Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: ნატოს გარეშე საქართველო შესაძლოა ისევ გაქრეს მსოფლიო რუკიდან


დავით უსუფაშვილის გამოსვლა
დავით უსუფაშვილის გამოსვლა
საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებისა და დახმარების გარეშე საქართველოს სახელმწიფო ისევ გაქრება და ის კვლავ რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებს შეეწირება - დაახლოებით ამ შინაარსის განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ვილნიუსში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე, რომელზეც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა. ამ თემაზე შეფასებები გაკეთდა თბილისშიც: რუსეთისგან მომავალი საფრთხე უკრაინის პრობლემების ჭრილში განიხილება და, რისკის მიუხედავად, უალტერნატივოდ მიიჩნევა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვა.

ევროპის საკანონმდებლო ორგანოთა თავმჯდომარეებს, რომელთა უმრავლესობაც, იმავდროულად, ნატოს წევრ ქვეყნებს წარმოადგენენ, ქართველმა კოლეგამ 7 აპრილს ვილნიუსში საგანგებო მესიჯით მიმართა. დავით უსუფაშვილი თვლის, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოში, გარკვეულწილად, ნატოს ბუქარესტის სამიტის დაუკონკრეტებელი გადაწყვეტილებით იყო განპირობებული და რომ საქართველო, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, დღეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია. ნატოს უმოქმედობის შემთხვევაში, დავით უსუფაშვილი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს სახელმწიფოს მომავალს:

„ნატოს დაცვის გარეშე საქართველო შესაძლოა ისევ გაქრეს მსოფლიო რუკიდან და ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს. შესაბამისად, ეს ყოფნა-არყოფნის საკითხია და არ არის არჩევანის საკითხი. ამიტომაც მოგიწოდებთ, გააკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი იმისათვის, რომ წამოადგინოთ შემოქმედებითი გადაწყვეტილებები ნატოს სამიტზე სექტემბერში”.
დაახლოებით 6 თვის წინ პრაქტიკულად კვალი აღარ იყო დარჩენილი იმ შეშფოთების, რაც გამოითქვა აგვისტოს ომის შემდგომ დღეებსა და კვირებში და რუსეთთან გაგრძელდა ურთიერთობა მათი მხრიდან, პრაქტიკულად, როგორც იყო მანამდე...
დავით უსუფაშვილი

როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებისადმი მიძღვნილ სესიაზე გამოსვლისას, ასევე ევროპელ კოლეგებთან პირისპირ შეხვედრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვილნიუსში მუდმივად ხაზს უსვამდა საფრთხეს, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთის სამიზნე შესაძლოა საქართველო გახდეს და რომ დასავლეთის მეტი აქტიურობა ახლა ჰაერივით არის საჭირო:

”დაახლოებით 6 თვის წინ პრაქტიკულად კვალი აღარ იყო დარჩენილი იმ შეშფოთების, რაც გამოითქვა აგვისტოს ომის შემდგომ დღეებსა და კვირებში და რუსეთთან გაგრძელდა ურთიერთობა მათი მხრიდან, პრაქტიკულად, როგორც იყო მანამდე, მაშინ როცა რუსეთს არ ჰქონდა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები და აგრძელებდა დარღვევას ყველა იმ ნორმის, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტია. წარსულს ვეღარ დავაბრუნებთ, მაგრამ დღევანდელი გაერთიანებული ევროპა - ერთ პოზიციაზე, მკაფიო პოზიციაზე მყოფი ევროპა - ეს არის არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, არამედ ჩვენი მომავალი წარმატებების გარანტიც”.

როგორც სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, თეორიულად შესაძლებელია, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენის მსურველმა ძალამ მოახერხოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის კვლავ ხელყოფა. თუმცა ახლა მაინც სხვა დროა და მოვლენები, დიდი ალბათობით, სულ სხვა სცენარით განვითარდება:

”მე ვთვლი, რომ ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერა სულ უფრო და უფრო მზარდია საქართველოსთან მიმართებაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით და ნატოს სამიტზე საქართველოს პროგრესის დაფიქსირებით, საქართველო არა თუ არ გაქრება, არამედ ძალიან მალე შეუერთდება საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის დიდ ოჯახს ერთხელ და სამუდამოდ”.
არანაირ პირდაპირ სამხედრო დახმარებაზე ნატოს მხრიდან - რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში - საუბარი არც ყოფილა და არც იქნება. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ არ დავუშვათ ეს აგრესია. უნდა ვიყოთ მაქსიმალურად რეალისტები, უპირველეს ყოვლისა...
ხათუნა ლაგაზიძე

ასოცირების შესახებ შეთანხმებას, უკრაინის მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველო დაჩქარებული წესით, ივნისში მოაწერს ხელს. ხოლო როგორც ნატოს ხელმძღვანელი პირები ამბობენ, უელსის სამიტზე, სექტემბერში, სათანადოდ უნდა შეფასდეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. თუმცა იქნება თუ არა ეს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP), ამაზე ახლა კონკრეტული პასუხი არავის აქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შეახსენა ევროპელ კოლეგებს, რომ ნატოსკენ სვლა რუსეთის აგრესიას იწვევს, სარისკოა საქართველოსთვის და, შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, რას უნდა მოველოდეთ ალიანსისგან, ”თუ საქართველო რუსეთის მორიგი სამიზნე გახდება”.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა რეალური სიტუაციის ადეკვატური გააზრებაა. რადგანაც ნატო საქართველოს გამო ომს არავისთან დაიწყებს, საქართველოს მაქსიმალური სიფრთხილე ჰმართებს:

”არანაირ პირდაპირ სამხედრო დახმარებაზე ნატოს მხრიდან - რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში - საუბარი არც ყოფილა და არც იქნება. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ არ დავუშვათ ეს აგრესია. უნდა ვიყოთ მაქსიმალურად რეალისტები, უპირველეს ყოვლისა, და, მეორე მხრივ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილები. ნებისმიერი სახის პროვოკაცია და ნებისმიერი სახის საბაბი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთის პირდაპირი სამხედრო აგრესია, უნდა იყოს გამორიცხული”.

მიუხედავად იმისა, რომ ნატოსკენ სვლა სარისკოა საქართველოსთვის, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ გზას ხათუნა ლაგაზიძე უალტერნატივო გზად მიიჩნევს. ხოლო თუკი ამ ეტაპზე ალიანსი საქართველოსთან მიმართებით განსაკუთრებით არ აქტიურობს, პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, ამას ერთგვარი ტაქტიკური უკან დახევაც შეიძლება ვუწოდოთ, რაც რუსეთის აგრესიის შეკავებას ემსახურება. გარკვეულწილად, ამავე ჭრილში განიხილავს ის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, 26 მარტის განცხადებას, რომ „არც უკრაინა და არც საქართველო არ დგანან ნატოში გაწევრიანების გზაზე” და რომ ”ამ ეტაპზე არ არსებობს ნატოს გაფართოების გეგმა”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG