Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: თამარ კურატიშვილი

„ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა, მეფეს, ხალხზე უფრო, კატა ეცოდება“
მუხრან მაჭავარიანი (საბა)


რაც არ უნდა მიხსნას ხელისუფლებამ, რა იგულისხმა ბარაკ ობამამ სიტყვებში: _ არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრიანების გზაზეო, არც არსებულა და არც არსობობს ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმაო,_ეს სიტყვები ყველა ენაზე, მაინც ერთიდაიგივე მნიშვნელობით ითარგმნება და აზრიც უცვლელი რჩება. ჩვენ კი, რაც გვენატრება, ის გველანდება. გველანდება კი, რომ აშშ განმათავისუფლებად მოევლინება ჩაგრულ ერებს...და სანამ ამის გვჯერა, უვადოდ აყვანილი იმ სტაჟიორის როლში ვიქნებით, დამქირავებლისთვის ანაზღაურების გარეშე რომ იხარჯება. ანაზღაურება კი, როგორიც არ უნდა იყოს ის, ამერიკის ინტერესებს შეწირული ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლეს, მაინც ვერ გადაფარავს.
ცხელი წერტილები აშშ-ს მოქალაქე ყოველმა ჯარისკაცმა დატოვა _ და ამით, ობამამ, წინასაარჩევნო დაპირებაც შეასრულა. სამაგიეროდ, მსოფლიო მშვიდობის დასამყარებლად, ქართველი სამხედროების ხვედრითი წილი გაიზარდა. ჩვენც, რჩეული ჯარისკაცებით ვიხდით დაკისრებულ ბეგარას. ის თაობა რას გვიკისრებს, უმამოდ რომ დაიზრდება, თორე სარგებლის გარეშე დასავლეთს ვერც გავწვდებით. ერთია, კიდევ, სასარგებლო და სამსხვერპლოც ვერ გაგვიყვია, თუმცა, რა ჩვენი ბრალია,მსოფლიო საერთაშორისო სტანდარტებს ყოველი წვეთი სისხლის ფასად საზღვრავს.
საუკუნეებია, ჩვენთვის ვერც ევროპამ, ვერც აზიამ მოიცალა, ჩრდილოეთი ჩექმას გვიბრაგუნებს და არც, მაინც და მაინც, კეთილ სურვილებს ამოფარებული შორეული დასავლეთის მიზნები მიტაცებს.
„თუ შენ არ მიხვალ დემოკრატიასთან, დემოკრატია მოვა შენთან“_ და ბომბებით შევიდა აშშ ერაყში. „დემოკრატიის დამყარებასა“ და „ხალხების გათავისუფლებას“ ისახავდა მიზნად რუსეთიც _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, დღეს კი უკვე ყირიმის მიტაცებისას. სანამ ჩვენ მსოფლიო ლიდერების ამ მასკარადს ვუყურებთ ხოლმე და სამომავლო გეგმებს ვსახავთ, მილიარდიან ვილაზე, ობამასთვის სამოვარს პუტინის ფეხის ზომა რუსული სამხედრო ჩექმით აღვივებენ. ბარაკი და ვლადიმერი კი, საუზმეზედ, მსოფლიოს ერთად ჭრიან და კერავენ.
ცივილიზებულმა მსოფლიომ, როგორც ამას პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები ვუწოდებთ, რუსეთს უკრაინის გამო ეკონომიკურ სანქციები კი არ დააკისრა, ამ ფასად მიჰყიდა ყირიმი მას. ევროპამაც ზამთარი გადააგორა და უგაზოდ თუ დარჩა, არ გაიყინება. ექვსი თვის შემდეგ ობამა ისევ ესტუმრება პუტინს და ისევ ხუმრობა-ხუმრობაში მოუხსნის სანქციებს. იქნებ კამერებს მიღმა, დიქტატორ ლიდერს_ საუკეთესო „ნადავლიც“ უძღვნას.
შტატები საქმეს ქრთამით ხშირად აგვარებს. აგერ, გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან, აგრესორ ჩრდილოეთ კორეასგან მშვიდობას ყიდულობს. ისიც, გატუტუცებული ბავშვივით, ფული რომ გამოელევა, შეატრიალებს ბირთვულ ბომბდამშენებს შტატებისკენ და დაგბომბავ, დაგბომბავო_გაიძახის. ჯერ-ჯერობით, კიმ ჩენ ინს ფული აწყნარებს და ამერიკაც პრობლემას მასშტაბურად არ აღიქვამს. მერე რა, თუ დიქტატორმა ლიდერმა, სტადიონზე ოთხმოცი მოქალაქე სამხრეთ კორეის ტელეარხების ყურებისთვის დახვრიტა?! და ზოგადად, აშშ-ს მოქალაქე გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე მე, შენ და ჩრდილოეთ კორეელი. იმდენად ძვირად, შტატებს მესამე მსოფლიო ომის ფასადაც უღირს. უღირს განა იმიტომ, რომ მასში ოქროს სისხლი ჩქეფს, მსოფლიოში გავარდნილი სამართლიანის სახელი ავალდებულებს. უსამართლობა კი, იქ რომ ხდება, ისეთს ჩვენში ვერც ნახავთ. აღმოუფხვრელი რასიზმი, აღმოუფხვრელი ძალადობა, ქურდობა, გაუპატიურება, მაფია, ნარკომანია, ტრეფიკინგი... ერთია, ყველა მოქალაქეს სასამართლოს იმედი კი, საფუძვლიანად აქვს, მაგრამ ზნე კი ჯერ თავისი მოქალაქეებისთვის ვერ უსწავლებია სახელმწიფოს.
ვის, თუ არა შენ, ქართველს გესმის, პატარა ერის დამოუკიდებლობა დამოკიდებულების გარეშე შეუძლებელია. მაგრამ რაღა რუსეთი და რაღა ამერიკა?! _ გავერთიანდეთ პოსტსაბჭოთა სივრცე და ჩამოვყალიბდეთ,თუნდაც,_ სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირად. ნუ ავირჩევთ კვლავ ცუდს უარესის ნაცვლად. ჩერჩილისა არ იყოს, ლიდერის „ ნაღვაწს ისტორია დაემოწმება, მით უმეტეს, თუ ამ ისტორიას თავად დაწერს“. წერით კი, ორი სახის უახლესი ისტორია არსებობს ჩვენში, პრორუსული და პროამერიკული_ და როსღა შევქმნათ ქართული?!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG