Accessibility links

გაზეთ „პრემიერში“ დღეს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე ლაპარაკობს და რუსეთის მიმართ, მისი აზრით, არასათანადოდ მძაფრი და მკაცრი პოლიტიკის განუხორციელებლობის გამო აკრიტიკებს როგორც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, ასევე დასავლეთს. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს: „ჩვენ შეგვიძლია მივხვდეთ, რომ დასავლეთი სერიოზულად განეწყო იმ ტრაგედიის მიმართ, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეზე ხდება, თუ დავინახავთ, რომ ის ატარებს შემდეგ ზომებს: 1. აეროფლოტის ფრენების აკრძალვა ყველა დასავლურ ქვეყანაში; 2. დასავლეთის ქვეყნებში შესასვლელი ვიზების გაცემის შეზღუდვა რუსეთის მოქალაქეეებზე; 3. საბანკო ანგარიშების გაყინვა არა მარტო ფიზიკური პირებისათვის, არამედ ისეთი კომპანიებისთვის, რომელზეც ზის კრემლის მთელი ელიტა - „გაზპრომი“, „როსნეფტი“ და ა.შ. და კიდევ ერთი სერიოზული ღონისძიება, რამაც მოიტანა ყველაზე მთავარი შედეგი გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში - ახლო აღმოსავლეთში არაბული ქვეყნების მიერ ნავთობის ონკანის გახსნა“, - გრიგოლ ვაშაძე „პრემიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჩამოთვლის ღონისძიებებს, რომელთა განხორციელებასაც დასავლეთისგან ისურვებდა.

განსხვავებულ აზრს გამოთქვამს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში: „როცა ვხედავთ, რომ ამერიკამ და ევროპამ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე რუსეთს საკადრისი პასუხი ვერ გასცა, გამორიცხულია, რომ დღეს ვინმეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა აწყობდეს. ამჟამად დასავლეთი ძალიან დიდ სიფრთხილეს იჩენს და, პრინციპში, საქართველოსგანაც იგივეს ითხოვენ - მოზომილი პოლიტიკა უკვე ჯდება საერთო ინტერესებში“, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე. ის თვლის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „არ უნდა იყოს რუსეთის მიმართ აგრესიული გამოხტომები, ეს ყველაზე საშიშია“.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავას მიერ 11 აპრილისთვის დაანონსებულ განცხადებამდე, პრესის ინტერესის საგნად რჩება არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანების სავარაუდო სქემა. ნინო ბურჯანაძის მიერ წარმოდგენილი თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მაინც გამოთქვამს იმედს, რომ კახა კუკავა „დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოსთან“ შექმნილ კოალიციას შეუერთდება: „ამ ეტაპზე მისი გონიერების იმედი მაქვს. კარგი იქნება, თუ ერთად გავაგრძელებთ საქმიანობასო“, აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ნინო ბურჯანაძის პარტიასთან კოალიციაში გაერთიანებული „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ახვლედიანი კი კახა კუკავასთან კომუნიკაციაზე „ალიას“ ასეთ რამეს უყვება: „ამ ადამიანმა ძალიან ბევრი შემოთავაზება გაგვიკეთა. ჩემს მეილბოქსში მრავლადაა მისი წერილები, სადაც გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ. დღეს კი გამოდის და ამბობს, რომ თურმე „ქრისტიან-დემოკრატები“ რომ არიან ნინოსთან, ამიტომ აღრ უნდა ბურჯანაძესთან ლაპარაკი. ეს ძალიან არასწორი ქმედებაა, რბილად რომ ვთქვათ, არც პოლიტიკურში ჯდება და არც კაცურში“. კახა კუკავა იმავე „ალიას“ ეუბნება: „გიორგი ახვლედიანის ბოდვაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ბრიფინგზე მე ვილაპარაკე იმ მიზეზზე, რატომ არ მოხერხდა ნინო ბურჯანაძესთან გაერთიანებაო“.

„ახალ თაობას“ საქართველოში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის და ე.წ. „მაიდნის“ სცენარის საფრთხეზე ელაპარაკებიან უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე და ლეიბორისტი გიორგი გუგავა. კაკაბაძე თვლის, რომ „საქართველოში ნამდვილად არ არის ის პირობები, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რევანშით შეძლოს ხელისუფლებაში მოსვლა. ეს არის გამორიცხული. თუ ამას ხელისუფლება არ მიართმევს „პოდნოსით“ და არ გადაულოცავს ძალაუფლებას, მათ არანაირი პერსპექტივა, არამცთუ ამ უახლოესი არჩევნების შემდგომ, მგონი ათწლეულების მანძილზე არ ექნებათ პერსპექტივა პოლიტიკაში დაბრუნების“. ლეიბორისტი გიორგი გუგავა იმავე „ახალ თაობას“ ეუბნება: „ყველაზე მეტი საფრთხე ქვეყნისათვის არის ის პოლიტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. ყველაფერი აგებულია მმართველი პარტიის მხრიდან და ეს, სხვათა შორის, შეთანხმებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ აი, ასეთ შოუებზე გადაერთოს მოსახლეობა...“
XS
SM
MD
LG