Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში ისევ მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა


უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პარტიამ, „ფიდესმა“, შეძლო გაემეორებინა დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც ამ ოთხი წლის წინ მოიპოვა საპარლამენტო არჩევნებში. 6 აპრილის არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ფიდესს“ ერგება 133 მანდატი სულ 199-ადგილიან პარლამენტში. ასევე წინასწარი ინფორმაციით, ხმების 20 %-ზე მეტი ერგო ულტრამემარჯვენე პარტია „იობიკს“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა არჩევნების დღესვე გამოაცხადა თავისი პარტიის, „ფიდესის“ გამარჯვების შესახებ, როცა კვირა საღამოს მიმართა ბუდაპეშტში შეკრებილ თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებს: „ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენთვის შესაფერისი თავმდაბლობითა და ღირსების შეგრძნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაქრა ყველა ეჭვი და გაურკვევლობა: ჩვენ გავიმარჯვეთ“.

ორბანის აზრით, არჩევნების შედეგი გამოხატავს დასტურს მთავრობის პოლიტიკისადმი, რომელიც მიმართულია სამუშაო ადგილების შექმნის, ოჯახების დახმარებისა და ნაციონალური სუვერენობისათვის ბრძოლისაკენ.

ბიულეტენების 99 %-ის დათვლის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ორბანის პარტია „ფიდესს“ ერგება 133 მანდატი სულ 199-ადგილიან პარლამენტში. თუ ეს შედეგი ძალაში დარჩა, „ფიდესი“ შეინარჩუნებს ორი მესამედის უმრავლესობას, ანუ კიდევ ოთხი წელი შეძლებს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას.

„ეს არ ყოფილა, უბრალოდ, შემთხვევითი გამარჯვება. ჩვენ მივაღწიეთ ისეთ მასშტაბურ გამარჯვებას, რომლის მნიშვნელობასაც ამ საღამოს ვერ გავაცნობიერებთ“, უთხრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მხარდამჭერებს არჩევნების წინასწარი შედეგების შეფასებისას.

ამავე შედეგებით, სოციალისტების ლიდერობით შექმნილ მემარცხენე კოალიციას ერგო 38 მანდატი, ხოლო ულტრამემარჯვენე „იობიკს“ – 23 მანდატი 199-ადგილიან პარლამენტში. ეს უკანასკნელი, „იობიკი“, სიდიდით მესამე ძალა იყო წინა მოწვევის პარლამენტშიც, თუმცა ახლა კიდევ უფრო გაიუმჯობესა პოზიცია: მას ხმების 20,5 % ერგო - წინა არჩევნებზე თითქმის 4 %-ით მეტი. ეს მაშინ, როცა „იობიკის“ წარმომადგენელ დეპუტატს, მაგალითად, ნათქვამი აქვს, რომ, „ეროვნული უსაფრთხოების“ მოსაზრებებიდან გამომდინარე, აუცილებელია ყველა ებრაელი კანონმდებლის სიის შედგენა და რომ უნგრეთს სჭირდება ბანაკები „ნორმიდან გადახრილი ბოშების“ იქ მოსათავსებლად...

ევროპელ ებრაელთა კონგრესის პრეზიდენტის, მოშე კანტორის აზრით, „ნეონაცისტური“ „იობიკის“ წარმატება ევროპაში „სერიოზულ შეშფოთებას“ უნდა იწვევდეს. კანტორმა უნგრეთისთვის „ბნელი დღე“ უწოდა არჩევნებს.

უცხოეთიდან ხშირად ისმის მწვავე კრიტიკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიმართაც. ვიქტორ ორბანს ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებებში ადანაშაულებენ - მათ შორის, მედიის შეზღუდვაში. თუმცა ბევრი უნგრელის თვალში ორბანი - 50 წლის ყოფილი ანტიკომუნისტი დისიდენტი - ეროვნული ინტერესების ერთგული დამცველია. ის მოსწონთ საშემოსავლო გადასახადებისა და კომუნალური გადასახადების შემცირების გამოც.

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელის, ადაო სილვას შეფასებით, რომელიც მან ორშაბათს ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა, არჩევნებმა, მთლიანობაში, გამჭირვალედ ჩაიარა და კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა, ასევე ეუთოს შეფასებით, „ფიდესი“, სხვა პარტიებთან შედარებით, უპირატესობით სარგებლობდა რამდენიმე ფაქტორის გამო, რომელთა შორისაც იყო საარჩევნო კამპანიის შემზღუდავი წესები და მედიის მიკერძოებული მიდგომა.
XS
SM
MD
LG