Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტთა ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები თათუხაშვილის საქმეზე


პროკურორი კოკა კაციტაძე
პროკურორი კოკა კაციტაძე
საქართველოს პროკურატურამ 4 აპრილს, ღამით, შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების შესახებ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გამოაქვეყნა. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ მთავარი პროკურატურის თანამშრომლებს მოწმე შალვა თათუხაშვილი 2014 წლის 18 მარტის შემდეგ აღარ უნახავთ, ექსპერტიზის დასკვნით კი, ის 23 მარტს, დაახლოებით 23 საათისთვის, გარდაიცვალა:

“შალვა თათუხაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად, ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერებების მოქმედების ფონზე. ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ ყველა დაზიანება, რომელიც აღენიშნებოდა გარდაცვლილის სხეულს, არის მსუბუქი კატეგორიის და არანაირი კავშირი არ აქვს სიკვდილის დადგომასთან. დადგინდა, რომ გვამზე არსებული მსუბუქი დაზიანებები თეორიულადაც კი დროში არ ემთხვევა მისი პროკურატურაში ყოფნის პერიოდს, გარდა მისი მარჯვენა ხელის ცერა თითზე არსებული მცირე ზომის დაზიანებისა. შესაბამისად, დადასტურდა ის ფაქტი, რომ პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან მის წამებას ადგილი არ ჰქონია”.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა დაიწერა გვამის უშუალო გაკვეთის დროს, ხოლო ალტერნატიული ექსპერტიზა - ფოტომასალაზე დაყრდნობით, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს დასკვნების სარწმუნოობის შეფასების დროს...
კახა კოჟორიძე

პროკურორი კოკა კაციტაძე ასევე ამბობს, რომ 18 მარტიდან გარდაცვალებამდე, ანუ იმ პერიოდში, როცა დაზიანებები აქვს მიღებული, შალვა თათუხაშვილი თელეთში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მოწმე თათუხაშვილი თბილისის პროკურატურაში სულ ორჯერ მივიდა - 24 თებერვალს და 18 მარტს, ოჯახის წევრებმა კი იგი გარდაცვლილი 23 მარტს საკუთარ სახლში იპოვეს.

ოჯახის ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების შესახებ დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია მკვრივი ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით:

„მკვრივი ბლაგვი საგანი მკვრივი კონსისტენციისა და ბლაგვი ზედაპირის მქონე ნებისმიერი საგანია, როგორიც შესაძლებელია იყოს ადამიანის მუშტი, ხელკეტი და სხვა. თუ რით არის აღნიშნული დაზიანებები, დასადგენია გამოძიების მიერ. აქვე მითითებულია, რომ გამომძიებლის მიერ შედგენილ გვამის დათვალიერების ოქმში არასრულყოფილად არის აღწერილი ის დამატებითი დაზიანებები, რომლებიც, ვიზუალური მოცემულობით, გვამს აღენიშნება“.

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზზე მას შეკითხვა არ დაუსვამს, რადგან შალვა თათუხაშვილი საკუთარ სახლში, სავარაუდოდ, უეცრად გარდაიცვალა. დამოუკიდებელი ექსპერტიზის მიზანი კი დაზიანებების წარმომავლობის და ხანდაზმულობის დადგენა იყო. ადვოკატის ინფორმაციით, თათუხაშვილმა დაზიანებები მიიღო გარდაცვალებამდე არაუგვიანეს 5-7 დღისა.

ამრიგად, არსებობს ექსპერტიზის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში საკითხს საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს:

„სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა დაიწერა გვამის უშუალო გაკვეთის დროს, ხოლო ალტერნატიული ექსპერტიზა - ფოტომასალაზე დაყრდნობით, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს დასკვნების სარწმუნოობის შეფასების დროს“.


თათუხაშვილის საქმის გამოძიებაში ჩართული მხარეების ნაწილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ითხოვდა. კახა კოჟორიძის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ჯერ ადრეა:
კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე
„რადგან გამოძიება მიმდინარეობს, გონივრული ვადა უნდა მივცეთ გამოძიებას და თუ საბოლოო დასკვნები დამაჯერებელი არ იქნება, დარჩება კითხვები და ა.შ., მაშინ შეიძლება ეს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული“.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა შალვა თათუხაშვილმა 2014 წლის თებერვალში ჩვენება მისცა დათა ახალაიას წინააღმდეგ. საქმე ეხება 2006 წელს ჩატარებულ ე. წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ 3 ადამიანის მკვლელობას. ამ დროს დათა ახალაია სწორედ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი იყო.

თათუხაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზი სასურველი ჩვენების მისაღებად პროკურატურის მხრიდან მისი წამება იყო. ამ აზრს ემხრობა ახალაიების ოჯახი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად.

თავის მხრივ, პროკურატურა, ამ კვირაში გამოქვეყნებულ ვიდეომასალებზე - მათ შორის, თათუხაშვილის ჩვენებაზე - დაყრდნობით, აცხადებს, რომ ახალაიას ოჯახისგან მოსალოდნელი საფრთხის გამო შალვა თათუხაშვილმა დაცვა ითხოვა, რაც დაკმაყოფილდა, პროკურატურის შენობაში დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერებით გადაღებული უწყვეტი მასალა კი ცხადყოფს, რომ მოწმე სრულიად უვნებელია და გამომძიებლებთან ერთად თავისუფლად გადაადგილდება.
XS
SM
MD
LG