Accessibility links

logo-print

დასავლეთი იმედით უყურებს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებას


ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი სახელმწიფოს წარმომადგენლები ვენაში ორდღიან მოლაპარაკებებს გამართავენ, რომლის დროსაც მხარეები შეეცდებიან თეირანის სადავო ბირთვული პროგრამით გამოწვეული დაძაბულობის შესამცირებლად გრძელვადიან შეთანხმებას მიაღწიონ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი, რომელიც თეირანის დელეგაციას ხელმძღვანელობს, იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები ორდღიანი მოლაპარაკებების დროს ვენაში საკმაო პროგრესს მიაღწევენ და მაისისთვის მზად იქნება სრულყოფილი პროექტი, რომელიც საბოლოო დ 20 ივნისს შეთანხმდება. აღნიშნულ ვადებზე ისაუბრეს გასულ კვირაში აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც, რომლებიც იმედოვნებენ, რომ შეთანხების პროცესი მაისისათვის დაიწყება.

ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ვენაში 9-10 აპრილს დაგეგმილ საერთაშორისო მოლაპარკებათა მორიგ რაუნდს „უაღრესად არსებითი“ უწოდა ევროკავშირის საგარეო-უწყების ლიდერის, კეტრინ ეშტონის, ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაიკლ მენმა:

„რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ჩართულნი ვართ ძალიან დეტალურ და არსებით მოლაპარაკებებში და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესი წინ წავიდეს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს არის კარგი შეთანხმება. ჩვენ ნამდვილად გვინდა რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ პროგრესს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია შეთანხმების ხარისხი. ეს უნდა იყოს შეთანხება, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. ამიტომ ვიმუშავებთ მთელი ძალით ამის მისაღწევად“.

ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი სახელმწიფოს დელეგაციების მოლაპარაკებები 20 იანვარს დაიწყო და მხარეებმა საბოლოო შეთანხების მიღწევამდე საკმაო დრო ითხოვეს. არსებით უთანხმოებას იწვევს ირანის მიერ შემუშავებული ურანის გამდიდრების პროგრამის ჩარჩოები. აშშ, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ესწრაფვიან დაიყოლიონ ირანი ისეთ უკიდურესად ლიმიტირებულ პროგრამაზე, რომელიც გამორიცხავდა ბირთვული იარაღის დასამზადებლად საჭირო მაღალგამდიდრებული მასალების წარმოებას. ირანი კი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული სამრეწველო პოტენციალი მხოლოდ დაბალგამდიდრებული რეაქტორის საწვავისათვის გამოიყენება.

დასავლეთი გრძელვადიანი პროგრესის მიღწევისათვის ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევს ასევე ირანის უარს, მსჯელობის საგნად იქცეს მის ხელთ არსებული შორი რადიუსის მოქმედების რაკეტების პროგრამა. ირანი აცხადებს, რომ რაკეტები ჩვეულებრივი შეიარაღების კატეგორიას განეკუთვნება, თუმცა აშშ-სა და მის მოკავშირეებს, რომლებიც შიშობენ, რომ თეირანის მიერ შემუშავებული რაკეტები შეიძლება ბირთვული ქობინების გადასატანად გამოიყენონ, სურთ, რომ შეზღუდვა ირანის სარაკეტო პროგრამაზეც გავრცელდეს.

ამ დაპირისპირებაში რუსეთი და ჩინეთი შუალედურ პოზიციას იკავებენ.
XS
SM
MD
LG