Accessibility links

logo-print
7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წლევანდელი წლის პრიორიტეტულ თემად შერჩეულია დაავადებები, რომლებიც გადამტანებით გადაიცემა, სლოგანი კი გახლავთ „დაიცავი თავი დაავადებათა გადამტანებისგან - პატარა ნაკბენის დიდი საფრთხეები“. რა მდგომარეობაა საქართველოში მალარიის, ლეიშმანიოზისა და სხვა იმ დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით, რომელთაც მწერების ნაკბენი განაპირობებს, და როგორია პრევენციის მექანიზმები?

მსოფლიო მოსახლეობის 50 % ისეთი დაავადებების რისკის ქვეშ იმოფება, რომელთაც მწერები, კოღოები და ხოჭოები ავრცელებენ. საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ისეთი დაავადებების გავრცელების რისკის წინაშე დგას, როგორიც არის მალარია. მიუხედავად იმისა, რომ, უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებული პრევენციული თუ სხვა სამედიცინო სამუშაოების შედეგად, ქვეყანაში ლეიშმანიოზით დაავადების შემთხვევებმა იკლო, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ დაავადებით მაინც 15 ადამიანი გარდაიცვალა:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ვართ მალარიისგან თავისუფალი ზონა, ბოლო სამი წელიწადია, და არ გვაქვს ადგილობრივი შემთხვევები და გვაქვს მხოლოდ მალარიის შემოტანილი შემთხვევები, საქართველო, მალარიის გავრცელების თვალსაზრისით, მიეკუთვნება ენდემურ ზონას და ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გვქონდეს. ძალიან გვაწუხებს ლეიშმანიოზი, შეგვაწუხა ყირიმ-კონგოს ცხელებამ, ამიტომ აუცილებელია, რომ ამ ინფორმაციამ რაც შეიძლება ხმამაღლა გაიჟღეროს“.
მწერები იკბინებიან, რომ მოსაღამოვდება, მაშინ. ამიტომ, თუ ფანჯრები აბადული გვექნება, როგორც მიღებულია ჩვენნაირი კლიმატის ქვეყნებში, ეს მწერები სახლში ვეღარ შემოაღწევენ ...

ამირან გამყრელიძის სიტყვებით, ყველაზე დიდი პრევენციული მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, იმას, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ადამიანებმა. გამყრელიძის სიტყვებით, სპეციალური ინსექტიციდებით ხდება მალარიის გავრცელების ზონაში გარემოსა და საცხოვრებლის დამუშავება, რასაც სახელმწიფო თავის თავზე იღებს და უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ეს საკითხი მოგვარებულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს - მაგალითად, იმას, რომ საცხოვრებელი დაიცვან სპეციალური მწერებისგან დამცავი ბადეებით, დაიცვან ბავშვებიც:

„მწერები იკბინებიან, რომ მოსაღამოვდება, მაშინ. ამიტომ, თუ ფანჯრები აბადული გვექნება, როგორც მიღებულია ჩვენნაირი კლიმატის ქვეყნებში, ეს მწერები სახლში ვეღარ შემოაღწევენ. და ზაფხულში, როცა გადაცემის სეზონი იწყება ხოლმე, ივნისიდან, და მთავრდება სექტემბრის ბოლოსთვის, ბავშვების სეირნობის დროს ბავშვის სხეული უნდა იყოს დაფარული, რომ მწერებმა არ უკბინონ და ერთ წლამდე ნაკლებად არის რეკომენდებული, მაგრამ წლის ზემოთ შეიძლება ვიხმაროთ რეფელენტები, ანუ დამაფრთხობლები, რომლის შეძენაც აფთიაქებში შეიძლება“.
ნაკლები ვიცით ამ თემების შესახებ, მოსახლეობაც არ არის კარგად გათვითცნობიერებული, ექიმებმაც უნდა იცოდნენ, რომ ადრიანად გამოავლინონ ეს დაავადებები...

საქართველოში უფრო მეტად პროფილაქტიკის პრობლემაა და არა მკურნალობის, ამბობს პროფესორი, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი ოთარ ზენაიშვილი. მისი თქმით, არსებობს ლეიშმანიოზის სახელმწიფო პროგრამა და თანამედროვე მედიკამენტებზე ყველა პაციენტს მიუწვდება ხელი. თუმცა, როგორც ოთარ ზენაიშვილი ამბობს , პრობლემაა ადრეული დიაგნოსტიკა:

„ლეიშმანიოზი საკმაოდ რთული დაავადებაა. ეს არის სისხლმბადი ორგანოების დაავადება, ზიანდება ღვიძლი, ელენთა, ძვლის ტვინი, ლიმფური ჯირკვლები, საშინლად დიდდება ელენთა, ღვიძლი, ტემპერატურული რეაქციაა და უმეტესად ბავშვები ხდებიან ავად“.

სწორედ იმისათვის, რომ ადრეული დიაგნოსტიკის პრობლემა მოგვარდეს, იმისათვის, რომ დავადებებს შესაფერისი ყურადღება მიექცეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ირჩევს გლობალურ თემებს, ამბობს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი რუსუდან კლიმიაშვილი. მისი თქმით, შესაძლოა მალარია, ყვითელი ცხელება, იაპონური ენცეფალიტი და მწერების ნაკბენით გადამდები სხვა დაავადებები საქართველოსთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და ეს უფრო გლობალური სახის პრობლემაა, მაგრამ მუდმივი სიფრთხილის შესანარჩუნებლად აუცილებელია ეს თემები საქართველოში აქტუალური იყოს:

„ნაკლები ვიცით ამ თემების შესახებ, მოსახლეობაც არ არის კარგად გათვითცნობიერებული, ექიმებმაც უნდა იცოდნენ, რომ ადრიანად გამოავლინონ ეს დაავადებები“.

რუსუდან კლიმიაშვილის თქმით, გლობალიზაციის პირობებში, როდესაც ორ საათში შეიძლება დაავადება ერთი კონტინენტიდან მეორეზე გავრცელდეს, აუცილებელია პრევენციის მაღალი სტანდარტის არსებობა.
XS
SM
MD
LG