Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში დაიწყო ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების დასკვნითი რაუნდი


ვენაში დაიწყო ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების დასკვნითი რაუნდი, ირანის და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა გამოთქვა იმედი, რომ ორი დღის განმავლობაში ვენაში მოლაპარაკებაზე საკმარის პროგრესს მიაღწევენ მაისის შუა რიცხვებში საბოლოო შეთანხმებაზე მუშაობის დასაწყებად. ირანთან მოლაპარაკებას კოორდინაციას უწევს ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი. მისი პრესმდივანი, მაიკლ მენი ზოგად განცხადებას დასჯერდა ვენაში სამშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე: „ამ ეტაპზე ჩართული ვართ ძალიან დეტალურ და არსებით საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებაში და ეს იქნება პროცესის მნიშვნელოვანი გაგრძელება თითოეულ საკითხზე ჩვენი პოზიციების განსახილველად. ზოგადად, მომდევნო რამდენიმე დღეს უკავშირდება იმედი, რომ მივაღწევთ მორიგ წინსვლას ამ მოლაპარაკებებზე“, განაცხადა ეშტონის პრესმდივანმა. ოფიციალური პირების ცნობით, დისკუსიების აქამდე გამართული ორი რაუნდი ფოკუსირებული იყო იმის დადგენაზე, თუ რომელი საკითხები უნდა მოიცვას საბოლოო შეთანხმებამ. ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა ქვეყანამ - აშშ-მა, ჩინეთმა, რუსეთმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ - შარშან ნოემბერში მიაღწიეს შუალედურ შეთანხმებას. ირანი დაყაბულდა თავისი ბირთვული პროგრამის მასშტაბის შემცირებას საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ნახევარწლიანი შუალედური შეთანხმება 20 იანვარს შევიდა ძალაში.
XS
SM
MD
LG