Accessibility links

logo-print
ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, გიგა ბოკერიას, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით 5 საათის განმავლობაში კითხავდნენ. პროკურატურის ცნობით, ის დაიკითხა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის თაობაზე. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ აქვს მინიჭებული. გოგა ბოკერიას თქმით, უხერხულიც კი იყო, რომ ასე დაგვიანდა მისი დაკითხვაზე დაბარება.

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნისთვის პროკურატურაში დაბარება მოულოდნელი არ ყოფილა. გიგა ბოკერიამ დაკითხვაზე შესვლამდეც და გამოსვლის შემდეგაც გაიმეორა, რომ პროკურატურას ყოფილი პრემიერი პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს და იმ ფონზე, როცა მისი თანაგუნდელების ნაწილი ან ციხეშია, ან ბრალი აქვს წაყენებული, ან დასაკითხად დადის, უხერხულიც კი იყო ამდენი ხნის განმავლობაში პროკურატურა მასაც რომ არ იბარებდა:

„ბენებრივია, ახლა დეტალებზე საუბარს არ შევუდგები, მაგრამ ის თემებია და ის მიმართულება, რაც თავის დროზე პრემიერს და ახლა დე ფაქტო მმართველს, ივანიშვილს, დაანონსებული ჰქონდა, ანუ ჩემთვის არაფერი მოულოდნელი არ იყო. ხარჯები, რომელიც უშიშროების საბჭომ გასწია, ოფიციალურად დოკუმენტირებული ხარჯებია, რომელსაც თავის დროზე პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი თვლიდა, რომ არ იყო მიზნობრივი, და გამოძიება ახლა ამ მიმართულებით მუშაობს“.

დაკითხვაზე შესვლამდე გიგა ბოკერიას განმარტებით კი, მისი დაკითხვა უკავშირდება ღრმა კრიზისს, რომელშიც ხელისუფლება იმყოფება:

„უფრო კონკრეტულად, მე მგონია, რომ თუ კი რამეს შეიძლება, სავარაუდოდ, დავუკავშიროთ კონკრეტულად ეს დღე, მე მგონია, რომ ეს დაკავშირებულია იმ ღრმა კრიზისთან, რომელშიც ხელისუფლება და მისი დაკვეთით მოქმედი სამართალდამცავი ორგანოები და პროკურატურა იმყოფება თათუხაშვილის სიკვდილის საქმესთან დაკავშირებით, ნუგზარ წიკლაურის ცემასთან დაკავშირებით და, როგორც ჩანს, ხელსაყრელ მომენტად მიიჩნიეს ეს დღე“.
სადაც ნელსონ მანდელა იჯდა ციხეში 23 წელი, რამენაირად ჩემი ქმარიც ამას გადაიტანს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს და მის პაჟს, ღარიბაშვილს, ვპირდები, რომ ჯოჯოხეთს მოვუწყობ...

გიგა ბოკერიას განმარტებით, ხარჯები, რომლის გაწევის არამიზნობრიობაშიც ედავებიან, განკუთვნილი იყო ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„მე ვთვლი და ვთვლიდი, როგორც მაშინ უშიშროების საბჭოს მდივანი, რომ ეს მიმართულებები - ევროატლანტიკური ინტეგრაცია, არაღიარების პოლიტიკა, რუსეთთან მიმართებით არსებული საკითხები და სხვა მრავალი საკითხი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას და საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება - იყო ჩემი მოვალეობა და იყო აბსოლუტურად ადეკვატური და ეს მათი გადაწყვეტილებაა, თუ ისინი ამ მიმართულებებს თვლიან არაადეკვატურად, არაადეკვატურად კი არა, საერთოდ, კრიმინალურად თვლიან, როგორც ირკვევა“.

მეუღლის დაკითხვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჟურნალისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმაც და ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „ჯოჯოხეთის მოწყობას“ დაჰპირდა:

„რეალურად ეს მოწმის სახით დაკითხვაც ხომ ფარსია. ბრალის წაყენება უნდათ, ხომ? და ვნახოთ რითი დამთავრდება ეს ყველაფერი და ახლა სადაც ნელსონ მანდელა იჯდა ციხეში 23 წელი, რამენაირად ჩემი ქმარიც ამას გადაიტანს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს და მის პაჟს, ღარიბაშვილს, ვპირდები, რომ ჯოჯოხეთს მოვუწყობ“.

გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებას ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში ოპონენტების განადგურების მცდელობად მიიჩნევს და გახმაურებული საქმეების გამოძიების გადაფარვასთან აკავშირებს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, განაცხდა:
’ნაციონალური მოძრაობა’ ყველაფერს პოლიტიკურ ნიშანს ანიჭებს, რაც ჩემთვის მიუღებელია. თუ არსებობს კითხვები, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გასცეს იმ კითხვებს პასუხი...

„მთლიანად მთავრობა არის აჭრილი მას შემდეგ, რაც, მაღალი ალბათობით, ოფიცერი თათუხაშვილი პროკურატურის ზეწოლის შედეგად იქნა ნაპოვნი გარდაცვლილი... ძალიან მაღალი ალბათობით, სამართალდამცავები მონაწილეობდნენ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის თავდასხმაში. სწორედ ასეთ ვითარებაში ბოკერიას დაბარება არის სხვა არაფერი, თუ არა უნიჭო გადაფარვის მცდელობა და ამ საქმეებიდან ყურადღების გადატანა“.

პარტიათა სრულიად უთანაბრო პირობებში ჩაყენების გამო, გიგი უგულავას თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არჩევნების ლეგიტიმურობა.
როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, სავსებით ლოგიკურია კითხვების არსებობის პირობებში ნებისმიერი ყოფილი თუ ამჟამინდელი თანამდებობის პირის დაკითხვაზე დაბარება. ამას ამბობს ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც:

„’ნაციონალური მოძრაობა’ ყველაფერს პოლიტიკურ ნიშანს ანიჭებს, რაც ჩემთვის მიუღებელია. თუ არსებობს კითხვები, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გასცეს იმ კითხვებს პასუხი“.

გავიხსენოთ, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის საქმიანობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. გასული წლის ზაფხულში ის ერთ-ერთ ინტერვიუში მიუთითებდა, რომ კითხვები გიგა ბოკერიას აუცილებლად უნდა დაუსვან სამართლდამცავმა უწყებებმა იმის თაობაზე, თუ როგორ განკარგავდა გიგა ბოკერია სახელმწიფო სახსრებს უცხოური ლობისტური კომპანიების დასაქირავებლად:

„2012 წელს ლობისტემზე ბიუჯეტიდან 16 მილიონია დახარჯული და ამას ედო გრიფი „საიდუმლო“. რამდენიმე თვე დასჭირდა ფინანსთა მინისტრს, რომ ეს გაეხსნა და დღეს პროკურატურაშია გადაცემული და გამოძიება მიმდინარეობს, რამეთუ იქ არის 200 ათასი, 300 ათასი, 400 ათასი ნაღდი ფულით აღებული. გიგა ბოკერიას სამსახურით არის ეს ყველაფერი გაკეთებული და, რა თქმა უნდა, მასთან შეკითხვები არსებობს. უფრო მეტს მე არ ვიტყოდი, შეკითხვები აუცილებლად იქნება მასთან“.

მაშინ, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვეა დარჩენილი, მიზანშეწონილი არ არის, თუ ამის გარდაუვალი აუცილებლობა არ არსებობს, საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართული პირების დაკითხვაზე დაბარება და, განსაკუთრებით, დაკავება, ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია. მისივე თქმით, მსგავსი რეკომენდაცია გასული არჩევნების წინ უწყებათაშორისმა კომისიამ გასცა და ის შესრულდა კიდეც. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ გარკვეული მორატორიუმის გამოცხადება არც ამ შემთხვევაში იქნებოდა ურიგო:

„ნამდვილად არ წაადგება წინასაარჩევნო პერიოდს და მის შეფასებებს. ამიტომ, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუკი მაქსიმალურად თავს შეიკავებენ წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ქმედებებისაგან, თვითონ ქვეყნისთვის და წინასაარჩევნო გარემოსთვის“.

ხელისუფლების არგუმენტი ცნობილია: საქართველოში ყველა წელი საარჩევნოა. შესაბამისად, ამით საგამოძიებო ორგანოებს არ უნდა შეეკრას ხელ-ფეხი.

დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ აქვს მინიჭებული, დაგეგმილია თუ არა სხვა პირების დაკითხვა ან გახდება თუ არა საჭირო მისი ხელახალი მისვლა პროკურატურაში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG