Accessibility links

logo-print
ვაკის, როგორც ხალხი ამბობს, “ბენდუქიძის” აუზის შესახებ იმდენი ვწერე, ერთ წიგნს გამოვცემდი უკვე. ამ ადგილმა სიგარეტისთვის თავი დამანებებინა, მძიმე დაავადება თითქმის ბოლომდე დამაძლევინა და არაერთი კარგი ადამიანიც გამაცნო; არა იმდენად “კლუბის წევრები”, რამდენადაც ე.წ. “მომსახურე პერსონალი”, ადამიანები, რომლებიც ჩემი ოჯახის წევრებივით იქცნენ; ყოველდღე ვხედავ და კარგი გამარჯობის, მოკითხვის, ყურადღების მეტი არაფერი მახსოვს მათგან.

ეს დაწესებულება ქართულ რეალობასაც ასახავს, იმას, თუ როგორ ეპყრობიან ადამიანებს შავ-შავ ჯიპიანი (“7”-იანის აუცილებელი ვარიაციით მანქანის ნომერში) “ახალი ქართველები” - ძველი ცეკას ყოფილი მდივნების შვილები, შვილიშვილები და ცხადია, ნაცმოძრაობის და ოცნების ეპოქაში დაწინაურებულ-გამდიდრებული ქართველობა, რომელსაც სალაპარაკოდ, ძირითადად, ორი თემა აქვს: “ნადირობა” და “მარხვა” - როგორ ეპყრობიან ადამიანებს და გარემოს.

მე არც ნადირობა მაინტერესებს და არც მარხვა. ამიტომ ამ ხალხთან კონტაქტში არ შევდივარ. თუმცა ერთხელ ვერ მოვითმინე და ერთ-ერთ ასეთ “კლუბის წევრს”, რომელმაც დიდხანს იწმინდა ყურები, შემდეგ ყურის ჩხირი სანაგვეს დაუმიზნა, მაგრამ მიზანში ვერ მოახვედრა, შენიშვნასავით მივეცი: დაგივარდათ-მეთქი, ვუთხარი. “არა უშავს, მოვა დამლაგებელი ბიჭი და მოუვლის”, მითხრა რაღაც წარმოუდგენელი ზიზღით სახეზე და ყურებიდან ფეხის გამშრალებაზე გადავიდა.

ბედი არ გინდა? მთელი ცხოვრება ვერ ვიტანდი მდიდარ ქართველებს. რაღაც ტრავმა მაქვს მიღებული ამ ხალხისგან და მაინცდამაინც ისე მოხდა, რომ ბოლო 5 წელია, დღის მნიშვნელოვან მონაკვეთს მათთან ერთად ვატარებ (ქვეყნის სათავეშიც ხომ მოგვევლინა ერთი). ერთხელ ვიფიქრე, გამოცდაა ეს, ალბათ, უნდა მოვახერხო როგორმე და დავუახლოვდე ამ ხალხს, რადგან ერთი რამ არის, რისიც ნამდვილად მჯერა - ზიზღი აბრმავებს და აზროვნების უნარს უკარგავს ყველას. ჰოდა, არ მინდა ვინმე მეზიზღებოდეს! ბოლო დროს თითქოს მივაღწიე კიდეც ამას, ჩემს თავს ვეუბნებოდი, არავინ მაძალებს აქ სიარულს, ამიტომ თუ ასეთი არჩევანი გავაკეთე, კეთილი უნდა ვინებო და გავუძლო სიტუაციას. იმასაც კი არ ვაქცევდი ყურადღებას, როგორ მიმართავდნენ აქ ახლად აყვანილ ზანგ ბიჭს, დამლაგებელს (დღეს აუზის მენეჯერმა გვითხრა, რომ ამ ყმაწვილის სამსახურში აყვანით დირექციამ ფაქტობრივად თავისი პოზიცია გამოხატა იმის მიმართ, რასაც “რასიზმი” ჰქვია): ახლად გამდიდრებული ქართველი პლებეი ზანგის დამცირებაში ცდილობდა თავის დამკვიდრებას; ასე გაზარდეს, ასე გაზარდა კულტურამ. “ჩვენ რა,ზანგები ვართ?” - ამბობდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ამაზე ეცინებოდათ ვიღაცებს. აგერ, ქვეყნის ყველაზე პოპულარულმა კაცმა, საქართველოს პატრიარქმა გვითხრა, მცხეთაში მხოლოდ მართლმადიდებლები და მონათლულები უნდა ცხოვრობდნენო, “ამინ, ამინ!” - იძახა ამ უკუნეთზე სრულიად მრევლმა.

ეს კულტურა რომ ნარცისულია, ყველაზე კარგად მოგზაურობის დროს გაიაზრებს კაცი. მახსოვს, თურქეთში პირველად რომ ვიმოგზაურე, როგორ გამაკვირვა თურქულ ავტობუსებში დაცულმა წესრიგმა და სისუფთავემ, გაოცებული დავრჩი, როცა თურქებმა შენიშვნა მოგვცეს, ხმამაღლა ნუ ლაპარაკობთო. და მერე, როცა საზღვარს აქეთ გადმოვედით და მატარებელში ჩავსხედით, როგორ ყარდა ქართული მატარებელი მოხარშული კვერცის და ოფლის სუნით. ჰო, ჰო, ის მატარებელი, რომელსაც გადაჰყავდა სრულიად ქართველობა, თურქებზე რომ ამტკიცებს ზოგჯერ, სუნი ასდით, არ ბანაობენო.

საერთოდ, სუნი ერთ-ერთი ყველაზე სუბიექტური შეგრძნებაა, რომელიც თეთრკანიანი დამპყრობლის კულტურამ თავის დროზე “დაახარისხა”. მახსოვს, ფრანგი კინორეჟისორი ანიეს ვარდა წერდა, ძალიან გაგვიჭირდა მაყურებლისთვის დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენი გმირი მონა ბერჟერონი (ფილმი “კანონის და სახურავის გარეშე”), უსახლკარო, მაწანწალა, რომელსაც ბანაობის და თავის მოწესრიგების საშუალება არა აქვს, პირველ რიგში კულტურის მსხვერპლიაო. ანიეს ვარდა გადაღების წინ ცხოვრობდა ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებში საფრანგეთის სამხრეთში, იმ ხალხში, ვინც ცხელი წყლის გადასახადს ვერ იხდიდა. დასაწყისში საშინლად შეგვაწუხა ამ სუნმა, გულიც კი გვერეოდაო, წერდა ვარდა, მაგრამ შემდეგ შევეჩვიეთ და ვეღარაფერს ვგრძნობდით. შესაძლებელია, იმიტომ რომ ეს ხალხი შეგვიყვარდა და სუნს საერთოდ აღარ ვაქცევდით ყურადღებასო.

ის ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც დღეს სამარცხვინოდ გამოაგდეს “ბენდუქიძის აუზიდან”, ნამდვილად არ მიეკუთვნებიან მონა ბერჟერონის კლასს. ესენი იყვნენ არაბი ბიზნესმენები დუბაიდან, რომლებმაც ქალაქის ყველაზე ძვირ საცურაო აუზში ვარჯიში მოინდომეს - დავარცხნილები და გამოპრანჭულები. რაიმე არასასიამოვნო სუნს მათგან მხოლოდ მაშინ თუ იგრძნობდა კაცი (თუ ქალი), სექსუალური კონტაქტი რომ ჰქონოდა. ისე, გამორიცხულია რაღაც სუნი ეგრძნო, კარგი ფრანგული სუნამოს არომატის გარდა.

მაგრამ დიმიტრი უზნაძე ქართველი იყო და “განწყობის თეორია” დაწერა.

როგორც კი კლუბის წევრებმა გასახდელში შემოსული არაბულად მოსაუბრე ექვსი თუ შვიდი ახალგაზრდა დაინახეს, ჯერ ერთმანეთთან გამოხატეს აღშფოთება - ისეთი ზიზღით უყურებდნენ, რომ შემეშინდა აქვე, გასახდელში არ აეტეხათ ბათქაბუთქი. კიდევ უფრო აგრესიულები ქართველი ქალბატონები აღმოჩნდნენ. ჩემმა მეგობარმა, სოფო შამანიდიმ მიამბო ქალებზე, რომლებმაც არაბების დანახვაზე წივილ-კივილი ატეხეს, ამ აუზზე დასასვენებლად მოვდივართ, ამხელა ფულს ვიხდით და არ ვაპირებთ ჩავიდეთ წყალში, სადაც ეს ბინძურები ბანაობენო. “მე ამ ხალხთან ვმუშაობ და ვიცი როგორ ყარან”, მიმტკიცებდა ერთი კლუბის წევრიო, მითხრა სოფომ და გაბრაზებული (სოფო შამანიდი საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველია ეთნიკურ უმცირესობასთან ურთიერთობის საკითხებში) შევიდა აუზის მენეჯერთან, როცა გაიგო, რომ არაბები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ აუზის ტერიტორია.

მენეჯერმა გვითხრა, რომ კლუბის წევრები აღშფოთდნენ, ეს არაბები ჰიგიენის წესებს არ იცავდნენ, ფეხშიშველები იყვნენ და საბანაო კოსტიუმიც არ ჰქონდათო. ჰოდა, ჰიგიენაზე ის ნადირობის მოყვარული, “მარხვადაცული” კლუბის ქართველი წევრი გამახსენდა, ყური რომ გამოიწმინდა “ზანგ დამლაგებელს” რომ უხმო, დაიკუზე და ჩააგდე ნაგავშიო.

არა, მეგობრებო, სისულელეა იმის მტკიცება, რომ ფაშიზმის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ყოფიერებაში უნდა ვეძებოთ და, რომ ცხოვრების დონის გაუმჯობესება, დასაქმება ქსენოფობიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. დღეს მე გადავეყარე ფაშიზმს იქ, სადაც ყველაზე მდიდარი, ყველაზე შეძლებული ხალხი იკრიბება საქართველოში. სწორედ ეს ფაშიზმია - „ვაკის ფაშიზმი“ - ყველაზე საშიში ქვეყნის განვითარებისთვის და ევროპასთან ჩვენი ინტეგრაციისთვის, რადგანაც ეს ფაშიზმი შობს არასრულფასოვნების ინსტინქტისგან დაბოღმილ პლებეებს, რომელთაც ქვეყნის თავზე შესკუპების და ადამიანთა მართვის ვნება მოსვენებას არ აძლევს. მათ მოსწონთ სწორედ “ზანგი დამლაგებლები”, რადგან თავიანთ უძველეს წინაპართან, თეთრკანიან მონათმფლობელთან კავშირს ხედავენ ასე. ხედავენ და სიამოვნებისგან კრუტუნებენ, როცა ვინმეს ამცირებენ... და არავინ იცის, როგორ სუნს გრძნობს მათგან ეს “ზანგი დამლაგებელი”. შესაძლებელია, მასაც არ სიამოვნებს თეთრკანიანი ქართველის სუნი, რომელიც კი ბანაობს დღეში სამჯერ, მაგრამ ზანგისთვის მაინც ყარს.

როგორ უნდა გავთავისუფლდეთ ქსენოფობიის მიმართ ზიზღისგან, არ ვიცი. თუმცა სოფო შამანიდის იდეა მომწონს, იდეა, როგორ “გამოვასწოროთ” ეს ადამიანები.

გამოაკარით აუზის შესასვლელში წარწერა, უთხრა სოფომ ვაკის აუზის მენეჯერს, ამ ამბებით მართლაც რომ ძალიან შეწუხებულ კაცს: “ჩვენს კლუბში ყველა ადამიანი თანასწორია, მით უმეტეს მაშინ, როცა შიშველია!”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG