Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი


თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარტინ ლიდეგორდი, რომელიც დღეს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს. მაია ფანჯიკიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მარტინ ლიდეგორდმა განაცხადა, რომ თბილისში იმყოფება, რათა კიდევ ერთხელ გამოხატოს საქართველოსადმი მხარდაჭერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე რამდენიმე თვით ადრე. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება სასიკეთო იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე თავად ევროკავშირისთვის და მათ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს. "როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე რუსეთის მხრიდან ხდება ზეწოლა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება როგორც მთლიანად ევროკავშირის, ისე მისი ცალკეული წევრი ქვეყნების ერთსულოვან და ძლიერ მხარდაჭერას", - განაცხადა მარტინ ლიდეგორდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაია ფანჯიკიძემ დანიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მხარდაჭერისთვის.
XS
SM
MD
LG