგზაურობას, რათა თქვენც ისე შემიყვაროთ, როგორც ჩემს მფლობელს ვუყვარდი. წაკითხვის შემდეგ აუცილებლად მიმაწერე ჩვენი განშორების ადგილი და თარიღი. დასაკარგავად ნუ გამიმეტებ და ნურც მიჩუქებ“...
ჩვენ ეს გვაკლია. ქუჩაში იშვიათად თუ დაინახავ, რომ ადამიანი კითხულობს, და ამის გატანა, წიგნის გამიწიერება, როგორც ნივთის, და თქმა, რომ ყველგან შეიძლება იკითხო და ყველგან შეიძლება იპოვო წიგნი, ყველგან შეიძლება დატოვო წიგნი და ამ წიგნს აუცილებლად „წაიყვანს“ ვინმე...


მართალია, ჯერ არ უპოვია მოხეტიალე წიგნი, მაგრამ თავად გაუშვა სამოგზაუროდ ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი“ ანი ყიასაშვილმა. „ჰარი პოტერი“ მისი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია. „ჰარი პოტერმა“ ხეტიალი ანისთვის საყვარელი ადგილიდან, ალექსანდრეს ბაღიდან დაიწყო, რადგან სწორედ ამ ბაღში იკრიბებოდნენ რამდენიმე წლის წინ ბავშვები, რომლებსაც „ჰარი პოტერის“ თავგადასავლები უყვარდათ და რომლებიც ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. ანის ისიც კი აქვს წარმოდგენილი, როგორია მკითხველი, რომელმაც მის მიერ სახეტიალოდ გაშვებული წიგნი იპოვა: „ის, ალბათ, არის 11-12 წლის გოგონა, რომელიც თამაშობდა იმ პარკში, სადაც წიგნი დავტოვე. ის, ალბათ, გამხდარია, შავი მოკლე თმით, რომელიც თამაშისას გადააწყდა ამ წიგნს, დაინტერესდა რა იყო და, იმედია, წაიკითხა ჩემი გზავნილი და გადაერთო იმ ფანტასტიკურ სამყაროში, რაშიც მე გადავერთე, როცა 11 წლის ვიყავი და ძალიან ბედნიერი ვარ ამით“, - მეუბნება ანი.

„მოხეტიალე წიგნების“ აქციას შეუერთდა მწერალთა სახლიც. ამ იდეას ვერაფრით გამოვაკლდებოდითო, მეუბნება მწერალთა სახლის თანამშრომელი და დრამატურგი დათო გაბუნია. მათ გადაწყვიტეს მოხეტიალე წიგნებისათვის დიდი თეთრი ყუთი დაედგათ. თავად დათომ ამ სამი-ოთხი დღის განმავლობაში უკვე 15-მდე წიგნი გაუშვა სახეტიალოდ: „შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს წამოწყება ზედაპირული რამ არის და, უბრალოდ, მოდური ტენდენციაა და მეტი არაფერი, მაგრამ ძალიან კარგი, თუკი კითხვა ხდება მოდური ტენდენცია. ჩვენ ეს გვაკლია. ქუჩაში იშვიათად თუ დაინახავ, რომ ადამიანი კითხულობს, და ამის გატანა, წიგნის გამიწიერება, როგორც ნივთის, და თქმა, რომ ყველგან შეიძლება იკითხო და ყველგან შეიძლება იპოვო წიგნი, ყველგან შეიძლება დატოვო წიგნი და ამ წიგნს აუცილებლად „წაიყვანს“ ვინმე და წაიკითხავს და მერე ისევ დატოვებს სადმე, ეს ძალიან კარგი ტენდენციაა.
და რატომაც არა, იყოს ეს მოდა. იყოს ეს ტრენდი“, - მიაჩნია დათო გაბუნიას.

მოხეტიალე და მოსიარულე წიგნებისა თუ ბიბლიოთეკების იდეა უკვე წლებია პოპულარულია საზღვარგარეთ. მაგალითად, ინგლისის ქალაქების ქუჩებში შემოდგომობით აუცილებლად წააწყდებით საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დატოვებულ წიგნებს, პატარ-პატარა გზავნილებით. ამ აქციას ყოველწლიურად ისეთი ცნობილი გამომცემლობები ახორციელებენ, როგორიცაა „გარდიანი“ და „ობზერვერი“. თუმცა რა საჭიროა ელოდო შემოდგომას, როცა წიგნის კითხვას კონკრეტული სეზონი და ამინდი არ სჭირდება. თბილისის ქუჩებში გამოსულ წიგნებს ამიერიდან უკვე ნებისმიერ სეზონსა და ნებისმიერ ამინდში შეგიძლია წააწყდე. მთავარია, ეძებო. ეძებო ისე, როგორც კიდევ ერთი ჩემი რესპონდენტი თათია ნიკოლაძე ეძებს: „ამ თამაშის შესახებ მეგობრებისგან გავიგე და მას მერე ყველგან დავეძებ წიგნებს. ჯერ არ გამიმართლა, მაგრამ, აი, უკვე სამი დღეა ვეძებ, ყველაფერს ვაკვირდები, სადმე ხომ არ დევს მოხეტიალე წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნებს ხშირად ვყიდულობ, ეს მაინც განსხვავებული შეგრძნებაა. ჯერ იმიტომ, რომ რაღაცის პოვნა ყოველთვის სასიამოვნოა და მერე კი, შესაძლოა, იპოვო ისეთი წიგნი, ისეთი ავტორი, რომელიც ჯერ არ წაგიკითხავს, მის შესახებ არაფერი გსმენია და ამ გზით აღმოაჩინო. თან ყველაფერთან ერთად ნაპოვნის წაკითხვის შეგრძნება, ალბათ, განსხვავებულია. ვაგრძელებ ძებნას და იმედია, იმ ადგილებში, სადაც მე მიწევს სიარული, გადავაწყდები მოხეტიალე წიგნს“, - ამბობს თათია.

ქალაქში წიგნები დადიან. იყავით ყურადღებით. ნუ დაიბნევით მათი დანახვისას. თქვენ გაგიმართლათ: გადააწყდით წიგნს, გადააწყდით ავტორს, რომელიც ჯერ არ წაგიკითხავთ, რომელიც ახლა უნდა აღმოაჩინოთ. და ნურც იმაზე იდარდებთ, თუკი ისეთ წიგნს გადაეყრებით, რომელიც უკვე წაკითხული გაქვთ. უბრალოდ, გაუღიმეთ. შეგიძლიათ გადაფურცლოთ-გადმოფურცლოთ, მაგრამ იქვე დატოვეთ. აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვისაც ის ჯერ არ წაუკითხავს. თქვენ კი განაგრძეთ ძებნა.
XS
SM
MD
LG