Accessibility links

logo-print
კვირის დასაწყისში დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში იყო საფრანგეთი და იქ ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური, რომელზეც სოციალისტებმა დიდძალი დანაკარგი განიცადეს, კონსერვატორებმა და ულტრამემარჯვენე ეროვნულმა ფრონტმა კი პოზიციები გაიძლიერეს. ჟურნალისტები წერდნენ, საფრანგეთის მოქალაქეები მთავრობას უმოქმედობისთვის სჯიანო. ესპანეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „აბეცე“ 31 მარტის ნომერში წერდა: „ოლანდმა ვერც მეგობრები და ვერც მეტოქეები ვერ დაარწმუნა თავისი მთავრობის ღირსებებში. მას საფრანგეთის ეკონომიკური დაღმასვლის გადალახვისთვის საჭირო არც ერთი რეფორმა არ გაუტარებია. ეს სოციალისტი პოლიტიკოსი, ალბათ, თვლიდა, რომ მისი ერთადერთი ისტორიული ამოცანა იყო ძალაუფლებიდან კონსერვატორების ჩამოშორება, მაგრამ მას ამ პროცესში არც ერთი პოლიტიკური პროექტი არ დაუსრულებია. მისი პირვანდელი გამოსვლებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ მას ესმოდა ის ფაქიზი ვითარება, რომელშიც საფრანგეთი იყო ხელისუფლებაში მისი მოსვლის მომენტში, მაგრამ მის მიერ გულგრილად გადადგმული ნაბიჯები ამ სიტუაციას არანაირად არ პასუხობდა. მემარცხენე ამომრჩევლის იმედგაცრუება პირდაპირ აისახა ეროვნული ფრონტის აღზევებაზე“.

კვირის განმავლობაში ბევრი იწერებოდა თურქეთში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზეც. ავსტრიაში გამომავალი ლიბერალური გამოცემა „შტანდარტი“ 1 აპრილის ნომერში წერდა, მისი პარტიის მიერ ამ კენჭისყრაზე მოპოვებული წარმატება პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანს უზრდის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსსო. „სამართლისა და განვითარების კონსერვატიული, რელიგიური პარტია 2011 წელს აირჩიეს მისი დაპირების გამო, რომ ახალ დემოკრატიულ კონსტიტუციას შემოიღებდა. 2014 წელს ის ხელმეორედ აირჩიეს - ამჯერად ეს იყო რეაქცია სავარაუდო საფრთხეზე, რომელსაც სახელმწიფოს თითქოს რაღაც ბნელი ძალა უქმნიდა. დემოკრატია დიდი ხანია დემაგოგიასთან ხელიხელჩაკიდებული დადის, ერდოანი კი რეფორმატორი პრემიერ-მინისტრიდან იქცა შურისმაძიებლად, რომელიც თავის ინტერესებს მისდევს. თურქეთში ავტოკრატია, შემცირების ნაცვლად, გაძლიერდება. ქვეყანაში ოთხ თვეზე ნაკლებ დროში კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება, ამჯერად პრეზიდენტის ასარჩევად. ერდოანის გამარჯვება იმდენად ხმამაღალია, რომ ის ახლა შეძლებს უერთგულოს თავდაპირველ გეგმას - ისე გააკეთოს, რომ პრეზიდენტად აირჩიონ და შემდეგ ძალაუფლების ამჟამინდელი ბერკეტებიც შეინარჩუნოს. სახელმწიფოს მეთაური აბდულა გიული მას გზას დაუთმობს, თუკი ერდოანი ამას მოისურვებს. ოპოზიციური კანდიდატი, რომელიც სერიოზულ მეტოქეობას გასწევდა, არ ჩანს. თურქეთს წინ რთული მომავალი ელის“.

კვირის განმავლობაში ბევრი იწერებოდა უკრაინაში და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც. პოლონეთში გამომავალი კონსერვატიული „რეჩპოსპოლიტა“ 2 აპრილის ნომერში წერდა, კიევში განთავსებულმა მთავრობამ რადიკალი ნაციონალისტები პოლიტიკურ პროცესში უნდა ჩართოსო. „ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს რადიკალ ნაციონალისტებთან თანამშრომლობა შეუძლებელია. ისინი წარმოგვიდგებიან პოლიტიკურ ბანაკად, რომელსაც მხოლოდ დესტრუქციული ძალები ამოძრავებს. მაგრამ ნაციონალისტების იზოლირებით კიევში განთავსებული მთავრობა მათზე ყველანაირ კონტროლს დაკარგავს და ისინი პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის საფრთხედ გადაიქცევიან. ... ეს, შესაძლოა, რისკიანი სვლა იყოს, მაგრამ ერთადერთი გონივრული მიდგომა მაინც ნაციონალისტების პოლიტიკაში ჩართვა იქნება. მათ მხოლოდ ეს თუ აიძულებს ცივილიზებულად მოიქცნენ“.

დასავლეთის პრესა ამ კვირაშიც განაგრძობდა წერას რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობაზე, უკრაინის კრიზისის ჭრილში. ესტონეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „ესტი პაევალეტი“ 3 აპრილის ნომერში წერდა, ბალტიის რეგიონში ნატოს კიდევ უფრო გაძლიერებული ყოფნა რუსეთის მაპროვოცირებელი იქნება, მაგრამ საჭიროაო. „ნატოს უფრო დიდი ძალით ყოფნის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს რუსეთს გააღიზიანებს, გაზრდის პოლიტიკურ და სამხედრო დაძაბულობას და ეკონომიკურ კავშირებს გააუარესებს. ეს ეჭვგარეშეა. მაგრამ ამავე დროს უნდა ვიკითხოთ, საერთოდ თუ არის შესაძლებელი სტაბილური, მეგობრული ურთიერთობების არსებობა რუსეთსა და ბალტიისპირეთს შორის. გეოგრაფიის გამო - და ამას ვერ შევცვლით - რუსეთი გამოავლენს მისწრაფებას ბალტიისპირეთზე კონტროლის დამყარებისკენ. ეს მანამ გაგრძელდება, სანამ რუსეთს დიდ მოთამაშედ ყოფნის ამბიცია ექნება, ანუ საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში. ესტონეთისთვის აზრს მოკლებული იქნებოდა იმ ილუზიის ქონა, რომ თუ რუსეთის პოზიციებს გაითვალისწინებს, ეს ორ ქვეყანას სტაბილური, მეზობლური ურთიერთობის დამყარებაში დაეხმარება. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ რუსეთი როგორც მოისურვებს, ისე იქცევა. .. ახლა უკეთ შეგვიძლია ეს ფაქტი ჩვენს მოკავშირეებს ავუხსნათ“.
XS
SM
MD
LG