Accessibility links

logo-print

ჯონ კერი სერგეი ლავროვს მოუწოდებს უკრაინის საკითხზე პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ უკრაინის დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ყოველი შემდგომი ნაბიჯი რუსეთს მეტი და მეტი დაუჯდება. ორშაბათს სატელეფონო საუბრისას ჯონ კერიმ სერგეი ლავროვთან უკრაინაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ჯენ ფსაკის ინფორმაცით, კერიმ ლავროვს განუცხადა, რომ აშშ დიდი შეშფოთებით აკვირდებოდა მოვლენების ბოლოდროინდელ განვითარებას ხარკოვში, დონეცკში, ლუგანსკსა და მარიუპოლში. კერის განცხადებით, პროცესი „სპონტანურობის“ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. კერიმ ხაზი გაუსვა უკრაინის მთავრობის მტკიცებას, რომ ყველაფერი, რაც ხდება, რუსეთის მხარდაჭერით საგულდაგულოდ დაგეგმილისა და მხარდაჭერილი პროცესის შთაბეჭდილებას ტოვებს. კერიმ აღნიშნა უკრაინაში რუსეთის დაზვერვის თანამშრომელთა დაკავების ამასწინანდელი ფაქტი. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობის ლიდერები ჩადიან ყველა ამ ქალაქში სამთავრობო შენობებიდან ევაკუაციასა და დაძაბულობის დეესკალაციაზე მოსალაპარაკებლად. კერიმ მოუწოდა რუსეთს საჯაროდ დაგმოს სეპარატისტების, დივერსანტებისა და პროვოკატორების მოქმედებები, აგრეთვე მოუწოდოს მათ დიალოგისკენ. აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს აგრეთვე უკრაინის, რუსეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვაზე მომავალი ათი დღის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG