Accessibility links

logo-print

მიდი ახლა შენ და იძახე, "იყიდება საქართველო!!!"


ავტორი: თამარ კურატიშვილი

ღმერთმა შექმნა დედამიწა, დანარჩენი ”made in china“. როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მსოფლიო ეკონომიკა სწორედ ამ დღეშია. როგორც კი ჩინეთმა დამპყრობლის მარწუხებს დააღწია თავი, პროდუქტის ჭარბად და იაფად წარმოება დაიწყო. ბევრი და იაფი პროდუქტი კარგია, _ ბევრი, იაფი, უხარისხო პროდუქტი კი,_არ ვარგა. მაგრამ ცოტა, ხარისხიან და ძვირიანს მაინც „made in china“ გვირჩევნია. არაფერი პირადული, მეც, ძირითადად, ჩინური მაცვია-მიკეთია. ერთია, დღეს ჩინეთიდან ჭარბი პროდუქტის ექსპორტი ისეთივე სწრაფია, როგორც ჭარბი ჩინელების. ერთი პერიოდი, საქართველოსაც შემოესივნენ ჭარბპროდუქტიანი ჩინური ჯგუფები. ქართველს ჯერ ეცინებოდა-ეუცხოებოდა წვრილთვალება-წვრილხმა ადამიანები, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ უცხოელი სტუმრად კი არა, დასარჩენ-დასამკვიდრებლად ჩამოვიდა და ხასიათგამჯდარმა აგრესიამაც არ დააყოვნა. არა და, მოქალაქეობის მისაღებადაც ყველაფერი მზად იყო:_ნაყიდი საქორწინო კონტრაქტები ( სხვათა შორის, არც ისე ძვირად ვიყიდებით, სულ რაღაც 3000-5000 ლარი საკმარისია ხელის მოსაწერად ადამიანთან, რომელსაც არც ვიცნობთ, არც მოგვწონს და არც გვესმის) და გაუმართავი სოციალური სააგენტო, რომელსაც არც ცალკე განყოფილება აქვს, არც სოციალური მუშაკები ჰყავს, რომ მსგავსი შერეული ოჯახების პოლიტიკურ-ეკონომიკური მისწრაფებები აკონტროლოს. მოკლედ რომ ვთქვა, ვერაფერი გვიშველიდა, თავად ჩინელები რომ არ მიხვედრილიყვნენ, რა წუწურაქი ხალხი ვართ, როგორ გვეძვირება კედები 10 ლარად და, ბოლოს და ბოლოს, ალბათ ქართველის შევაჭრების ჩვეულებამაც მოაბეზრა თავი. წავიდნენ...შეცოტავდნენ... ქართველმა აღებული 5000 ლარის ნაწილი ტოტალიზატორში წააგო, ნაწილით სახინკლეში იქეიფა,_ ჭამაში წუწურაქები არც არასოდეს ვყოფილვართ,_ შეყვარებულს თავისუფლების მეტროსთან შეხვდა და გზაში ხაჭაპურზე დაპატიჟა...ააა, ხოო, სანამ შეხვედრაზე მივიდოდა, ახალი, ჩინური ბოტასებიც იყიდა, რამე შემრჩებაო. შერჩენისა რა გითხრათ, მაგრამ ნახევარი წელი კი ივლის, სასიარულოც დიდი არაფერი გვაქვს, ვსხედვართ სახლში, კომპიუტერთან და კრედიტაღებული ბალანსიდან მეგობრის მოწერილ მესიჯს ველოდებით ქუჩაში გასასვლელად, ხალხში გასარევად... სომეხი ყოფილიყო, აღებული ფულით ოქროს იყიდიდა, წლების მერე ფასიც აიწევდა და შერჩენითაც, შერჩენაც ისეთი უნდა, სომეხმა რომ იცის. ჩვენ კი, ყაირათიანად ფულის კი არა, შაქრის ხარჯვა ვერ ვისწავლეთ. რა ხანია სომხებთან ერთად ვცხოვრობთ და მათგან მაინც ვერაფერი ავითვისეთ_ ვერც შრომისმოყვარეობა, ვერც ეკონომიურობა. მერე კი თავს ვიმტვრევთ, ეს რა დაგვემართა ამ ნიჭიერ ერსო.
დამართნით კი ბევრი რამ შეიძლება დაგვემართოს...მაგალითად, ინდოელები. მართალია, Bollywood-ი თანდათან პოპულარული ხდება, ისევე, როგორც ინდური არქიტექტურა და მედიცინა, მაგრამ ყველა ინჟინერად, ექიმად და მსახიობად ვერ გამოდგება. თანაც, იქ პროფესიების მემკვიდრეობით გადაცემის ტრადიცია აქვთ, მიწებზე რომ აღარაფერი ვთქვა. სამუშაოს შოვნა, გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვენთან. სპილოსძვლის მოპოვება-დამუშავებაზე რთული. ამიტომ, ინდოელი საკუთარი უნარებით ცდილობს პურის ფული იშოვოს. სად არის ინდუსტრია?! _დელი და მუმბაი?! _ დანარჩენები გარე ვაჭრობას მისდევენ. ვაჭრობით ფული რომც იშოვო, იქ მაინც მდაბიო ხარ, სოციალურ კლასს ვერ გადააბიჯებ. მე რომ მეტ-ნაკლებად შეძლებული ინდოელი ვყოფილიყავი და გამეგო, რომ ამ ფასად, ასეთ ლიბერალურ პირობებში მივიღებდი სამედიცინო განათლებას, მეც ჩამოვიდოდი საქართველოში, თორე, ელიტარული ინდოელები ინგლისში სწავლობენ. ამ ინდოეთზე კი ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ გაჭირვებულზე ლაპარაკი უფრო გეადვილება ადამიანს, იქ სანუგეშოს იტყვი, აქ რჩევას და ასე მოგრჩება სათქმელი უკან.
თქმით კი რა მინდოდა მეთქვა:_ჩამოვიდა სტუდენტი, დახვდა ინგლისურმცოდნე მოსახლეობა, ადვილად დაამყარა კომუნიკაცია. მეგობრებმა წაიყვანეს სიღნაღში,_ ჩვენც მაგრები ვართ სიყვარულშიო. გადაიხედა სიღნაღის გრძელი კედლიდან ამ ინდოელმა სტუდენტმა და დაინახა აუთვისებელი, გაპარტახებული, მაგრამ დასამუშავებლად ადვილი მიწები. გადარეკა დედ-მამასთან. ისინიც ჩამოვიდნენ. შვილი აქ სწავლობს, მიწას დაამუშავებენ, იშრომებენ და იცხოვრებენ. ისე კი, შრომა ქართველებსაც უყვართ, ოღონდ ამერიკაში, იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, გერმანიაში... თქვენ, ქართველს ვერ ასწავლით, კარგად ცხოვრება როგორ უნდა!..
ზის წნორელი სახლში და ვირისთვის წყლის დალევინება ეზარება. მოვიდა ინდოელი, იყიდა მიწა. შემოესმა ტრაქტორების ხმა წნორელს. გავიდა, გადახედა და..... მეზობლის მიწა მუშავდება. გაიქცა, რამე მოიცვას,_ გავიგო, ერთი, გულომ თუ მიწა უნდა მოხნას, ჩემ კაცსაც შევაგულიანებო._კაცი ბირჟაზე ნარდს თამაშობს. წნორელმა გაიგო, რომ გულო კი არა, გულოსგან ნაყიდ მიწას ინდოელი ხნავს. დამშვიდდა. მაგრამ უკვე აბიბინებულ ხორბალს რომ გადახედა,_მაიცა, სახელმწიფო მე რათ არ მეხმარებაო? ჩამოიყვანა ეს ინდოელები და მიწებსა ჰყიდის, მე ვერ მამყიდიდაო?!_ შენ, ბანკიდან რომ მიწის დასამუშავებლად სესხი აიღე, _ ღობე შეაკეთებინე, ტუალეტი სხვაგან გაათხრევინე, პირველ სართულს მეორე დაადგი, გულოსნაირი სარეცხის მანქანა იყიდე, არა და წნორში წყალი არ მოგდით. სმარტ-TV-ც_მერე რა, რომ ინტერნეტი ვერ „ქაჩავს“._ერთია, ნაყიდი შხამ-ქიმიკატებით ვენახი კი შეწამლე, მაგრამ ვენახმა იმდენი მოგება არ მოგცა, სესხიც დაგეფარა. დარჩი უმიწო, უფულო, მეორესართულგაუმართავი, სარეცხის მანქანას ვერ რთავ, მაცივარი სამზარეულოს კარში არ ეტევა და აივანზე გიდევს, „3D-ც“ ვერ გაიგე რა მოვლენაა და ბანკმაც შავ სიაში შეგიყვანა.
მიდი, ახლა შენ, და იძახე, _იყიდება საქართველო!!!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG