Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფულის ”გათეთრების” კონტროლის ცვლილება და ეკონომიკური რისკები


კანონპროექტის განხილვა, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლოს (4 აპრილს) მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების თემად იქცა, საბანკო ტრანზაქციების კონტროლის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადასვლას ითვალისწინებს. ლაპარაკია ”უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე. ეკონომიკის ექსპერტების და საბანკო სექტორის წარმომადგენლების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ბიზნესგარემოს გაუარესებას გამოიწვევს.

ფულის ”გათეთრებაზე” კონტროლი დამოუკიდებელ ორგანოს - ”ფინანსური მონიტორინგის სამსახურს” - ევალება. სწორედ ამ სამსახურის პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარების საკითხის განხილვისას, 4 აპრილს პარლამენტში მიმდინარე მოსმენაზე, ოპოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ. ტრიბუნასთან მყოფი დეპუტატი ”ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი კანდელაკი ცდილობდა ცვლილების ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგებზე ელაპარაკა, როდესაც მის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ”ჰაკიმ ფაშად” მოხსენიებამ უმრავლესობის გაცხარება გამოიწვია.

”...თქვენი რეაქცია მეტყველებს თქვენს პოლიტიკურ კულტურაზე... არის არა მხოლოდ მოქალაქეების ჯიბეში ჩაძრომა, არის არა მხოლოდ ბიზნესების ჯიბეში ჩაძრომა და ტოტალური კონტროლის დამყარება სასამართლოს ნებართვის გარეშე... თქვენ დაგითვლიათ, ახლა რომ ცხარობთ, დაგითვლიათ, გიფიქრიათ, როგორ აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკაზე?” - იკითხა გიორგი კანდელაკმა.
ეროვნული ბანკის სისტემაში ეს სამსახური ნაკლებეფექტურია, ნაკლებოპერატიული და ვფიქრობთ, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ეს სამსახური დამატებით შეიძენს ეფექტურობას და დინამიკურობას...
ნოდარ ებანოიძე

მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგების შესახებ არაფერი უთქვამს კანონპროექტის ინიციატორს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს დავით ონოფრიშვილს. ის ”ფინანსური მონიტორინგის სამსახურის” პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარების აუცილებლობის დასაბუთებას პოლიტიკური არგუმენტებით შეეცადა:

”ტოტალური კონტროლით მოსახლეობას ნუ აშინებთ თქვენ. არავის არ ეშინია და დაგანახვათ მოსახლეობამ, რომ 2012 წელს თქვენნაირები მიაჩუმეს იქ და მოიგეს არჩევნები. არც საბანკო კონტროლი იქნება და არც არავის ანგარიშების. ეს კანონი ეხება ტერორიზმის დაფინანსებას და ფულის გათეთრებას, აი ამას ეხება, მაგრამ თქვენს დემაგოგიას არ აქვს საზღვარი”.

პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი
დავით ონოფრიშვილის მოადგილე ნოდარ ებანოიძე კი ჟურნალისტებთან საუბრისას შეეცადა ”ფინანსური მონიტორინგის სამსახურის” დაქვემდებარებაში ცვლილების შეტანის აუცილებლობა ამ ორგანოს მუშაობის სტილის კრიტიკით დაესაბუთებინა. მისი აზრით, ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მონიტორინგის სამსახური ნაკლებად ეფექტურად მუშაობს:

”ეროვნული ბანკის სისტემაში ეს სამსახური ნაკლებეფექტურია, ნაკლებოპერატიული და ვფიქრობთ, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ეს სამსახური დამატებით შეიძენს ეფექტურობას და დინამიკურობას”.

ნოდარ ებანოიძის მიერ ნახსენები პრობლემები აქამდე არავის შეუმჩნევია იმ ანგარიშებში, რომლებიც ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მუშაობას შეეხება. ამ ორგანოს საქმიანობას კი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ადევნებს თვალყურს, მათ შორის, ევროპის საბჭოს სტრუქტურა ”მანივალი” (Moneyval). სწორედ ამ ორგანიზაციისთვის კანონპროექტის ექსპერტიზის მიზნით გადაგზავნის
საერთაშორისო ორგანიზაციები, სავალუტო ფონდი, საექსპერტო წრეები, ბიზნესსექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები - ყველანი ერთხმად ეწინააღმდეგებიან ამ პროექტს...
გიორგი ქადაგიძე
ინიციატივით გამოვიდა ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე, მაგრამ მისი წინადადება არ გაიზიარეს. პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლებიც საბოლოო დამტკიცების შემდეგ ”ფინანსური მონიტორინგის სამსახურს” პრემიერ-მინისტრს დაუქვემდებარებს. ზურაბ ჯაფარიძის კომენტარი:

”მთავრობას ექნება ტოტალური კონტროლი და, კიდევ ვიმეორებ, სინამდვილეში, რეალურად, რუს ოლიგარქს ექნება ტოტალური კონტროლი საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებზე, რაც შეამცირებს ჩვენი ფინანსური ინსტიტუტების სანდოობას, რაც გააუარესებს საინვესტიციო გარემოს. შესაბამისად, შეანელებს ეკონომიკურ ზრდას, დასაქმების პრობლემას გააუარესებს და ასე შემდეგ. ანუ ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე, კიდევ უფრო გართულდება და არ მოგვარდება”.

საინვესტიციო და, ზოგადად, ბიზნესგარემოს გაუარესების შესახებ საუბრობენ არამარტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის ზედამხედველობიდან გაყვანის უარყოფით შედეგებზე კანონმდებლებს და მთავრობას თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც აფრთხილებს:
გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე
​”საერთაშორისო ორგანიზაციები, სავალუტო ფონდი, საექსპერტო წრეები, ბიზნესსექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები - ყველანი ერთხმად ეწინააღმდეგებიან ამ პროექტს”.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გარდა, საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ გვასალიამაც დაიწუნა:

”ეს გააფუჭებს საინვესტიციო გარემოს. ინვესტორისთვის ძალიან ცუდი სიგნალია, ისევე როგორც ადგილობრივი ბიზნესისთვის, ვინაიდან საფრთხე იმისა, რომ ეს შეიძლება იქნეს გამოყენებული არამიზნობრივად, არის ძალიან მაღალი”.
ირაკლი ლექვინაძე
ირაკლი ლექვინაძე
ბანკების ასოციაციის გარდა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურნენ ეკონომიკის ექსპერტთა წრეებიდანაც. კერძოდ, ეკონომისტ ირაკლი ლექვინაძის აზრით, მონიტორინგის სამსახურის მთავრობისთვის დაქვემდებარების შემდეგ საბანკო ინფორმაციის საიდუმლოების დარღვევის რისკი იზრდება:

”საგამოძიებო სამსახურს - შესაძლოა სასამართლოს გარეშეც ან უფრო გამარტივებული სახით - შეეძლება კონკრეტულ პირზე კონკრეტული საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რაც, ვფიქრობ, ზრდის რისკებს, ამცირებს ნდობას საფინანსო სისტემისადმი და გრძელვადიან პერიოდში ამან შეიძლება არასასურველი პროცესების განვითარება გამოიწვიოს”.

არასასურველ პროცესებს შორის იგულისხმება საბანკო სექტორის მდგრადობის შერყევა. არადა, ბოლო წლების მანძილზე, მიუხედავად ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკური სირთულეებისა, ფინანსური სექტორი განვითარების მაღალი დონით გამოირჩევა. ბანკების სიძლიერე კი, თავის მხრივ, ბიზნესისა და, საერთოდ, ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.
XS
SM
MD
LG