Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო გეგმები, ნატო და ევროპის უსაფრთხოება


რუსეთის მომხრეთა აქცია დონეცკში, 2014 წლის 5 აპრილი
რუსეთის მომხრეთა აქცია დონეცკში, 2014 წლის 5 აპრილი
ნატოს სარდლობის ინფორმაცია რუსეთის აგრესიული გეგმების შესახებ უკრაინის მიმართ საერთაშორისო საზოგადოებისათვის საგანგაშოც არის და გამოსაფხიზლებელიც. რუსეთს, რომელმაც ძალიან სწრაფად მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია, თურმე უმტკივნეულოდ შეუძლია მოკლე დროში უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების დაკავება.

„რუსეთს მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში მობილიზებული ჰყავს 40 ათასკაციანი არმია, რომელიც კარგად არის აღჭურვილი და, ბრძანების შემთხვევაში, 12 საათის განმავლობაში იერიშზე გადასვლაც შეუძლია და 3-5 დღის განმავლობაში - დასახული ამოცანის შესრულებაც“, - განაცხადა ნატოს მოკავშირეთა ძალების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა, რომელთან ინტერვიუსაც ვრცლად „ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბუნი“ აქვეყნებს.
ომს უკრაინასთან მხარს უჭერს რუსეთის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა. „ლევადის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 74% მზად არის მხარი დაუჭიროს ომს უკრაინასთან. ხელისუფლების მოქმედებას ემხრობა 94%. ერთი სიტყვით, მხარდაჭერა ისეთია, რომ პუტინს სრული კარტ-ბლანში აქვს...
პაველ ფელგენგაუერი

მაღალი რანგის ამერიკელი სარდლის ინფორმაციას ადასტურებს ცნობილი სამხედრო მიმომხილველი პაველ ფელგენგაუერი, რომელიც თავის მხრივ დასძენს, რომ რუსეთი საომარი მოქმედების დაწყებას უკრაინის წინააღმდეგ მაისამდე რამდენიმე მიზეზის გამო იჩქარებს. პირველია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ახალი სამხედრო გაწვევის კამპანიის დაწყების შესახებ, რაც არმიიდან ბრძოლისუნარიან ჯარისკაცთა მასობრივ დემობილიზაციას გამოიწვევს:

„ესენი კი სწორედ ის ჯარისკაცები არიან, რომლებიც, ბრძანების შემთხვევაში, უკრაინაში შესაჭრელად მზადმყოფ სამხედრო ნაწილებში ირიცხებიან. თუ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, გასაგებია, რომ დემობილიზაციისათვის აღარავის ეცლება და ამიტომ უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო საომარი ოპერაციისათვის გამიზნული რუსეთის სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნა მკვეთრად დაეცემა. იქ დარჩებიან წვევამდელები, რომლებმაც ნახევარი წელიწადი იმსახურეს, და ახალწვეული ჯარისკაცები, რომლებსაც საერთოდ ყველაფერი ნულიდან უნდა ასწავლო“.

კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც, რუსი სამხედრო მიმომხილველის პაველ ფელგენგაუერის თქმით, რუსეთი მაისამდე შეეცდება უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედების დაწყებას, თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბალი საბრძოლო მზადყოფნაა, რაც მომდევნო თვეებში, შესაძლოა, მკვეთრად ამაღლდეს:

„ეს დამოკიდებულია უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობაზე. ახლა ის არცთუ სასურველ მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ, როგორც ჩანს, თუკი შეტევაზე გადასვლაა საჭიროა, ეს ახლა უნდა გაკეთდეს. ერთი მხრივ, საჭიროა ცოტა ხნით მოცდა, რომ გამოშრეს ხარკოვის შავმიწიანი ნიადაგი, რათა ტანკებმა უსწორმასწორო ტერიტორიაზე გადაადგილება შეძლონ, მეორე მხრივ კი, ძალიან დიდხანს ლოდინის შემთხვევაში, საჭირო გახდება ერთი წლის ნამსახური 140 ათასი მეტ-ნაკლებად მომზადებული ჯარისკაცის დემობილიზაცია და ახლების მომზადება. რუსეთის არმია იმავე დონის საბრძოლო მზადყოფნას, საუკეთესო შემთხვევაში, სადღაც აგვისტოსათვის მიაღწევს, ამ პერიოდში კი უკრაინელები მოახერხებენ საკუთარი შეიარაღებული ძალების იმაზე უფრო უკეთეს საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას, ვიდრე დღეს არის. არსებითად, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, მათ საბრძოლო იარაღიც ასე თუ ისე საკმარისი აქვთ. ამიტომ შემოდგომისათვის უკრაინული არმია ბევრად უფრო უკეთესად მომზადებული იქნება. აქედან გამომდინარე, დიდია ცთუნება, რომ ახლა დაიწყოს სვლა“, – აცხადებს პაველ ფელგენგაუერი.

თუმცა რუსი ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ კრემლში ხელისუფლების ერთი ნაწილი არ უჭერდეს მხარს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყებას. ზოგიერთი მმართველი პარტიის წევრი პოლიტიკოსი რუსეთში გულწრფელად ფიქრობს, რომ უკრაინა თავისით, შიდა წინააღმდეგობით დაიშლება და სულაც არ არის საჭირო ზედმეტი რესურსის დახარჯვა სამხედრო ოპერაციაზე. თუმცა პაველ ფელგენგაუერი ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი აზრი და საკუთარი ამბიცია ვლადიმირ პუტინს სწორედ სამხედრო მოქმედებისკენ უბიძგებს.
პაველ ფელგენგაუერი
პაველ ფელგენგაუერი
„ომს უკრაინასთან მხარს უჭერს რუსეთის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა. „ლევადის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 74% მზად არის მხარი დაუჭიროს ომს უკრაინასთან. ხელისუფლების მოქმედებას ემხრობა 94%. ერთი სიტყვით, მხარდაჭერა ისეთია, რომ პუტინს სრული კარტ-ბლანში აქვს და შეუძლია ის გააკეთოს, რაც მოესურვება. საკითხავი მხოლოდ ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობაა, მით უფრო, რომ, ზემოთაც ვთქვი, წვევამდელების დემობილიზაცია უნდა მოხდეს“, – აღნიშნა პაველ ფელგენგაუერმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, რომელიც 2 აპრილს ჩავიწერეთ ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალზე, სადაც რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.

ნატოს წევრი ქვეყნები იმდენად არიან შეშფოთებული ყირიმის ანექსიით და რუსეთის შესაძლო ინტერვენციით აღმოსავლეთ უკრაინაში, ოდესისა თუ დნესტრისპირეთის მიმართულებით, რომ ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალ გენერალ ფილიპ ბრიდლავს დაავალეს, აპრილის შუა რიცხვებში მოამზადოს გეგმა აღმოსავლეთევროპელი მეზობლების თავდაცვის გასაძლიერებლად. არ არის ცნობილი, კონკრეტულად რომელ ქვეყნებზეა საუბარი, მაგრამ „ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბუნის“ მიხედვით, მეზობელ ქვეყნებში იგულისხმება როგორც ბალტიის ზღვის, ისე შავი ზღვის ქვეყნები. ნატოს სახმელეთო პოტენციალის გასაძლიერებლად კი, გენერალ ფილიპ ბრიდლავის თანახმად, ევროპაში ტეხასის პორტ ვუდში მდებარე ამერიკის საბრძოლო ბრიგადის გადასროლაც განიხილება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG