Accessibility links

logo-print
უკრაინის კრიზისი, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რუსეთისგან საფრთხის ზრდის ურთიერთმიმართებაა „რეზონანსის“ მთავარი სტატიის თემა. ავტორი რუსეთის შესაძლო განზრახვების შესახებ სხვადასხვა ექსპერტს ეკითხება. ერთ-ერთი, ვახტანგ მაისაია, ამბობს: „ცხადია, რომ რუსეთის აგრესია ევროკავშირის ხელშეკრულების გამო დაიწყო და ყირიმის ანექსიით შეჩერდა. იგივე შეიძლება, ცხინვალის რეგიონის მიმართაც დაიწყოს. რუსეთს საქართველო სატრანზიტო დერეფნად სჭირდება, რათა გეოსტრატეგიული ღერძი - მოსკოვი-ერევანი-თეირანი და დამასკო შეიკრას. მისი ინტერესი ასევე შავ ზღვაზე გავლენის გაძლიერებას უკავშირდება“. გიორგი თავდგირიძეს კი „რეზონანსისთვის“ უთქვამს: „რუსეთმა წითელი ხაზები ყირიმის ანექსიით უკვე გადალახა. დღეს მას დიდი შემაკავებელი აღარაფერი დარჩა. ის იმპერიის დაბრუნებას ცდილობს. ყირიმთან მიმართებაში მას საწადელის მისაღწევად ომიც არ დასჭირვებია. თუ მიხვდება, რომ საქართველოც ასე ადვილად ასწევს თეთრ დროშას, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც იგივეს იზამს. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, მოკავშირეების მხრიდან უფრო მკაფიო ნაბიჯების გადადგმაა საჭირო“.

რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაზე „რეზონანსშივე“ უმრავლესობის წევრ ლევან ბერძენიშვილთან ინტერვიუშიც წაიკითხავთ: „ამ ვითარებაში საქართველო-რუსეთის დამოკიდებულება იცვლება, თუმცა სტრატეგიულად ის, რომ მეზობელთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, კვლავ ძალაში რჩება. ახლა, როცა რუსეთი მთელ მსოფლიოს აგრესიით ემუქრება, შორეულ პერსპექტივაზე საუბარი ძალიან გამიჭირდება“.

რაც შეეხება, საქართველოს საშინაო პოლიტიკურ ამბებს, თარიღის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალურდება თვითმმართველობის არჩევნების თემა. „ვერსიას“ ქრისტიან-დემოკრატების ნინო ბურჯანაძის პარტიასთან კოალიციის შექმნაზე ელაპარაკება ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი ახვლედიანი. „არასაპარლამენტო ფლანგზე სერიოზული ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბება საზოგადოების დაკვეთაა. ეს აზრი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ხელისუფლებასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კოჰაბიტაციური ურთიერთობა თანამშრომლობაში გადაიზარდაო“, აცხადებს გიორგი ახვლედიანი. „ვერსიის“ კორესპონდენტი მას 2007 წლის მოვლენებსა და პარლამენტის მაშინდელი სპიკერის შეფასებებს შეახსენებს. ახვლედიანის პასუხი: „გასაგებია, 7 ნოემბერს ხელისუფლება დაიცვა, მაგრამ იურიდიული საფუძვლები ჰქონდა, აქციის ვადა გასული იყო. ბუნებრივია, ეს მას არ ამართლებს და ამისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაბამისი პასუხიც მიიღო. მაშინ სხვას არავის გასჩენია სურვილი უსამსახურო და გალახულ ჟურნალისტებს დალაპარაკებოდა. შეხვედრისას მივხვდით, რომ ნინო ბურჯანაძე ამ პროცესებში არ იყო გარეული“.

დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე „ვერსიას“ ეუბნება, რომ თბილისის მერობისთვის ბრძოლა აქვს გადაწყვეტილი: „დარწმუნებული ვარ, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება, სადაც მე და დავით ნარმანია ერთმანეთს დავუპირისპირდებით. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვიის სრულად მიწოდება ვერ მოვახერხე. როგორც ჩანს, ვიღაც დამფრთხალია ჩემი კანდიდატურითო“, ამბობს გიორგი გაჩეჩილაძე.
თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკობს უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე „საქართველოს რესპუბლიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ის ამბობს, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა დაიწყო თბილისის მერის არჩევნებში მისი კანდიდატურის დასახელებაზე მსჯელობა, თუმცა ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ ამ გზით მისი კანდიდატობა შეუძლებელი იქნება და საჭიროა ეს პოლიტიკურმა ძალამ გააკეთოს და კონკრეტულადაც ასახელებს: „თუკი ნინო ბურჯანაძე შეძლებს ძლიერი მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას, რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობას აზრი ეძლევა. სულ სხვა საკითხია, როგორ მოიგებ. ასეთ შემთხვევაში როგორც პოლიტიკოსს, უფლება არ მექნება უარი ვთქვა მერობის კანდიდატობაზე“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე „საქართველოს რესპუბლიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმე კვლავაც რჩება პრესის ყურადღების ქვეშ. „ალია“ დღეს გარდაცვლილის ძმასთან, გია თათუხაშვილთან, ინტერვიუს აქვეყნებს. ის არაერთ კითხვას სვამს, მათ შორის, ასეთსაც: „თუკი მოწმე დაცვის პროგრამაში იყო და გაიქცა, სახელმწიფომ რატომ არ გამოაცხადა ძებნა? მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელი შეუწყვეს ამ ადამიანის ლეტალურ შედეგს“.
XS
SM
MD
LG