Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ არ ვივიწყებთ 9 აპრილის გმირებს


2014 წლის 9 აპრილი
2014 წლის 9 აპრილი
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით 4 აპრილს დაწყებული საპროტესტო გამოსვლები სასტიკი დარბევით დასრულდა: სპეცოპერაციისას, რომელსაც გენერალი როდიონოვი ხელმძღვანელობდა, დაიღუპა 21, ხოლო სხეულის მძიმე დაზიანება და ინტოქსიკაცია მიიღო ასობით ადამიანმა.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად რუსთაველის გამზირზე, ტრადიციულად, წელსაც ბევრი ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ როგორც 25 წლის წინანდელი მოვლენების უშუალო მონაწილენი, ასევე მოქმედი პოლიტიკური ლიდერები. საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენები გადასცა.
ჯარს სჭირდებოდა მცირე საბაბი, რომ მთელი მიტინგი გაეჟლიტა, ლიკვიდაცია გაეკეთებინა, მაგრამ ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ შეიარაღებული წინააღმდეგობა ვერ ნახეს...
იზოლდა ჭილაძე
1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად ხალხმა რუსთაველის გამზირზე შეკრება ჯერ კიდევ გამთენიისას დაიწყო. პარლამენტთან მისულებმა დაანთეს სანთლები და დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. „მე აქ ვიდექი“ - ასეთი წარწერა უმშვენებდა მკერდს თემურ ლაბაძეს, 60 წელს მიტანებულ თბილისელ პედაგოგს:

„იმისთვის ვიდექი აქ, რომ ქვეყანას თავისუფლება მიეღო, ურდოში წასვლა და იქიდან ნებართვის აღების აუცილებლობა რომ არ ყოფილიყო. ის, რაც ეროვნულმა მოძრაობამ წამოიწყო, ეს იყო ქართველი ხალხის ისტორიული ნატვრა. მე სხვაგან ვერ დავდგებოდი!“

თუმცა 25 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დგომა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. საბჭოთა არმიისა და შინაგანი ჯარების ნაწილებმა - ხელკეტებით, მესანგრის ნიჩბებითა და მხუთავი გაზით - სასტიკად დაარბიეს საპროტესტო აქციის მშვიდობიანი მონაწილეები, რომელთა შორის იყო იზოლდა ჭილაძე - სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა თანამშრომელი:
საბჭოთა ტანკი თბილისში, რუსთაველის გამზირზე. 1989 წლის 8 აპრილი
საბჭოთა ტანკი თბილისში, რუსთაველის გამზირზე. 1989 წლის 8 აპრილი
„ჯარს სჭირდებოდა მცირე საბაბი, რომ მთელი მიტინგი გაეჟლიტა, ლიკვიდაცია გაეკეთებინა, მაგრამ ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ შეიარაღებული წინააღმდეგობა ვერ ნახეს. სერიოზული წინააღმდეგობის შემთხვევაში, ეგრევე ცეცხლს გაგვიხსნიდნენ“.

9 აპრილის ღამე თეატრალური ინსტიტუტის შენობაში გაატარა 9 აპრილის კიდევ ერთმა მონაწილემ, მანანა ჩხაიძემ, რომელიც მხუთავი აირით იყო მოწამლული და ქუჩაში გამოსვლა გათენების შემდეგ მოახერხა:

„დილით რომ გამოვედით, ჩამწკრივებულები იყვნენ ფარებით იქიდან და აქედან. ამ დროს, ჩემდა უნებურად, დავიწყე სიმღერა „ჩემო კარგო ქვეყანა“... იცით, რა საშინელ ხმებს გამოსცემდნენ ჯარისკაცები, როცა ფარების ბრახუნით წამოვიდნენ ჩემკენ? ჩემი დებიც იქ იყვნენ, ჩემი სიძეც... თურმე, ერთი მეგობარი საავადმყოფოში მეძებდა. ეგონა, რომ მომკლეს, რადგან ძალიან აქტიური ვიყავი და სულ აქ ვტრიალებდი“.

მანანა ჩხაიძისგან განსხვავებით, საბჭოთა ჯარისკაცის ნიჩაბს ვერ გადაურჩა
2014 წლის 9 აპრილი
2014 წლის 9 აპრილი
საპროტესტო აქციის 21 მონაწილე, რომელთა გმირობა საგანგებოდ დაფასდა 25 წლის შემდეგ:

„1989 წლის 9 აპრილს სამშობლოს წინაშე გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისათვის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდნენ სიკვდილის შემდეგ აზა ადამია, ალექსანდრე ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკატერინე ბეჟანიშვილი...“

9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებს პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილმა უმასპინძლა. ორდენების გადაცემის წინ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ სიმბოლური ჟესტით, საქართველო ეუბნება საზოგადოებას, მის აწმყოსა და მომავალს, რომ არ ივიწყებს თავის გმირებს:

„ჩვენ არ ვივიწყებთ იმ ადამიანებს, ვინც თავისი სიცოცხლით, თავგანწირვით შეძლო მაღალი იდეალის, თავისუფლების დაცვა და მოუტანა თავისუფლება თავის თანამემამულეებს“.
იმპერიას ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ საქართველოს მოსახლეობა დამოუკიდებლობის მოთხოვნისათვის დაესაჯა, თან დაესაჯა დიდი მსხვერპლით. ეს იყო განზრახვა, რომელზეც ხელს არ აიღებდა...
ნოდარ ნათაძე

თავისუფლება საქართველომ ტრაგიკული მოვლენებიდან ორი წლის თავზე მოიპოვა, როცა 1991 წლის 9 აპრილს, საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წლის შემდეგ ბევრი სვამს კითხვას, შეიძლებოდა თუ არა მსხვერპლის თავიდან აცილება. ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარეს ნოდარ ნათაძეს მიმართა:

„აცილება? ძალიან საეჭვოა! იმპერიას ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ საქართველოს მოსახლეობა დამოუკიდებლობის მოთხოვნისათვის დაესაჯა, თან დაესაჯა დიდი მსხვერპლით. ეს იყო განზრახვა, რომელზეც ხელს არ აიღებდა“.

ნოდარ ნათაძის თქმით, რუსეთის იმპერიას საქართველოს დასჯაზე დღემდე არ აუღია ხელი და ამის ყველაზე თვალსაჩინო დადასტურება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაა. 9 აპრილის მონაწილე თემურ ლაბაძეც ამბობს, რომ საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისათვის, რომლის მნიშვნელოვანი ეტაპიც არის 1989 წლის 9 აპრილი, ჯერ კიდევ გრძელდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG