Accessibility links

logo-print

ირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები განაგრძობენ მოლაპარაკებას


ირანის და მსოფლიოს ექვსი წამყვანი სახელმწიფოს წარმომადგენლები ვენაში განაგრძობენ ორდღიან მოლაპარაკებას, რომლის მიზანია პროგრესის მიღწევა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმების გზაზე. სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატის სიტყვებს, რომ მხარეებს შორის კვლავ რჩება „მნიშვნელოვანი განსხვავებები“, მაგრამ მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეები კვლავ მიზანმიმართულად ცდილობენ შეთანხმების დათქმულ ვადამდე, 20 ივლისამდე მიღწევას. ვრცელდება ირანელი მაღალჩინოსნის სიტყვებიც - რომ მოლაპარაკება „რთულ“ ფაზაში შევიდა. მოლაპარაკებაში მონაწილეობენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი და ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები. მხარეები ცდილობენ გრძელვადიანი ხელშეკრულებით ჩაანაცვლონ დროებითი შეთანხმება, რომელიც იანვარში ამოქმედდა. ახალმა ხელშეკრულებამ უნდა გაანეიტრალოს დასავლეთის შეშფოთება, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ირანს სურს მოიხსნას მკაცრი საერთაშორისო სანქციები, რომლებიც მას ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამო დაუწესდა.
XS
SM
MD
LG