Accessibility links

logo-print
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი ქორდის მცხოვრებ დავით კიკვილაშვილის გათავისუფლების საქმეში აქტიურად არის ჩართული. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და, თავის მხრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც მუშაობს.

38 წლის დავით კიკვილაშვილი ამჟამად ცხინვალის იზოლატორში ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით არის გადაყვანილი. ამის შესახებ ოჯახის წევრებს ქართველმა სამართალდამცავებმა აცნობეს. კიკვილაშვილის კვალი შაბათ საღამოს დაიკარგა, როდესაც ის მეზობელი სოფლიდან, არბოდან, სახლისკენ მიდიოდა. დაკავებულის სახლი საოკუპაციო გამყოფი ხაზიდან 150 მეტრში მდებარეობს, ამიტომ ოჯახის წევრები და მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ კიკვილაშვილს ეს ხაზი უნებურად დაერღვია. დაკავებულის დედა ციური ხაჩიური ამბობს, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მუდმივად მედიკამენტებს იღებს და ცხინვალის ციხეში დიდხანს ვერ გაძლებს.

დიცის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზაქარია ვატიტაძე აცხადებს, რომ ყველაზე პრობლემური ადგილი დიცასა და ქორდს შორის არსებული სასაფლაოა, სადაც ცოტა ხნის წინ რუსეთის მესაზღვრეები საოკუპაციო ღობეებს ავლებდნენ, ვატიტაძე ვარაუდობს, რომ კიკვილაშვილი ამ ტერიტორიიდან წაიყვანეს.

ქორდის და დიცის ტერიტორიიდან ადამიანების დაკავება ხშირად ხდება. ამ სოფლების მცხოვრებთა აზრით, კიდევ უფრო დიდი საფრთხე მას შემდეგ შეიქმნება, როცა საქონელი მინდვრებში გავა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასული საქონლის გადმოსარეკად მისულ მწყემსებს მესაზღვრეები ხშირად აკავებენ ხოლმე.

ქორდსა და დიცში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძეც ჩავიდა, იგი დაკავებულის ოჯახის წევრებს შეხვდა და ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ახლა სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს, არაერთი ადგილობრივი მცხოვრები სწორედ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საკუთარ ნაკვეთში მუშაობს. იქვე ახლოს სოფლის საძოვარიცაა. ამიტომ ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. რაც შეეხება დავით კიკვილაშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მას გაათავისუფლებენ, როგორც კი ოჯახი ეგრეთ წოდებულ 2000 რუბლიან ჯარიმას გადაიხდის.
XS
SM
MD
LG