Accessibility links

logo-print
გორის საკრებულოს გადაწყვეტილებას ცენტრალურმა ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია და პარლამენტში თვითმმართველობების ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ოპტიმიზაციის „ერთს პლუს ერთი“ ვარიანტი გადაგზავნა. გასულ კვირას ადგილობრივმა თვითმმართველობამ „ერთს პლუს ხუთ“ ვარიანტს დაუჭირა მხარი, რაც გორის ამჟამინდელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ცალკე ქალაქის გარდა, კიდევ 5 მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა. პარლამენტში გაგზავნილი პროექტის მიხედვით კი, ცალკე თვითმმართველი ერთეული იქნება ქალაქი გორი, პირდაპირი გზით არჩეული მერით, ხოლო მუნიციპალიტეტის სოფლები შექმნიან ერთ მსხვილ მუნიციპალიტეტს, ასევე არჩეული გამგებლით და საკრებულოთი. გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტის წევრების აზრიც ორ ნაწილად გაიყო და ფინანსთა მინისტრის პოზიციამ გაიმარჯვა.

მთავრობაში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მეტ დეცენტრალიზაციას და მეტი თვითმმართველი ერთეულის შექმნას უჭერდნენ მხარს. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ელენე ნიჟარაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის რეფორმა, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ნაწილობრივ ხორციელდება.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი პარტიის მსგავსად, „ერთს პლუს ხუთ“ ვარიანტს მხარი არც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუჭირა. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის გენერალური მდივანი კახა ლობჟანიძე ამას ფინანსური და ადმინისტრაციული მოუმზადებლობით ხსნის.

თვითმმართველობის არაერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ მომავალი თვითმმართველობის შემდეგ ისევ ცენტრალიზებულ, ვერტიკალურ მმართველობას მივიღებთ. სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნებისთვის საქართველოს უსაფრთხოების სამსახური (სუს) და გუბერნატორები ადგილებზე მმართველი კოალიციის კადრებს არჩევენ, ექსპერტების აზრით კი, ასე შერჩეული საკრებულოს წევრების, მერებისა და გამგებლების დამოუკიდებლობის ხარისხზე საუბარი ზედმეტია. პოლიტოლოგი შალვა ტლაშაძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ერთს პლუს ერთი ისევ ერთის ტოლია. იგი იხსენებს 2002 წლის თვითმმართველობას, როცა ქალაქისა და რაიონის ადმინისტრაციები ერთ შენობაში ისხდნენ და უფრო გავლენიანი ცენტრალიზებული რაიონული მმართველობა იყო. მისი აზრით, არსებობს საფრთხე, რომ იგივე სურათი მივიღოთ. პოლიტიკურ პარტიებს კი არ აღმოაჩნდათ არც სურვილი და არც ნება, რომ რეალური თვითმმართველობისთვის დაეჭირათ მხარი.

საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში გაგზავნილი ადმინისტრაციულ -ტერიტორიული ოპტიმიზაციის პროექტი პარლამენტმა დადგენილებით გასულ პარასკევს უკვე მიიღო. დეპუტატების უმრავლესობამ მხარი „ერთს პლუს ერთ“ ვარიანტს დაუჭირა.
XS
SM
MD
LG