Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრი ტოვებს თანამდებობას


აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, თანამდებობას ტოვებს ჯანდაცვის მინისტრი კეთლინ სებელიუსი. ეს თანამდებობა მას 2009 წლიდან ეკავა. ამ გადაწყვეტილების შესახებ 11 აპრილს საღამოს ოფიციალურად გამოცხადდება. ამერიკული მედიის ცნობით, სებელიუსის განცხადება გადადგომის შესახებ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიმდინარე კვირის დასაწყისში მიიღო. მოელიან, რომ ჯანდაცვის მომავალ მინისტრად ბარაკ ობამა დაასახელებს სილვია მეთიუს ბერუელის კანდიდატურას. ის ახლა ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო უწყების დირექტორია. კეტლინ სებელიუსმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო, თუმცა, როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, თეთრი სახლი უკმაყოფილო იყო მისი მუშაობით, რაც გასულ წელს „ობამა-ქეარის“ სახელით ცნობილი ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ტექნიკურად წარუმატებელ სტარტს მოჰყვა. ახალი სისტემით ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის საშუალება ეძლევათ მათაც, ვისაც ის არასდროს ჰქონია. პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ რეფორმას თავის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად თვლის. თუმცა, ახალი სისტემის ამოქმედების საწყის ეტაპზე აშშ-ის ბევრ მოქალაქეს, ვისაც სადაზღვევო პოლისის მიღება სურდა, ინტერნეტ-ბირჟის გადატვირთულობის გამო სირთულე შეექმნა. გასული წლის ოქტომბერში კონგრესში გამართულ მოსმენაზე კეტლინ სებელიუსმა განაცხადა, რომ საიტების გაუმართაობის გამო პასუხისმგებლობა მთლიანად მას უნდა დაეკისროს.
XS
SM
MD
LG